LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს ჩვენ გვაქვს სრულყოფილი კონსტიტუცია – კვირიკაშვილი

67

ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების წინაპირობა და გარანტი საქართველოს კონსტიტუციაა, რომლის ახალმა რედაქციამაც უზრუნველყო მისი შესაბამისობა საუკეთესო ევროპულ სტანდარტებთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა კონსტიტუციური მართლმსაჯულების ასოციაციის კონგრესზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, განხორციელებული ცვლილებების შედეგად, საქართველოს აქვს სრულყოფილი კონსტიტუცია.

„დღეს ჩვენი ქვეყნისთვის, რომელიც დემოკრატიისა და ევროინტეგრაციის გზას ადგას, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კონსტიტუციის მოთხოვნათა შესრულების უზრუნველყოფა და სახელისუფლებო სტაბილურობის განმტკიცება, რისი გარანტიც სწორედ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოა. ამ დარბაზში მე ვხედავ ადამიანებს, რომლებიც საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან მოყოლებული, იდგნენ ქართული დამოუკიდებელი მართლმსაჯულების სისტემის სათავეში, როგორც უზენაესი, ასევე საკონსტიტუციო სასმართლოს სათავეში და მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ამ ადამიანებს, მათ მიერ გაწეული ღვაწლისთვის. და ბოლოს, დარწმუნებული ვარ, ეს კონგრესი ღირებულ საფუძველს შექმნის საქართველოსა და ევროპის ქვეყნების, როგორც ეროვნული, ისე რეგიონული სასამართლოების ინსტიტუციური დიალოგის განვითარებისთვის და ამით ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის სამართლებრივი სისტემის დაახლოებას ევროპულ სამართალთან,” – განაცხადა პრემიერმა.

მისი თქმით, საპატიო და სასიხარულოა, რომ პირველი დამოუკიდებელი ქართული რესპუბლიკის გამოცხადების 100 წლის იუბილეზე და დამოუკიდებელი საქართველოს  პირველი კონსტიტუციის მიღებიდან 97 წლის თავზე, საქართველო  მასპინძლობს ბალტიისპირეთისა და შავი ზღვის რეგიონების ქვეყნების კონსტიტუციური მართლმსაჯულების ასოციაციის კონგრესს.

ამასთან, მისი შეფასებით, მისასალმებელია, რომ ასოციაციის წევრი ქვეყნები გაერთიანდნენ საერთო მიზნების გარშემო, რომლებიც ითვალისწინებს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ხელშეწყობას, საკონსტიტუციო სასამართლოების დამოუკიდებლობის მხარდაჭერას, კანონის უზენაესობის პრინციპების დამკვიდრებას და ასოციაციის წევრ ქვეყნებს შორის გამოცდილების გაცვლას.

ამავე დროს, პრემიერის განცხადებით, წევრი ქვეყნების საკონსტიტუციო სასამართლოები ორიენტირებულნი არიან,  გააძლიერონ კონსტიტუციური მართლმსაჯულება თავიანთ  ქვეყნებში, ხელი შეუწყონ  დიალოგს  კონსტიტუციურ მართლმსაჯულებასთან დაკავშირებულ საკითხებზე და გააღრმავონ ორმხრივი თანამშრომლობა ამ მიმართულებით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები