LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძალადობა სკოლებში, ქუჩებსა და ოჯახებში – ბავშვების, სფეროს ექსპერტებისა და სახელწმიფოს პოზიცია

210

“სახელმწიფოს დანაშაულის პრევენციის პოლიტიკა არ გააჩნია,” – ასეთია არასამთავრობო სექტორის შეფასება არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილ დანაშაულებსა და ძალადობის წინააღმდეგ სახელმწიფოს პოლიტიკასთან მიმართებით.

დანაშაულის პრევენცია საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით სამ დონეზე ხორციელდება. პირველადი დონის სამიზნე ჯგუფი ყველა ბავშვია და აქ პრევენციის განხორციელების პასუხისმგებლობა საგანმანათლებლო და სოციალურმა სისტემებმა უნდა იტვირთონ; მეორე დონეზე მუშაობა უშუალოდ რისკ-ჯგუფებთან მიმდინარეობს –  ბავშვებთან, რომელბიც ანტი სოციალურ ქცევას ავლენენ; მესამე დონის პრევენცია კი დანაშაულის ჩადენის შემდეგ მისი გამორების საფრთხის თავიდან აცილებას გულისხმობს.

სფეროს სპეციალისტები განმარტავენ, რომ დანაშაულის პრევენციისთვის მნიშვნელოვანია, რა კეთდება მაშინ, როცა ბავშვი ანტისოციალურ ქცევას ავლენს. 

 

ბავშვების ხმა 

მე-12 კლასელი ბექა

ჩვენს სკოლაში ბულინგი არ ხდება. იმის გამო, რომ ბავშვები ცოტანი ვართ, ყველა ერთმანეთის ნაცნობია. მეორე მიზეზი შეიძლება, ის იყოს, რომ ჩვენს სკოლაში მანდატურები თავის საქმეს აკეთებენ, ყველა თავის საქმეს აკეთებს. პატარ-პატარა გაუგებრობები კი, ჩემი აზრით, ყველა სკოლაში და დაწესებულებაში შეიძლება, მოხდეს, რომელიც შეიძლება, კლასში მოგვარდეს, შეიძლება კლასგარეთ, მაგრამ გარჩევა, სკოლიდან რომ სადმე წავიდეთ, ასეთი რამ არ ყოფილა. პატარა უსიამოვნება შეიძლება, იყოს. ასეთ დროს თემას გააჩნია, უკვე მე-12 კლასში ვარ და ჩემს პრაქტიკაში ყოფილა ისეთი შემთხვევები, როცა მასწავლებელი ჩაგვირევია, რჩევა გვიკითხავს, მანდატურიც ასევე და მათგანაც მიგვიღია რჩევები. მასწავლებლის და მანდატურის ჩართულობით ხდება ხოლმე სიტუაციის დარეგულირება. ფსიქოლოგი, სამწუხაროდ, არ გვყავს. მაგრამ არის საკითხები, სადაც მასწავლებლის ჩარევა არ არის საჭირო და შეიძლება, ისევ ბავშვების დონეზევე მოხდეს მისი განმუხტვა. ასეთი შეიძლება იყოს რაიმე პირადული. 

 

მე-12 კლასელი მარი 

პედაგოგების მხრიდან დაჩაგვრა არ ყოფილა. მოსწავლეებს რაც შეეხება, მძაფრი არაფერი, მაგრამ მსუბუქი დაცინვა და ვერბალური შეურაცხყოფა ყოფილა. ამ დროს ძირითადად ისევ ბავშვები თუ გაარკვევენ, არ ხდება უფრო ზემოთ მყოფების, იგივე მასწავლებლის ჩარევა. მასწავლებლამდე იშვიათად მიდის ხოლმე ასეთი რამ იმიტომ, რომ ძალიან მძაფრად არ ყოფილა ეს. უბრალოდ, ვიღაცას შეიძლება, არ მოსწონდეს, როგორ გამოიყურება ადამიანი და ამის გამო დასცინოს. სიმართლე გითხრათ, ასეთ დროს გარკვევა არ ხდება. უბრალოდ, თვითონ ის ბავშვი, ვინც ახორციელებს ბულინგს, თუ გაიზრდება, ჩამოყალიბდება და მიხვდება, რომ არასწორია. აი, ეს არის და, თუ სხვა ბავშვები არიან ბულინგის მსხვერპლთან ერთად და დაეხმარებიან და შეეცდებიან, რომ გაარკვიონ ვითარება, მაშინ ხდება აღმოფხვრა და უკვე აღარ მეორდება.

ბავშვებს შორის უთანხმოების დროს მასწავლებლები ვერ ერთვებიან, იქიდან გამომდინარე, რომ მოსწავლეები არ აყენებენ საქმის კურსში და ვერ ხდება რაღაცების აღმოფხვრა. ძალადობას რომ ჰქონოდა ადგილი და ა.შ. კიდევ ჰო, მაგრამ სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო, არავის რეაქცია არა აქვს იმიტომ, რომ არც იციან. არ ესწრებიან ასეთ მომენტებს მასწავლებლები. ბავშვები ვამჩნევთ, თუ ვინმეს დაძაბული ურთიერთობა აქვთ, იმიტომ რომ ჩვენ ახლო ურთიერთობა გვაქვს და იგივე დასვენებებზე, სკოლის გარეთ ვხვდებით და ვხედავთ, როგორი დამოკიდებულებაა მათ შორის, მაგრამ მასწავლებლების ჩართულობა არ არის, იმიტომ რომ არ იციან. 

 

არასამთავრობო ორგანიზაციების მოსაზრებები 

“პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” წარმომადგენელი, ანა არგანაშვილი, ამბობს, რომ მასწავლებლებს არანაირი ინსტრუმენტი არ აქვთ ბულინგის ამოცნობისა და მართვისთვის. მისი თქმით, განათლების სამინისტროს დღემდე არანაირი ინსტრუქცია ან გაიდლაინი არ მოუმზადებია და განსახორციელებლად არ დაუვალებია სკოლებისთვის იმის შეასახებ, თუ ზუსტად ვინ, რის შემდეგ, რა უნდა გააკეთოს ბულინგის დროს. 

“მასწავლებლებს ხელში არანაირი ოფიციალურად დამტკიცებული ტესტი ან ინსტრუმენტი არ უჭირთ ბულინგის ზუსტი ამოცნობის და შემთხვევის მართვისთვის. პირდაპირი წესით, არც ის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი ე.წ. რეფერირების დოკუმენტი არ აწესრიგებს, ერთ-ერთ გადაცემაში რომ ახსენეს. ბულინგზე დირექტიული საუბრები, დირექტორის ოთახში გასაუბრება და მშობლის დაბარების შედეგი არის  ნული და არ მოქმედებს,” – ამბობს ანა არგანაშვილი. 

“ბულინგთან დაკავშირებით განათლების სამინისტრო პრობლემას არ აღიარებდა. პრობლემების არ დანახვამ საერთო ჯამში ეს პრობლემები გამოიწვია, რაც მივიღეთ.  რეფერირების პროცედურის თანახმად, მასწავლებელი რომ ძალადობას ამჩნევს, ვალდებულია, რომ ეს შეატყობინოს სოც მომსახურების სააგენტოს და შსს-საც. თუმცა, აღმოჩნდა, რომ ამის შესახებ მხოლოდ 3-დან 5%-მდე მასწავლებელმა თუ იცის. მასწავლებლების ინფორმირებისა და გადამზადების საკითხი დგას. ხშირად არასწორი დამოკიდებულება აქვთ, რომ ბავშვებთან მიდგომა უნდა გაამკაცრონ, დასაჯონ. ეს პრობლემებს არ გადაჭრის. სამოქალაქო განათლებას უნდა იღებდეს ბავშვი, რომელსაც ახლა ხან ბიოლოგიის, ხან ქიმიის მასწავლებელი ასწავლის, ეს კიდევ ცალკე პრობლემაა,” – ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია “ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისთვის” წარმომადგენელი, ტატო ქელბაქიანი.

თუმცა, სკოლის გარდა, მნიშვნელოვანია რისკების იდენტიფიცირება ოჯახურ გარემოშიც. ამ მიმართულებით, როგორც ტატო ქელბაქიანი ამბობს, სოციალური მომსახურების სააგენტომ უნდა იმუშავოს.

“ხშირ შემთხვევაში, ოჯახური ძალადობა ერთ-ერთი გამომწვევია ბავშვისთვის ძალადობის ნორმად ქცევის, ის  ძალადობის სხვა სივრცეში გადატანას ახდენს. ბავშვებს, რომლებიც რისკ-ჯგუფებში არიან, სხვადასხვა ტიპის სერვისებს უნდა სთავაზობდნენ, მათ შორის ოჯახის მხარდამჭერ სერვისებს. ამაში გადამწყვეტ როლს უნდა ასრულებდეს სოციალური მომსახურების სააგენტო, სოცმუშაკები, მაგრამ ჩვენ პრობლემებს ვხვდებით სააგენტოში, სოცმუშაკების რაოდენობა საკმარისი არაა, საშინლად გადატვირთულები არიან, ფსიქოლოგების რესურსი არ ჰყავთ საკმარისი. იყო შემთხვევები, 200-მდე ქეისი ჰქონდათ ერთდროულად, როგორ შეიძლება, ამ დროს მუშაობის ხარისხი ნორმალური იყოს,” – ამბობს ტატო ქელბაქიანი.

სკოლისა და ოჯახის გარდა, მნიშვნელოვანია ის სოციალური გარემო, უბანი, სადაც ბავშვი იზრდება და ამ პროცესში მნიშვნელოვანია შსს-ს როლი, ტატო ქელბაქიანი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ კონტროლის, ასევე ოჯახებთან მუშაობის თვალსაზრისით.

“შსს-ს როლზე როცა ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია, რომ პოლიციამ რისკ-ჯგუფების იდენტიფიცირება მოახდინოს, ოჯახთან მუშაობდეს და ა.შ.  კოდექსიდან გამომდინარე პოლიციელების გადამზადება რაღაც კუთხით მოხდა, მაგრამ მეორეა, რომ სპეციალური რეგულაციები და პროტოკოლები უნდა არსებობდეს მათთვის, როგორ უნდა იმოქმედოს ასეთ შემთხვევებში. ჯერჯერობით მათ არ გააჩნიათ ვალდებულება, რომ პრევენციასთან დაკავშირებით რაიმე აკეთოს,” – აცხადებს ტატო ქელბაქიანი.

მისივე თქმით, მესიჯები, რომ კანონმდებლობა უნდა გაამკაცრონ და ეს ლიბერალური კანონმდებლობის ბრალია, სწორი მიდგომა არ არის, რადგან გაეროს სტანდარტების მიხედვით, ბავშვებთა მიმართებით საპატიმრო ღონისძიებები უკიდურეს შემთხვევაში, მძიმე დანაშაულისთვის უნდა იყოს გამოყენებული. ქელბაქიანი განმარტავს, რომ ჩამოყალიბების სტადიაზე, ბავშვი ვერ აცნობიერებს დანაშაულს და ამიტომ მისი რეაბილიტაციის შანსიც უფრო დიდია, ვიდრე სრულწლოვნის შემთხვევაში, თუ მის ქცევის იდენტიფიცირება და შემდეგ ჩარევა დროული იქნება.

“კანონმდებლობის ლიბერალიზაციამ კი არა, პრევენციული პოლიტიკის არარსებობამ შექმნა ეს პრობლემები. აი, მაგალითს გეტყვით, 14 წლამდე ბავშვები, როცა ანტისოციალურ ქცევას ავლენს, ვთქვათ, ფანჯრებს ამტვრევენ, ან დანაშაულს სჩადიან, მათ პასუხისმგებლობა არ ეკისრებათ. ფაქტობრივად, ამ შემთხვევაში სახელმწიფო არაფერს აკეთებს, მთავარი ის კი არ არის, რომ ციხეში მოვათავსოთ, უბრალოდ, ეფექტურ რეაგირებაზეა საუბარი, რომ ოჯახებთან უნდა მოხდეს მუშაობა, პრევენციული ღონისძიებები უნდა გატარდეს. კვლევები გვაქვს ჩატარებული და ჩანს, რომ პოლიცია ელოდება, როდის გახდება ეს არასრულწლოვანი 14 წლის. არაფერს აკეთებენ, არ ერევიან მის ქცევაში, ვგულისხმობ საგანმანათლებლო, სოციალური დაცვის სისტემიდან ჩარევას. ფაქტობრივად, ვერ სთავაზობენ სერვისებს. ერთი მექანიზმია მხოლოდ მოფიქრებული, სამტრედიის სკოლა-პანსიონია, რომელიც ვერანაირ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს, შეიძლება იქ გადაიყვანონ. თუმცა, ინსტიტუციური მოპყრობა უნდა იყოს უკიდურესი ზომა,” – ამბობს ტატო ქელბაქიანი.

 

პირველი ნაბიჯები, რაც სახელმიწფომ უნდა გადადგას

იმ პირობებში, როცა ძალადობის და ბულინგის შესახებ სკოლაში, საზოგადოებაში და ამ სფეროს სპეციალისტებშიც კი ნაკლები ინფორმაციაა, ტატო ქელბაქიანი მიიჩნევს, რომ მასწავლებლებისა და სოციალური მუშაკების გადამზადება, მოსწავლეებისთვის სამოქალაქო განათლების ხელმისაწვდომობა პრიორიტეტული საკითხია. ქელბაქიანი ასევე მიუთითებს, რომ მონიტორინგის სისტემის ჩამოყალიბებაა საჭირო.

„კვლევები აჩვენებს, რომ პრობლემის გადაჭრისთვის ძალადობა ქვეყანაში მისაღები ფორმაა. სახელმწიფო გეგმა უნდა ჩამოყალიბდეს,  რა ნაბიჯებს გადადგამენ უწყებები შემდგომ წლებში, თავისი რესურსების, ბიუჯეტის მითითებით.  გასარკვევია, კანონმდებლობაში რა ცვლილებებია გასატარებელი. სოცმუშაკების, ფსიქოლოგების რაოდენობის გაზრდაა საჭირო, ეს თუ არ გააკეთეს, არაფერი ეშველება ამ სისტემას, მაგრამ მხოლოდ რაოდენობის ზრდა არ არის საკმარისი. დღეს სოციალური მუშაკი ყველაფერზე მუშაობს, საჭიროა გარკვეულ საკითხებზე ერთმა ჯგუფმა იმუშაოს, სხვა საკითხებზე მეორემ. ელემენტარულად გადაადგილების საშუალებაც არა აქვთ, ტრანსპორტს თავიანთი ხარჯებით აფინანსებენ. ფაქტობრივად, თუ კარგად მუშაობს, გამოდის, რომ ხელფასს ნაკლებს იღებს. ეს რა მესიჯია, რა მოტივაცია უნდა ჰქონდეს?

ყველაზე უცნაური ისაა, რომ ამ პრობლემებს ყველა აღიარებს, მათ შორის, სოც სააგენტოს ხელმძღვანელობა, სამთავრობო უწყებები, მაგრამ რესურსების გამოყოფა არ ხდება. მე მგონია, ეს სხვა პრობლემაზე მიუთითებს, რომ სოციალური მუშაკების როლი ბოლომდე გააზრებული არა აქვთ. თუ სოციალური სააგენტოს ინსტიტუციონალურ განვითარებას ხელს არ შეუწყობენ, ეს იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფოს არც ბავშვთა მიმართ, არც ქალთა მიმართ ძალადობა აინტერესებს და მათ შორის, არც მართლმსაჯულების სისტემა იმიტომ, რომ ესენი არიან ისინი, ვინც უნდა გამოავლინონ, მოახდინონ რეაგირება და ოჯახებთან იმუშაონ. კი არის დეკლარირებული, რომ ოჯახში ძალადობას ვებრძვით, მაგრამ ერთია განცხადებები და მეორეა, რა ნაბიჯებს დგამენ. ვერ ვხედავ, რომ რაიმე არსებითი კეთდებოდა აქამდე,“ -ამბობს ტატო ქელბაქიანი.

სოციალური მომსახურების სააგენტოს გამოწვევებზე საუბრობენ “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის” კვლევაშიც.

კვლევამ რამდენიმე მნიშვნელოვანი პრობლემა გამოავლინა, კერძოდ, სოციალურ მუშაკთა სიმცირე და სამუშაოს დიდი მოცულობა, კვალიფიკაციის ნაკლებობა, სოციალურ მუშაკთა დაბალი შრომითი ანაზღაურება და ფიზიკური უსაფრთხოების პრობლემები.

“ფორტუნა” აღნიშნულ საკითხზე სოციალური მომსახურების სააგენტოს პოზიციით და სამომავლო გეგმებითაც დაინტერესდა, თუმცა, უწყებაში ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებენ.

 

განათლების სამინისტროს პოზიცია და გეგმები ძალადობასთან ბრძოლის მიმართულებით

რა ცვლილებებს გეგმავენ და როგორ აპირებს სამინისტრო სკოლებში ძალადობასთან ბრძოლას, ამ ეტაპზე სამინისტროში კონკრეტულ ნაბიჯებზე ვერ საუბრობენ, თუმცა, ესმით, რომ დღეს, ამ კუთხით არსებული ვითარება მძიმეა და ცვლილებებია საჭირო.  როგორც “ფორტუნასთან” ნატა ასათიანმა განაცხადა, ამ მიმართულებით 2018 წლისთვის ხელშესახებ ცვლილებებს უნდა ველოდოთ.

“ბოლო დროის ამ უდიდესმა ტრაგედიამ, ცხადია, დაგვანახა, რომ ამ მიმართულებით მუშაობის გაძლიერებაა საჭირო. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებია, ანტიბულინგის და ძალადობის საწინააღმდეგო მრავალი პროგრამა ხორციელდება ცნობიერების ასამაღლებლად, თუმცა, ეს ცხადია, არ იყო საკმარისი  და სწორედ ამიტომ, ერთი მხრივ, შეიქმნა უწყებათაშორისო კომისია, რომელიც სკოლაში ძალადობის დასაძლევად, როგორც მოკლევადიან, ასევე გრძელვადიან გეგმაზე მუშაობს. გარდა ამისა, მინისტრს ინტენსიური შეხვედრები აქვს ფსიქოლოგებთან, განათლების სპეციალისტებთან. ცნობიერების ამაღლება სჭირდება როგორც მასწავლებელს, ასევე მშობელს და მოსწავლეს, რომ მიხვდეს, რა შემთხვევასთან აქვს საქმე, როგორ დაიცვას თავი, როგორ მოაგვაროს კონფლიქტი და რა რეაგირება მოახდინოს ნებისმიერი ფორმის ძალადობაზე.

“მშობლების ჩართულობისთვის, განათლების სამინისტრომ ბოლო წლების განმავლობაში დაიწყო სპეციალური პროგრამა, თუმცა, მას გადახედვა სჭირდება და კიდევ გაძლიერება. ცხადია, სკოლა დამოუკიდებლად ვერ მიაღწევს იმ შედეგს ამ მიმართულებით, რაც გვსურს, რომ დაიდოს, თუ მშობელი არ იქნება მასქსიმალურად ჩართული ბავშვის სასკოლო ცხოვრებაში. ძალიან მალე შეხვედრები, რომელიც ახლა მიმდინარეობს, ქმედით ნაბიჯებში გარდაისახება,” – განაცხადა ნატა ასათიანმა.

 

შსს-ის გეგმები ძალადობასთან ბრძოლის მიმართულებით

ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით შსს-ს გეგმებიდან ჯერ მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ საპატრულო პოლიცია სკოლების მიმდებარე ტერიტორიას გააკონტროლებს და მანდატურებსა და საპატრულო პოლიციას შორის კავშირი გაძლიერდება. რა როლი ექნება და ექნება თუ არა ამ მიმართულებით შსს-ს სხვა სოციალურ სივრცეში, ამაზე არაფერი თქმულა. “ფორტუნა” მეტი დეტალის გასაგებად უწყების პრესსამსახურს დაუკავშირდა, სადაც განმარტეს, რომ კომენტარი უწყებათაშორისი კომისიის ჯგუფის მომდევნო შეხვედრის შემდეგ გაკეთდება.

 

ამავე თემაზე: რატომ ვერ ხდება არასრულწლოვანთა დანაშაულების პრევენცია – ინტერვიუ ანა არგანაშვილთან 

 

 

თაკო ივანიაძე 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები