LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკა ამირეჯიბის პირველი ინტერვიუ „იმედზე“ გადასვლის შემდეგ – „ჩემი ცოლის დაქალებიდან არ წამოვსულვარ…“

371

ეკა ამირეჯიბი „იმედის“ სახე გახდა. ის „დღის შოუს“ უკვე უძღვება, ოქტომბრიდან კი არხზე მასშტაბური მუსიკალური პროექტი „ვოისი საქართველო“ დაიწყება, რომელსაც დუტა სხირტლაძესთან ერთად წაიყვანს.

შესაბამისად, ეკამ „რუსთავი 2“ დატოვა. კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება მისი გამოჩენა „ჩემი ცოლის დაქალებში“. მსახიობი მიიჩნევს, რომ ეს არხის გადასაწყვეტია,  „იმედსა“ და „ფორმულა კრეატივს“ ამ საკითხისადმი ლოიალური დამოკიდებულება აქვთ, ასე რომ, „რუსთავი 2“ გადაწყვეტს, გამოჩნდება თუ არა კვლავ მისი პერსონაჟი პოპულარულ სერიალში.

ეკა ამირეჯიბს „იმედზე“ გადასვლის შემდეგ პირველი ინტერვიუსთვის fortuna.ge დაუკავშირდა.

ვინაიდან „რუსთავი 2“-ში წლებია მუშაობ, შენი კონკურენტ არხზე გადასვლის გადაწყვეტილება ყველას გაუკვირდა…

ეკა ამირეჯიბი:

ჩემს გადაწყვეტილებაში განსაკუთრებული არაფერია, ადამიანები სამსახურს იცვლიან. გარკვეულ ეტაპზე ეს აუცილებელიც კია, თუმცა რა თქმა უნდა, ამ გადაწყვეტილების მიღება ადამიანური, პროფესიონალური თუ სხვა ბევრი ფაქტორიდან გამომდინარე, არ ყოფილა ჩემთვის  ადვილი. უბრალოდ,   ტელეკომპანია „იმედისგან“ ჩავთვალე, რომ უკეთესი შეთავაზება მივიღე და დავთანხმდი, ვინაიდან ჩემთვის ეს საინტერესოა, ახალი გამოწვევაა…

რაც შეეხება „ვოისს“, მას დუტა სხირტლაძესთან ერთად წავიყვან. „ვოისი“ მთელ მსოფლიოში ზერეიტინგული პროექტია. ბევრი ტალანტი სწორედ ამ შოუმ აღმოაჩინა მსოფლიოშიც და სხვათა შორის, საქართველოშიც.  ამ შოუს მთავარი ხიბლია ის, რომ აქ გადამწყვეტი არის მონაწილის ხმა და არა კოსტიუმი, ან გარეგნული მხარე. ხშირად თავად მწვრთნელებსაც უკვირთ საკუთარი გადაწყვეტილებები, შოუში ბევრი მოულოდნელობაა… ასე რომ, „იმედის“ მაყურებელს ემოციური წუთები და შთამბეჭდავი სანახაობა ელის წინ.

როგორც მომღერალს, როგორც ჩანს, ბრმა კასტინგის იდეა მოგწონს. თავად თუ მიიღებდი შოუში მონაწილეობას?

საკუთარ თავს მომღერალს არ ვუწოდებ. ვფიქრობ, საქართველოში ისედაც ბევრი ძლიერი ვოკალისტი გვყავს. არ მივიჩნევ, რომ ვოკალურ კონკურსში უნდა მივიღო მონაწილეობა და არც მივიღებდი.

რაც შეეხება ბრმა კასტინგს, როგორც აღვნიშნე, სწორედ ამით გამოირჩევა სხვა მუსიკალური კონკურსებისგან „ვოისი“, ეს არის ამ პროექტის მთავარი პრინციპი და შოუს მომენტი…  შესაძლოა, ცნობილი შემსრულებელი გამოვიდეს და მას არც ერთი მწვრთნელი არ შეუტრიალდეს და პირიქით. შოუს შემდეგ ეტაპებს კიდევ სხვა დაძაბულობა ახლავს…

თუმცა თუ ზოგადად მსოფლიო ტენდენციებზე ვსაუბრობთ,  დღეს  ვოკალთან ერთად, ასევე დიდი ყურადღება ექცევა პერფორმანსს,  სასცენო იმიჯს, მაკიაჟს, არანჟირებას, მომღერლის მანერებს… სრულყოფილი  მუსიკალური პროდუქტი ბაზარზე ამ ყველა კომპონენტის ერთობლიობით იქმნება, თუმცა გააჩნია ჟანრსაც.

ყველას აინტერესებს, წამოხვედი თუ არა „ჩემი ცოლის დაქალებიდან“…

სერიალიდან არ წამოვსულვარ. ამას არც „იმედი“ მავალდებულებს. „ფორმულა კრეატივსაც“ ვესაუბრე, საქმის კურსში ჩავაყენე და ისინიც ლოიალურად არიან განწყობილი. თუმცა საბოლოოდ, თავად არხმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და როდის მიიღებენ, ვერ გეტყვით, რადგან რაც „იმედში“ გადავედი, 24-საათიანი მუშაობის რეჟიმი მაქვს. „დღის შოუს“ წამყვანი ვარ, ასევე „ვოისის“ ჩაწერებიც დაიწყო. პირველი კვირა, ფაქტობრივად, არ მიძინია…

როგორ გრძნობ თავს ახალ ამპლუაში?

(იღიმის) ძალიან კომფორტულად. მუსიკა მიყვარს. ვფიქრობ, შემიძლია „ვოისის“ მონაწილე შევაფასო და აზრი გამოვთქვა მის გამოსვლაზე. მონაწილეების გულშემატკივრებთანაც ყოველთვის ვპოულობ საერთო ენას, რაც ეხმარებათ ,ბუნებრივი ემოციები ჰქონდეთ და საერთო ჯამში შოუ შედგეს.  გასართობი შოუები ყოველთვის მიყვარდა და მიხარია, რომ ეს შესაძლებლობა მომეცა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები