LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ელოში“, „ლალო“, გიორგი ქებურია – დაათვალიერეთ ქართველი დიზაინერების საუკეთესო ნამუშევრები

233

„მერსედეს ბენცის მოდის კვირეული“ თბილისში წარმატებით მიმდინარეობს. ის 2 ნოემბერს ავთანდილის ჩვენებით გაიხსნა და 6 ნოემბერს ბესარიონის კოლექციის წარდგენით დასრულდება. სულ 40-მდე ქართველმა დიზაინერმა გამოფინა საკუთარი სამოსი ქართველი და უცხოელი კრიტიკოსებისა და მაყურებლის შესაფასებლად.

Fortuna.ge სამი ქართული ბრენდის მცირე მიმოხილვებს გთავაზობთ.

დავიწყოთ ქეთი ელოშვილის მიერ წარდგენილი კოლექციით. მანამდე ქართველმა დიზაინერმა იგივე ნამუშევრები ლოს ანჯელესის მოდის კვირეულზეც გამოიტანა, ახლა კი საქართველოშიც წარადგინა. შავი, თეთრი, ნაცრისფერი, კრემისფერი, ბეჟი – „ელოში“, ძირითადად, ამ ფერებზე აკეთებს აქცენტს. კოლექცია გამჭირვალე, ჰაეროვანი და ქალურია,  ზოგიერთი ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოგადგებათ, ნაწილი კი გამოსასვლელია. დიზაინერმა ზოგიერთ კოსტიუმზე ქართული ანბანიც დაიტანა…

ლელა ელოშვილი, ბრენდი „ელოში“:

რადგან კოლექცია ლოს ანჯელესის მოდის კვირეულზე მიდიოდა, მასში ქართული თემატიკა შევიტანე. გამოყენებული მაქვს ქართული ანბანი და ყურძნის მტევანი, ღვინო ქართველი ერისთვის მნიშვნელოვანი სიმბოლოა (იღიმის).

უფრო მეტად აბრეშუმი გამოვიყენე, რადგან მინდოდა ქალური და რომანტიკული კოლექციის შემდეგ.  ის ეძღვნება იმ პერიოდის ქალს, რომელმაც გაიხადა ქართული ტრადიციული ტანისამოსი და ჩაიცვა ევროპული ტანსაცმელი, იყო თამამი…

ვფიქრობ, სოფო ჭყონია ქართველი დიზაინერებისთვის ძალიან კარგ საქმეს აკეთებს და მერსედეს ბენცის მოდის კვირეული კარგი წამოწყებაა არა მხოლოდ მოდის სფეროს განსავითარებლად, არამედ ტურისტების მოსაზიდადაც, ზოგადად, საქართველოზე კარგი შთაბეჭდილების შესაქმნელად, – არა მხოლოდ ღვინო და კარგი კერძებია ჩვენი პროდუქტი. შეგვიძლია, გემოვნებიანი სამოსი შევქმნათ, მივიჩნევ, რომ მასობრივად ნიჭიერი დიზაინერები გვყავს.

არის კონკურენცია?

რა თქმა უნდა, არის. ალბათ, ახლა უფრო გამძაფრდა. იმის გარდა, ვინც ვიყავით, უფროსები და შემდგომი თაობა, კიდევ ახალი თაობა წამოვიდა, მათ იმედები გაუჩნდათ, ხედავენ მნიშვნელოვან პროექტს, აქვთ მოტივაცია, რომ შემდგომში განვითარდებიან. დამწყებ დიზაინერებს აქვთ რეალური საშუალება, ბევრს მიაღწიონ. ჩვენ დროს, როცა სამხატვრო აკადემიას ამთავრებდი, ასეთი შესაძლებლობები არ არსებობდა…

დღეს არის გამოკვეთილი ტენდენციები? სადაც უნდა გაიხედო, ყველა სხვადასხვა რაღაცას აკეთებს მოდაში…

მსოფლიოში ასეა, უცბად რაღაც ერთი ხდება შთაგონების წყარო ყველა ხელოვანისთვის. ეს ჯაჭვური რეაქციაა და ვირუსივით ვრცელდება. ყველაფერი ერთმანეთს განსაზღვრავს. ასე რომ, არის საერთო ტენდენციები და ვერ ნახავ კოლექციას, სადაც ერთი და იმავე რაღაცის გავლენა იგრძნობა.

ამ ბოლო პერიოდში მასკულანური სტილი კია მოდაში, მაგრამ ქალური კოლექციაც ბევრი ვნახეთ…

ბოლო პერიოდში 80-90-იანი წლების მოდა შემოვიდა და ამიტომაც არის მასკულანური სტილი, თუმცა ჩემს კოლექციაში ახლა ნაკლებადაა. მე მქონია ხშირად ეს თემა, მაგრამ ამ სეზონზე იმდენი იყო ამ ტიპის კოლექცია, არ მინდოდა გამეორება.

ქართველი ქალების გემოვნებაზე რას იტყვით?

პრობლემაა ის, რომ ვერ ვრისკავთ ექსპერიმენტებს, ქართველი დიზაინერების ჩაცმას. ერთეულებზე არ ვსაუბრობ. ვურჩევ ყველას, მეტი ექსპერიმენტი ჩაატარონ საკუთარ ვიზუალზე. მგონი, გამოვედით იმ შავი ეპოქიდან და გავხდით ფერადები, მაგრამ კიდევ უფრო მეტი სტილი უნდა შევუხამოთ ერთმანეთს და გავხდეთ თამამები (იღიმის)!..

ბრენდ „ლალოს“ მთავარი თემა მუდამ ფერადოვნებაა და ნაქსოვი მრავალფეროვნება, რომელსაც დიზაინერი საინტერესოდ ახამებს ერთმანეთთან. ამ მხრივაც მისი 2018 წლის გაზაფხული-ზაფხული გამორჩეული და საინტერესოა. კოლექციაში ბევრია ვარდისფერის ნაირსახეობა, ასევე წითელი, ცისფერი – შეხამებულია ჰაეროვანი ქსოვილები და ნაქსოვი და რაც მთავარია, ეს ყველაფერი გემოვნებით და დახვეწილად.

„ლალოს“ ჩვენება დიზაინერმა ანუკი არეშიძემ შეაფასა ჩვენთან.

ანუკი:

ძალიან მომეწონა. აღფრთოვანებული ვარ. გემრიელი და კარგი კოლექცია ჰქონდა, კარგად აწყობილი. ხელით ნამუშევარი და ასევე ფერებიც ძალიან მომეწონა. მინდა, დიდი წარმატება ვუსურვო. ლალო 24 საათი შრომობს იმისთვის, რომ მოდის ინდუსტრიის დიდ სამყაროში პატარა ნაბიჯები გადადგას.

ვფიქრობ, გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია ფერადი უნდა იყოს. ის მხოლოდ ქართველ მომხმარებელზე არა აქვს გათვლილი, რადგან ლალო საზღვარგარეთ ძალიან კარგად ყიდის საკუთარ ნამუშევრებს და სწორი გათვლა აქვს…

კიდევ ერთი კოლექცია, რომელიც „მერსედეს ბენცის მოდის კვირეულის ფარგლებში ვიხილეთ, გიორგი ქებურიას ეკუთვნოდა. ახალგაზრდა დიზაინერი მედიის ყურადღების ცენტრში მაშინ მოხვდა, როცა მისი ერთ-ერთი კოპლებიანი „ოვერსაიზ“ კაბა არც მეტი არც ნაკლები, ლედი გაგამ მოირგო და ფოტო „ინსტაგრამზეც“ განათავსა. ქებურიას კოლექცია ახლაც საინტერესო და ორიგინალური აღმოჩნდა. დიდ მხრებზე აქცენტი ახლაც გააკეთა.

სამივე დიზაინერის კოლექცია „ვოგმა“ თავის გვერდზე განათავსა.

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები