LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ერთ-ერთმა ტელეკომპანიამ მკრეხელობას მიმართა, რაც შეურაცხმყოფელია ჩვენი ერისთვის – მეუფე შიო

139

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე, მეუფე შიომ ალავერდის მონასტერში იქადაგა, სადაც „რუსთავი 2“-თან დაკავშირებითაც ისაუბრა.

„მინდა გამოვეხმაურო იმ ძალიან ცუდ მოვლენას, რაც მოხდა ამ რამოდენიმე დღის წინ. ერთ-ერთმა ტელეკომპანიამ, თქვენ იცით, მკრეხელური გადაცემა გააკეთა, მკრეხელობას მიმართა, რაც არის შეურაცხმყოფელი ჩვენი ერისთვის.

რა თქმა უნდა, ჩვენ ვხვდებით, რომ ეს მიზანმიმართულად და სპეციალურად ხდება, შეიძლება ამის სხვადასხვა მიზანი არსებობდეს. ეხლა შეიძლება, ამბიონი ამისი განხილვის ადგილი არ არის, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს დაუშვებელია, რა თქმა უნდა, ეს ჩვენ ერში არ უნდა ხდებოდეს.

ვინც ამას ფიქრობს და გეგმავს, იმან უნდა იცოდეს, რომ არ შეიძლება. ჩვენი ერი არასდროს იგუებს ამას და მინდა მივმართო მათ: ჩვენ, განსაკუთრებით ისინი, ვინც ცოტა უფროსი თაობისანი ვართ და მოვესწარით ძველ ბოლშევიკურ პერიოდს და წყობას, შეგვიძლია დღეს ვთქვათ და იმ ხალხს გავახსენოთ, ვინც ამას გეგმავს და ახორციელებს მიზანმიმართულად: გაიხსენეთ, რომ ეს ყველაფერი ჩვენმა ერმა გაიარა, გაიარა ეს კომუნისტური პერიოდის დროს, დევნა, დაცინვა, აბუჩად აგდება ყველაზე დიდი სიწმინდის და საკრალური სფეროსი რაც არის ჩვენი ერის, რამაც შექმნა ჩვენი ერი. ეს ჩვენ გავიარეთ.

იყო მებრძოლ უღმერთოთა კავშირი, ამით დაიწყო, სწორედ ესეთი მკრეხელობებით და შეურაცხყოფებით დაიწყო და რაში გადაიზარდა შემდეგ? დავანგრით ეკლესიები, დაიღვარა ზღვა სისხლი და ყველანაირად დავკნინდით ჩვენ. და აი, ჩვენ ვკითხოთ მათ: ეს გინდათ თქვენ? ეს ყველაფერი ხომ ჩვენ გავლილი გვაქვს ასი წლის წინ? აგერ, ხელის გულზეა ეს ყველაფერი და ის ადამიანები, ვინც ამ ყველაფერს აკეთებდა, სად არიან ახლა? აი კიდევ ერთი შეკითხვა. ვიცნობთ ჩვენ მათ, მათი სახელები ცნობილია უკვე, ის ლიდერები ვინც ამას გეგმავდა, აფინანსებდა და ახორციელებდა. სად არიან ისინი დღეს, მათი სახელის გაგონებაც კი გვზარავს და გვძულს. და ეკლესია სად არის? ვისაც ისინი ესე დევნიდნენ და შეურაცხყოფდნენ? ჩვენ აქ ვართ. მიუხედავად იმ დევნისა და შეურაცხყოფისა ეკლესია ცოცხალია, იმიტომ რომ ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდნენ მას, და ისინი სად არიან მოგეხსენებათ თქვენ და შევახსენოთ ამ ჩვენს ძმებს და დებს, ვინც ამის უკან დგას, რომ იგივე ელის მათაც, იგივე ელის და დავფიქრდეთ ყველანი ამაზე. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ და გაგაძლიეროთ“, – განაცხადა მეუფე შიომ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები