LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეტლით მოსარგებლე გოგონამ, 3 წლის შემდეგ, პირველად იმგზავრა მეტროთი – შთაბჭდილებები განუმეორებელია!..

62

სოცქსელში თავისი შთაბეჭდილებები გააზიარა გოგონამ, ნინუცა დარბაიძემ, რომელიც ეტლში ზის და სამი წლის შემდეგ, პირველად იმგზავრა მეტროთი.

„გუშინ ვიმგზავრე მეტროთი. 3 წელია მეტროში არ/ვერ ჩავსულვა. ხოდა 1095 დღის შემდეგ გუშინ ვიყავი პირველად. ჩემში იმდენი ემოცია ტრიალებდა, ძალიან მაგარი იყო.

დეტლურად :

მე და ჩემი მეგობრები ავტობუსით მივედით რუსთაველის მეტრომდე (პირველად რომ ვიმგზავრე ავტობუსით, მახსოვს, მაშინაც ასეთი გახარებული ვიყავი). ვფიქრობდით. გაგვერისკა თუ არა მეტროთი მგზავრობა. რა თქმა უნდა, შევედით! მაქსიმუმ დავგორდე და მოვკვდე, მეტი რა უნდა მომივიდეს მე მეტროში? გავრისკეთ და შევედით რუსთაველის მეტროში, შესვლისას კართან ბიჭმა ერთი ცალი ვარდისფერი ვარდი მომცა☺️. მეც მორცხვად გავუღიმე და მადლობა გადავუხადე, კარგი სურნელი ჰქონდა ვარდს, ბიჭს არ ვიცი ☺️. მეტროს კარს რომ მივუახლოვდით, ოდნავ ნიავმა და მეტროს სუნმა გამომაფხიზლა, ვარდი მუხლებზე დავიდე და ბედნიერი შევედი, ვგრძნობდი, გული როგორ მიჩქარდებოდა, მეგობრები მსჯელობდნენ, როგორ უნდა დავმდგარიყავით ესკალატორზე ისე, რომ არაფერი მომსვლოდა. სიმართლე გითხრათ, არც გამიგია რა ვარიანტები განიხილეს, პირდაპირ ვუთხარი, როგორ უნდა დავეყენებინე. ცოტა მეშინოდა, მიხაროდა, ცოტას ვნერვიულობდი, მომწონდა ყველა ის გრძნობა, რაც ჩემში იყო. ☺

ვხედავდი, ყველა მე როგორ მიყურებდა, ვინც ზემოთ ადიოდა ისინიც ჩემკენ იყვნენ მობრუნებულები და მიღიმოდნენ, ჩვენ რა თქმა უნდა, ვხმაურობდით ☺️არც კი მახსოვდა, რუსთაველის ესკალატორი ამსიგრძე თუ იყო. მატარებელი რომ გაჩერდა, ძალიან ბევრმა შემოგვთავაზა დახმარება, მარტივად შევედით, გული ძალიან სწრაფად მიცემდა, გაფართოებულ თვალებს აქეთ-იქით ვაცეცებდი, კარი რომ დაიკეტა, უცებ ზევით ავიხედე, მეგონა შუქიც ჩაქრებოდა, ძალიან შემეშინდა. რომ დაიძრა მატარებელი თავბრუ დამეხვა, მაგრამ მალევე გადამიარა, ის ხმაური დაიწყო გვირაბში რომ იცის ხოლმე, ვიღაცის ბოტასებს ვუყურებდი მე, რომელსაც N ეწერა, მუქი ლურჯი შარვალი ეცვა, კარგი კურტკაც, თვალებამდე რომ ავედი, მე მიყურებდა, შემრცხვა, რომ შემამჩნია, რო ვათვალიერებდი, ტუჩის მოძრაობით მივხვდი მეკითხებოდა „გეშინია?“, თავი გავუქნიე, არა-მეთქი და გავიღიმე. მატარებელი რომ გაჩერდა, მშვიდად ჩამოვედით, მეტროში თავისუფლად დაგორავს ჩემი ეტლი,  ამოსვლისას უკვე აღარ მეშინოდა, რაღაცაზე ვიცინოდით. მეტროდან რომ გამოვედით, ღრმად ჩავისუნთქე-ამოვისუნთქე, თვალები მიბრწყინავდა ☺️. აი, ეს არის საუკეთესო მდგომარეობა, სიხარული, ოდნავ შიში, სიამოვნება, ძლიერი მღელვარება, ადრენალინი, ბედნიერებააა!!!

ოდესმე გიფიქრიათ, რა იღბლიანები ხართ, რომ შეგიძლიათ თუნდაც მეტროში ჩასვლა და ამოსვლა ? მე ვიგრძენი გუშინ. სულ ვამბობ, მიიღეთ ბედნიერება ყოველი წუთისგან, იგრძენით, ყველაფერი იგრძენით, თითოეული თქვენი ნაბიჯის გადადგმა კარგად შეიგრძენით, ნუ დაპლაყუნობთ თავჩარგულები, ყურებში ყურსასმენებით და სახეზე არც ერთი ემოციით!! დააფასეთ შეიგრძენით, დააკვირდით, გაიაზრეთ…“ – წერს გოგონა საკუთარი „ფეიბუქის“ გვერდზე.

14961585_10209717313302677_1943107013_n

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები