LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპის საინვესტიციო ბანკი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის 8 მილიარდს გამოყოფს

40

ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტის ვაზილ ჰუდაკის განცხადებით, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის სხვადასხვა პროექტების განსახორციელებლად 8 მილიარდი ევროს გამოყოფა იგეგმება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული განცხადება ვაზილ ჰუდაკმა თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. ამასთან, ვაზილ ჰუდაკმა საქართველოში გამართული ფორუმის მნიშვნელობაზე ისაუბრა და საზოგადოებას დასრულებული და სამომავლო პროექტები გააცნო.

„2016 წელს, აღმოსავლეთ პარტნიორობის სახელმწიფოებში რეკორდული რაოდენობის ინვესტიცია განვახორციელეთ (1.6 მილიარდი ევრო). ჩვენი მიზანია საქართველოში, სომხეთში, მოლდოვასა და უკრაინაში 8 მილიარდი ევროს კრედიტი გამოვყოთ“, – განაცხადა ვაზილ ჰუდაკმა.

ვაზილ ჰუდაკის განცხადებით, ევროკავშირი და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები სხვადასხვა სფეროში მჭიდროდ თანამშრომლობენ. მათ შორისა სატრანსპორტო უსაფრთხოება და ეკონომიკური კავშირები „სიმბოლურია, რომ ფორუმი საქართველოში იმართება. საქართველო აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი ქვეყანაა, ეს არის მზარდი სახელმწიფო, რომელიც მოდერნიზაციას და ტრანსფორმაციას განიცდის. ჩვენ გრძელვადიანი ინვესტორები ვართ და ინვესტიციას მხოლოდ სტაბილურ, მომავლის მქონე ქვეყნებში ვახორციელებთ“, – აღნიშნა ვაზილ ჰუდაკმა.

ვაზილ ჰუდაკმა გამოსვლაში ევროპის საინვესტიციო ბანკის საქართველოში ათწლიანი საქმიანობა შეაჯამა. ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოში 21 პროექტი 1,6 მილიარდით დაფინანსდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები