LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკატერინე ჟვანია: “იყავით პოზიტიური და თავდაჯერებული”

5

21 დეკემბერს რადიო ”ფორტუნას” გვანცა ლაღიძის გადაცემაში ”წარმატების ფორმულა” კომპანია ჯეპრას აღმასრულებელი დირექტორი  ეკატერინე ჟვანია სტუმრობდა.

თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის კომერცია-მარკეტინგის ფაკულტეტის ტურიზმის კომერსანტ-მარკეტოლოგიის ფაკულტეტის დასრულების შემდეგ ეკატერინემ პიარ-სკოლაში ჩააბარა ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების და Government 2,0-ის კურსებზე, მერე კი, ტრეინინგი გაიარა მენეჯმენტში ზოგადი კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების უნარების მართვაში. მუშაობდა სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციებში სხვადასხვა პოზიციაზე, მათ შორის ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში მარკეტინგის და ინოვაციის სამსახურის უფროსად, სადაც მრავალი საინტერესო და წარმატებული პროექტი განხორციელდა მისი ხელმძღვანელობით, ასევე მარკეტინგის, შესყიდვების და გაყიდვების მენეჯერად.

– ქალბატონო ეკატერინე, რამდენად რთულია საკონსულტაციო ჯგუფის სათავეში ყოფნა, რამდენად  დიდი დატვირთვა მოდის პირადად თქვენზე და რა ძირითადი პრინციპებით ხელმძღვანელობთ?

– გეთანხმებით, ადმინისტრაციული ნაწილი მთლიანად ჩემზეა. საკუნსალტაციო სფერო ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანია და სწორედ ეს მხიბლავს კომპანია ჯეპრაში. ძალიან ბევრი მსხვილი და მცირე კომპანიაა ჩვენს კლიენტებს შორის, ვემსახურებით სახელმწიფო სექტორსაც და ვქმნით ძალიან ბევრ საინტერესო პროდუქტს. გვყავს დიდი კრეატიული გუნდი, რომელიც ყოველთვის ერთად იღებს გადაწყვეტილებას.

– როგორ ხდება კომუნიკაცია გუნდში და რამდენად ხშირად გაქვთ კრეატიული იდეები?

– როგორც მინიმუმ კვირაში ერთხელ ვაწყობთ ე.წ. სტაფ-მითინგს, სადაც ადმინისტრაციულთან ერთად, პროექტების მიმდინარე საკითხებიც განიხილება, თუმცა კრეატიული პროექტების განხილვას დღეში რამდენჯერმე ვაწყობთ.

– რამდენად რთული გზა გაიარა ჯეპრამ ბრენდად ჩამოყალიბებამდე?

– კომპანია 2002 წელს დაარსდა და უკვე 13-წლიან ისტორიას ითვლის, საკმაოდ რთული პერიოდი გამოვიარეთ, თუმცა, დღეს ჩვენ ყველაზე დიდ და მძლავრ საკუნსულტაციო კომპანიას წარმოვადგენთ პიარის და მარკეტინგის მიმართულებით. დიდი გამოცდილება დავაგროვეთ წლების მანძილზე და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ დღეს ძალიან პროფესიონალი კადრები გვყავს. ვთვლი, რომ სწორედ ეს ორი ასპექტია ჩვენი ყველაზე ძლიერი მხარე ანუ გამოცდილება და პროფესიონალი კადრები.

– ძალიან ბევრი კომპანიის ხელმძღვანელი ამბობს, რომ დღეს საკმაოდ რთულია პროფესიონალი კადრების მოძიება. თქვენ რა აზრის ხართ?

– ჩვენ სისტემატურად ვატარებთ სტაჟირებას სხვადასხვა მიმართულებით, მერე კი, თანამშრომლები საწყის საფეხურზე გადაგვყავს. საკონსულტაციო სააგენტოში სულ სამი პოზიცია არსებობს – კონსულტანტი, უმცროსი და უფროსი კონსულტანტები. განახლება სისტემატურად, 4-5 თვეში ხდება, რაც ჩემი აზრით აუცილებელია, რადგან ჩვენ ერთ სფეროში ვმუშაობთ, საერთო ხედვა გვაქვს, ახალი თანამშრომლები კი, ახალი ხედვით და იდეებით გვაძლიერებენ.

რაც შეეხება უფროს კონსულტანტებს – ჩამოყალიბებული გუნდი გვყავს, რომელსაც წლების მანძილზე მიჰყავს პროექტები.

– გასული წელი რომ შევაჯამოთ, რამდენად წარმატებული იყო 2015 ზოგადად ბიზნესისთვის?

– ჩემი აზრით, 2015 ბევრად უკეთესი იყო, ვიდრე 2016 იქნება. არასასიამოვნო ტენდენცია შეიმჩნევა ჩვენს სფეროშიც – იჭრება ბიუჯეტი პიარის მიმართულებით, რის მიზეზადაც ზოგადი ეკონომიკური მდგომარეობა სახელდება.

– არის თუ არა თქვენი აზრით ამის ერთ-ერთი მიზეზი ლარის დევალვაცია?

– რა თქმა უნდა არის, რადგან ჩვენი თითქმის ყველა მსხვილი კლიენტი მწარმოებელია, რომელიც საკუთარ პროდუქციას იმპორტირებული ნედლეულით ქმნის.

– ზოგადად, რამდენად ხელსაყრელი პირობებია ბიზნესისთვის დღეს საქართველოში?

– ძალიან საინტერესო, შესაძლებლობებია ბევრი. ყველა სფერო და მიმართულება გახსნილია ბიზნესისთვის, რაც ჩემი აზრით წინ გადადგმული საკმაოდ დიდი ნაბიჯია.

– როგორ ახერხებთ, რომ ძალიან ვრცელ კლიენტების ჩამონათვალში არაავინაა უკმაყოფილო თქვენი მუშაობით?

– ჩვენი კომპანია აისოს სტანდარტებით მუშაობს, მისი ერთ-ერთი პუნქტი კი, კლიენტების კმაყოფილების კვლევაა, რომელიც რამდენიმე – საწყის, შუალედურ და შემაჯამებელ ეტაპზე ტარდება. საწყის ეტაპზე ვიკვლევთ ზოგადად რა წარმოდგენა და მოლოდინი აქვს ჩვენს კლიენტს. შუალედური კვლევა გვაჩვენებს რამდენად სწორად ვმოქმედებთ, რამდენად კმაყოფილია ჩვენი კლიენტი და რა კორექტივებია შესატანი. ჩვენ სრულად ვართ მორგებული კლიენტზე და რადგან ამ პრინციპით ვმუშაობთ, უკმაყოფილოც არავინაა.

– თქვენი მთავარი რჩევა, რომელიც ყველამ უნდა გაითვალისწინოს ბიზნესის დაწყების წინ?

– ნებისმიერი ბიზნების დაწყებისას კარგად უნდა გქონდეთ წარმოდგენილი რა ფასეულობები აქვს კომპანიას, რა მომსახურეობის და ბრენდის შექმნას აპირებთ. უნდა გაანალიზოთ ყველაფერი და დაიწყოთ ფიქრი ვიზუალზე, კონცეფციაზე და ღირებულებებზე. ეს ის ძირითადი პრინციპია, რომელიც ნებისმიერ ბიზნესს და ბრენდის ჩამოყალიბებას ჭირდება. მცირე ბიზნესის დაწყებისას არავინ ფიქრობს, რომ პატარა საქმიდან შესაძლოა ძალიან დიდი მასშტაბური რამ გამოვიდეს. ასე რომ, ნებისმიერ ბიზნესს ჭირდება გაანალიზება და მომავლის დაგეგმვა.

– თავად როგორ იქცევით სირთულეების დროს?

– ვცდილობ დავმშვიდდე. ბოლო დროს ძალიან მშვიდი ვარ და ძალიან მომწონს ეს მდგომარეობა, რადგან სიმშვიდეს გახსნილი გონება მოაქვს. შესაბამისად, ვაანალიზებ ყველაფერს და ცივი გონებით ვღებულობ გადაწყვეტილებას.

– რა პროფესიაზე ოცნებობდით ბავშვობაში?

– ჩემს სახლთან სილამაზის სალონი იყო, რომელსაც დედასთან და მამიდასთან ერთად ვსტუმრობდი, ძალიან მომწონდა იქ და მინდოდა მანიკურის სპეციალისტი გავმხდარიყავი.

– ქალბატონო ეკა, როგორ იწყება თქვენი დილა?

– დილიდანვე ვცდილობ მობილიზაციას. როგორ ცუდადაც არ უნდა ვიყო, საკუთარი თავი მაინც ხელში ამყავს და მივდივარ სამსახურში, სადაც ჩემი მეორე ოჯახი მხვდება. დიდ მხარდაჭერას ვგრძნობ მათგან, რაც ძალიან მეხმარება განწყობის ამაღლებაში. ჩემი აზრით ორი მთავარი ასპექტი არსებობს – პირველ რიგში თვითონ უნდა შეძლო მობილიზაცია, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია გარემო, სადაც გაფასებენ და გეხმარებიან. ანალოგიურად ვიქცევი მეც, როცა სხვა არის შეუძლოდ ან ცუდ ხასიათზე.

– რა გეგმები აქვს კომპანია ჯეპრას სამომავლოდ?

– ძალიან საინტერესო პროექტს ვახორციელებთ, რომელიც მომავალ წელს საკმაოდ მასშტაბურ ხასიათს შეიძენს. ესაა კორპორატიულ-სოციალური პასუხისმგებლობის სტანდარტების და ნორმების, ზოგადად სფეროსა და ცნებების დანერგვა. პროექტის განცხორციელება ჩვენს პარტნიორებთან ერთად გვინდა. არსებობს კლუბი ”სიესარი” , რომელიც 2015-ში გააქტიურდა და ძალიან საინტერესო ფაზაში შევა 2016 წელს. სწორედ ესაა ჩვენი პრიორიტეტული პროექტი. გარდა ამისა, ვგეგმავთ მაქსიმალურად შევინარჩუნოთ, გავამრავალფეროვნოთ და გავზარდოთ ჩვენი კლიენტების რაოდენობა.

– არის თუ არა აქტუალური ბიზნესეტიკეტი და რამდენად ჭირდებათ ბიზნესის წარმომადგენლებს ამ სფეროს კარგად ცოდნა?

– რა თქმა უნდა, ბიზნესეტიკეტის ცოდნა აუცილებელია, რადგან ეს ჩვეულებრივი ნორმაა. თუმცა, სამწუხაროდ არაა დაცული. რამდენადაც ვიცი გარკვეული თრეინინგები ტარდება ამ სფეროში, რადგან ბოლო დროს ძალიან აქტუალური გახდა.

– როგორია ქალბატონი ეკატერინე საქმიან შეხვედრაზე?

– ძალიან უშუალო ვარ. ვცდილობ მაქსიმალურად საქმიანი  და კონკრეტულ საკითხებზე ორიენტირებული ვიყო, თუმცა ხუმრობისთვისაც ვპოულობ მიზეზს, რადან ვთვლი, რომ იუმორს ნებისმიერი სიტუაციის განმუხტვა და უშუალობის შექმნა შეუძლია შეხვედრაზე.

– პირველ რიგში რას აქცევთ ყურადღებას საქმიან შეხვედრაზე?

– ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია საკუთარი სურვილების მკაფიოდ, პირდაპირ და ღიად ჩამოყალიბების უნარი.

– ქალბატონო ეკატერინე, კლიენტის ყველაზე რთულ დავალებას ხომ ვერ გაიხსენებთ?

– ყველას თავისი სპეციფიკა აქვს. ნებისმიერი პროექტის განხილვისას აღმოაჩენ გარკვეულ კაზუსებს.

– რამდენად სწრაფად იღებთ გადაწყვეტილებას?

– რა თქმა უნდა, სწრაფად, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

ბლიც-კითხვები:

– რა არის კომპანია ჯეპრას სლოგანი?

– არ გვაქვს, თუმცა, აქვე თუ მოვიფიქრებთ, ვიტყოდი, ”მიაღწიე მიზანს ჯეპრასთან ერთად!”

– ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად მიმართავთ დღის განმავლობაში?

– ”მეღადავები?!” – ესაა ჩემი პირველი რეაქცია სტრესზე.

– მოასწარით თუ არა სანტას საჩუქრების სიის დაწერა?

– ჩემმა შვილებმა დაწერეს.

– რაში ხარჯავთ ფულს ყველაზე დიდი სიამოვნებით?

– მოგზაურობაში.

რამდენი ადამიანია დასაქმებული თქვენს კომპანიაში?

– საერთო ჯამში სტაფი 22 ადამიანს შეადგენს.

– ვინაა თქვენთვის სამაგალითო საქმიანი ადამიანი?

– ჯეპრას დამფუძნებელი სოსო გალუმაშვილი.

– რას ანიჭებთ უპირატესობას დილით – ფინჯან ყავას თუ ნატურალურ წვენს?

– ყველაფერს მაინც ჩაი მირჩევნია.

– რას ეუბნებით საკუთარ თავს, როცა მოტივაცია გჭირდებათ?

– ”შენ ამას შეძლებ!”

– რა გსურთ უთხრათ საზოგადოებას ჩვენი გადაცემის საშუალებით?

– იყავით პოზიტიური და თავდაჯერებული, მეტი ხალისი და სილაღე შეიტანეთ თქვენს ცხოვრებაში.

ეკატერინე ჟვანიას წარმატების ფორმულა:

– ქალბატონო ეკატერინე, თქვენი აზრით რა არის აუცილებელი წარმატების მისაღწევად?

– საკუთარი გამოცდილებით შემიძლია გითხრათ, რომ მთავარია გარკვეულ ეტაპზე მოინდომო და თავიდან ბოლომდე შეძლო იმ საქმეში ან პროექტში ჩართვა, რომელსაც აკეთებ, ანუ თავიდან უნდა იშრომო ბევრი, რადგან მერე დაისვენო კარგად.

 

აუდიო ჩანაწერი

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები