LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ბოჭორიშვილი: “სასურველი შედეგის მისაღწევად ადამიანი ნებისმიერი სამუშაოს შესრულებისთვის უნდა იყოს მზად”

13

4 ივლისს რადიო ”ფორტუნას” და გვანცა ლაღიძის გადაცემას ”წარმატების ფორმულა” ”ჰუალინგ ჯგუფის” მარკეტინგის და პიარის განყოფილების ხელმძღვანელი გიორგი ბოჭორიშვილი სტუმრობდა.

ტექნიკურ უნივერსიტეტში ჰუმანიტარულ ფაკულტეტსა და აშშ-ში სწავლის შემდეგ, პირველი სამუშაო გამოცდილება გიორგიმ 16 წლის ასაკში მიიღო ”თიბისი ბანკში”, მოგვიანებით სიგარეტის კომპანიასა და ”რუსთავი 2-ის” სარეკლამო განყოფილებაში გადაინაცვლა, მრავალმხრივი სამუშაო გამოცდილების მიღება კი, სარესტორნო-საკლუბო ბიზნესსა და კომპანია ”პეფსი-კოლაში” გააგრძელა.     

– ბატონო გიორგი, როგორ დაარსდა დღეს უკვე საკმაოდ წარმატებული ”ჰუალინგ ჯგუფი” საქართველოში?

– ”ჰუალინგ ჯგუფი” 2007 წელს შემოვიდა საქართველოში და თავისი ბიზნესსაქმიანობა ხე-ტყის ლიცენზიის შესყიდვით დაიწყო, საკმაოდ სწრაფად განვითარდა და დღესაც ვითარდება. ჩვენი კომპანიის ერთ-ერთი მთავარი პროექტი თბილისის ზღვის ახალი ქალაქია, რომელიც თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე სრულიად ახალი ტიპის უბნის ჩამოყალიბებას და განვითარებას ითვალისწინებს. ათწლიანი გეგმის რამდენიმე ეტაპი უკვე განხორციელდა – აშენდა 39 საცხოვრებელი კორპუსი, რომელთაგან 8-9 კორპუსი გასული წელს ოლიმპიურ სოფელს დაეთმო და როგორც თავად ოლიმპიურმა კომიტეტმა განაცხადა, ამგვარი სოფელი ბოლო ოლიმპიურ თამაშებზეც არ ჰქონდათ ლონდონში. ტერიტორიაზე უკვე ფუნქციონირებს ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო ”ჰოთელ & პრეფერენსი”, დეკემბრის თვეში კი, ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრი ”ჰუალინგ ბაზა” მოეწყობა, რომელიც 120 ათასს კვ/მ-ზე მეტ გასაქირავებელ ტერიტორიას გააერთიანებს საკუთარ თავში. გარდა ამისა, ამავე ტერიტორიაზე ცოტა ხნის წინ ფუნქციონირება დაიწყო თანამედროვე ტიპის ჰოსპიტალმა,  ახლო მომავალში კი, ყველა იმ საჭირო ობიექტის გახსნა და მომსახურების უზრუნველყოფა იგეგმება, რომელიც ახალი საცხოვრებელი უბნისთვისაა საჭირო – იქნება უმაღლესი დონის უნივერსიტეტი და სკოლა, საბავშვო ბაღი და სპორტული მოედნები, რამდენიმე სასტუმრო და რეტორანი, ასევე ვილების კომპლექსი და მრავალი სხვა.

13588735_1231009680251994_1280148583_o– თქვენი აზრით, რატომ გახდა ჩინელი ინვესტორებისთვის საქართველო ამდენად მიმზიდველი?

– კომპანიის პრეზიდენტი მანამდეც რამდენჯერმე იმყოფებოდა საქართველოში. ძალიან მოიხიბლა ჩვენი ქვეყნით, ხალხით და მეგობრული გარემოთი, მოეწონა საინვესტიციო პირობები და საგადასახადო სისტემა ანუ ყველაფერი ის, რაც გამოარჩევს ჩვენს ქვეყანას სხვა ქვეყნებისგან და მიიღო გადაწყვეტილება დაეწყო ბიზნესი საქართველოში. ამ ეტაპისთვის თბილისში ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს და საცხოვრებელი კომპლექსის მფლობელები ვართ, ძალიან მალე სავაჭრო ცენტრიც გვექნება. გარდა ამის, ვართ ბაზის ბანკის აქციონირები. ქუთაისში ინდუსტრიული ზონა გავხსენით, სენაკში კი –  კავკასიაში ყველაზე დიდი ცემენტის ქარხნის მშენებლობის ერთობლივ პროექტს  ვახორციელებთ, რომლსაც უკვე ჩაეყარა საფუძველი და რამდენიმე წელიწადში დასრულდება.  გარდა ამისა, უამრავი გეგმა გვაქვს და ახლო მომავალში ძალიან ბევრი მიმართულებით ვაპირებთ განვითარებას და ბიზნესის გაფართოებას.

– რამდენადაც ვიცი, ცემენტის ქარხნის მშენებლობაში თქვენი პარტნიორი სახელმწიფოა. რაში გამოხატება მათი პარტნიორობა?

– მსგავსი მძლავრი ობიექტის არსებობა სახელმწიფოს ინტერესიც შედის, ამიტომ, მაქსიმალურად გვიწყობს ხელს წარმატებით განვახორციელოთ აღნიშნული პროექტი ჩვენს პარტნიორებთან ერთად.  

– თქვენი აზრით, რამდენად რთულია ბიზნესის წარმოება საწყის ეტაპზე?

– ჩემი აზრით, ნებისმიერ ბიზნესს თან უნდა ახლდეს იღბალი და გარკვეული გამართლება. არაერთი მაგალითი არსებობს, როცა ზუსტად ერთნაირი ბიზნესიდან, მხოლოდ ერთი გამხდარა წარმატებული. რა თქმა უნდა, ყველა საქმე უდიდეს ცოდნასა და გამოცდილებას მოითხოვს, მაგრამ იღბალი მაინც აუცილებელია.

– რომელი ეტაპი შეიძლება ჩაითვალოს ყველაზე რთულად ”ჰუალინგ ჯგუფის” განვითარების პროცესში?

-კომპანიას ერთი წლის წინ შევიუერთდი და მთელი ამ წლის განმავლობაში ვხედავ როგორ თავდაუზოგავად მუშაობენ ადამიანები, რათა მათ მიერ ჩაფიქრებული ყველა პროექტი მაქსიმალურად სწრაფად და წარმატებულად განხორციელდეს. ჩემი აზრით ”ჰუალინგის” ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი ოლიმპიური ქალაქის მშენებლობა იყო, რომელიც საკმაოდ ოპტიმალურ ვადებში განხორციელდა. როცა გადაწყდა, რომ სწორედ თბილისი უმასპინძლებდა ამ დიდ ღონისძიებას, ყველაზე მნიშვნელოვანი, მრავალრიცხოვანი სტუმრების განთავსება გახდა. 4 000-მდე მონაწილე ჩვენს აშენებულ სახლებში ცხოვრობდა, რომელთა დაპროექტება, აშენება და მოწყობა ძალიან მოკლე ვადებში მოვახერხეთ.

– თქვენ, როგორც მარკეტინგის და პიარის ხელმძღვანელი, როგორ თვლით, რა არის მთავარი კომპანიის სწორი პიარისთვის?

– ჩემი აზრით, მთავარია მაქსიმალურად ობიექტური ინფორმაცია  მიაწოდო საზოგადოებას საკუთარი თავის და საქმიანობის შესახებ. ჩვენ ძალიან ბევრი მიმართულება გვაქვს, უამრავ სფეროში ვართ ჩართული და თითოეულს ინდივიდუალური მიდგომა ჭირდება, რაც საკმაოდ რთული და შრომატევადი საქმეა.

– რამდენად ხელსაყრელი გარემოა დღეს ბიზნესის განვითარებისთვის და არის თუ არა საჭირო ხელისუფლების ხელშეწყობა?

– დღეს ძალიან ბევრი ქართველი და უცხოელი ინვესტორია დაინტერესებული საქართველოში ბიზნესის წარმოებით. მუშავდება უამრავი წამახალისებელი პროგრამა, რომლებმაც კონკრეტულად ამ ეტაპზე უნდა შეუწყოს ხელი ქართული ბიზნესის განვითარებას, როგორც მცირე ისე ფართო მასშტაბებით. რა თქმა უნდა, დიდი ინვესტორების არსებობა ჩვენთვის უფრო სასარგებლოა, რადგან სწორედ მათ აქვთ ის ფინანსური რესურსი და გამოცდილება, რაც დაგვეხმარება მოკლე დროში განვითარდეთ ჩვენთვის საინტერესო მიმართულებით.

– თქვენი აზრით, რომელი ბიზნესმიმართულებაა დღეს საქართველოში ყველაზე მომგებიანი?

– ნებისმიერი ბიზნესი, თუ ის სწორადაა დაგეგმილი და მუშაობს, აუცილებლად მომგებიანი იქნება. მე ძალიან მიხარია, რომ ”ჰუალინგ ჯგუფში” ვმუშაობ, რადგან ჩვენ უამრავი მიმართულება გვაქვს, რომელთაგან ზოგი უკვე განხორციელდა, ზოგიერთის განხორციელებას კი, სამომავლოდ ვაპირებთ. ყველაზე საინტერესოც ხომ სწორედ ესაა, როცა ბევრი სხვადასხვა მიმართულებით მუშაობ და ყველა ერთნაირად წარმატებულია.

13570275_1231009706918658_1363088965_o– რა სამომავლო გეგმები აქვს ”ჰუალინგ გრუპს”?   

– ძალიან ბევრი საინტერესო პროექტის განხორციელებას ვგეგმავთ – პირველ რიგში გვინდა ხელი შევუწყოთ ქართული ჩაის აღორძინებას, ასევე ტურიზმის განვითარებას და ქართული ღვინის ექსპორტს ჩინეთის ბაზარზე. ვმუშაობთ ავიაპროექტზე, ახლო მომავალში დეტალებსაც გავახმაურებთ. ჯერჯერობით ზუსტად ვიცით, რომ რეისები ჩინეთის და ევროპის ქვეყნებში შედგება, ძალიან გვინდა პირდაპირი რეისი იყოს თბილისიდან შეერთებული შტატების, სავარაიდოდ  ნიუ-იორკის მიმართულებით, რაც კომპანიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, თბილისის მერიის განვითარების საგენტოსთან ერთად ბაგა-ბაღის, საშუალო სკოლის და უნივერსიტეტის პროექტზე ვმუშაობთ, რომლებიც უმაღლესი სტანდარტებით იქნება დაპროექტებული და აშენებული. ძალიან გვინდა გავაკეთოთ ბუნებრივი აირის საცავიც, რაც ვფიქრობ, ქვეყნისთვის ძალიან საინტერესო და საჭირო პროექტი იქნება.

– ბატონო გიორგი, რამდენად რთულია დღეს კვალიფიციური კადრების მოძიება?

– რა თქმა უნდა რთულია. ამიტომ, პირველ ეტაპზე ის პროფესიონალები ჩამოგვყავს, ვინც კარგად იცის თავისი საქმე და უზარმაზარი გამოცდილება აქვს. მერე კი, სწორედ ისინი ახორციელებენ ადგილობრივი კადრების გადამზადებას, რასაც გარკვეული დრო სჭირდება.

– როგორ იბადება ახალი იდეები ”ჰუალინგში”, რამდენად ხშირად აწყობთ კრეატიული შეკრებებს და ითვალისწინებთ თუ არა  თანამშრომლის კრეატიულ ხედვას?

– ჩვენ ყოველთვის გუნდური პრინციპით ვმოქმედებთ, ამიტომ კონკრეტულ პროექტზე მუშაობისას აბსოლუტურად ყველა თანამშრომლის იდეის გაზიარება, მერე კი, მათი შეჯერება ხდება.

– რა მთავარი თვისებები უნდა ჰქონდეს კარგ მენეჯერს?

– კარგი მენეჯერი კომუნიკებალური უნდა იყოს, არ უნდა ეშინოდეს დავალებების მიღების და ყველა დავალება იმაზე ბევრად უკეთესად  უნდა შეასრულოს, ვიდრე ხელმძღვანელობა ელის მისგან.  

– როგორ იქცევით სირთულეების დროს?

– მარტივად, არასდროს ვნერვიულობ, რადგან ნერვიულობა სირთულეების დაძლევის მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორია.

13589191_1231009700251992_1456629203_o– რამდენად სწრაფად იღებთ გადაწყვეტილებას?

– გადაწყვეტილებას გააჩნია. ზოგჯერ სწრაფად ვიღებ, ზოგიერთს კი, გარკვეული ანალიზი ჭირდება.

ბლიც-კითხვები:

– რას ეტყვით უკმაყოფილო მომხმარებელს პირველ რიგში?

– სასურველია, უკმაყოფილო მომხმარებელი საერთოდ არ იყოს, მაგრამ თუ მაინც არის, მისი უკმაყოფილების ობიექური მიზეზის დადგენა და გამოსწორებაა საჭირო, რადგან როგორც ვიცით, კლიენტი ყოველთვის მართალია.

– კომპანია ჰუალინგის სლოგანი?

– ”წარმატებები!”

– ვინაა თქვენთვის მისაბაძი ბიზნესმენი?  

– ძალიან ბევრი, ერთ-ერთი მათ შორის ”ჰუალინგ-ჯგუფის” პრეზიდენტია.

– ჟურნალისტის კითხვა, რომელიც ყველაზე მეტად გაღიზიანებთ?

– ძალიან გამაღიზიანებელია, როცა ისეთ კითხვას გისვამენ, რომელიც შენ არ გეხება.

– საინფორმაციო საშუალებას, რომელსაც დღის განმავლობაში  მიმართავთ?

– სხვადასხვა წყაროებით ვიღებ ინფორმაციას, თუმცა, ბოლო დროს უპირატესობას ინტერნეტს ვანიჭებ.

– რაზე ფიქრობთ ახლა?

– ერთ-ერთ ახალ პროექტზე.

– თქვენი აზრით, რა მთავარი თვისებები უნდა ჰქონდეს ადამიანს წარმატების მისაღწევად?

– მას ვისაც წარმატების მიღწევა უნდა, ნებისმიერი სახის შრომა უნდა უყვარდეს. შრომაში მე სწავლასაც ვგულისხმობ, რასაც გარკვეული დრო და რესურსი ჭირდება. თუმცა, სასურველი შედეგის მისაღწევად ადამიანი ნებისმიერი სამუშაოს შესრულებისთვის უნდა იყოს მზად.

გადაცემის ჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები