LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაია მამალაძე: „როცა საკუთარი საქმე გიყვარს, წარმატებასაც ადვილად აღწევ”

23

23 მაისს რადიო ”ფორტუნას” და გვანცა ლაღიძის გადაცემას ”წარმატების ფორმულა” ექიმ-დერმატოლოგი და ესთეტიკის ცენტრის MM დამფუძნებელი მაია მამალაძე სტუმრობდა.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის დიპლომთან ერთად,  ქალბატონი მაია უამრავი სერთიფიკატის მფლობელია, გაიარა პროფესიული კურსები მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, international dermoscopy society-სგან კი, საერთაშორისო დერმატოლოგიური საზოგადოების წევრის სტატუსი მიიღო. 2010 წელს მაია მამალაძემ შპს ესთეტიკის ცენტრი MM დააარსა.

– ქალბატონო მაია, წინა წლებთან შედარებით საგრძნობლად გაიზარდა ხელმძღვანელი ქალბატონების რიცხვი. არის თუ არა მხარდაჭერა ხელისუფლების მხრიდან?

– ვფიქრობ, ინიციატივა ყველამ თვითონ უნდა გამოიჩინოს. პირადად მე არავის იმედზე არ ვყოფილვარ და თავად წამოვიწყე საკუთარი ბიზნესი.

– რამდენი თანამშრომელია დასაქმებული თქვენს კომპანიაში და არის თუ არა დაცული გენდერული თანასწორობა?

– კომპანიაში 12 თანამშრომელია დასაქმებული და გენდერული თანასწორობაც დაცულია. მენეჯმენტი, მარკეტინგი და ბუღალტერია მამაკაცებს ჩავაბარეთ, ესთეტიკაზე კი, ქალბატონები ვზრუნავთ.

13288041_1203167136369582_1723486894_o– რამდენადაც ვიცი, 2009 წელს ე.წ. პრეპარატის ”დისპოტის” გამოყენების უფლება მოგენიჭათ, პარალელურად კლინიკურ მედიცინაში გაიარეთ კანის მკურნალობის, მოვლის და გაახალგაზრდავების სპეციალური კურსები. გახდა თუ არა ადამიანის ესთეტიკურ სილამაზეზე ზრუნვა ერთ-ერთი მიზეზი ჩართულიყავით ბიზნესში?

– რა თქმა უნდა. სწორედ ეს იყო მთავარი მიზეზი, რამაც ბიზნესის დაწყება გადამაწყვეტინა. დღეს, თავის მოვლა ძალიან ტრენდულია, სხვათაშორის მამაკაცებიც საკმაოდ აქტიურად არიან ჩაბმული ამ სფეროში.

– ბევრი მამაკაცი კლიენტი გყავთ?

– საკმაოდ ბევრი. კლიენტებს შორის თითქმის ყოველი მესამე მამაკაცია.

– ესთეტიკური ცენტრი MM, 2010 წელს დაარსდა. რამდენად რთული იყო საქმის წამოწყება და პირველ ეტაპზე თავის დამკვიდრება?

– პირველი ნაბიჯის გადადგმა ყოველთვის რთულია. თუმცა, თავის დამკვიდრება ნამდვილად არ გამჭირვებია, რადგან დერმატოლოგი ვარ და ესთეტიკურ მედიცინაში ძირითადად დერმატოლოგები და ქირურგები მოღვაწეობენ. კვალიფიკაცია საზღვარგარეთ გავიარე, რადგან ძალიან ბევრი კითხვა მქონდა, რომლებზეც პასუხს აქ ვერ ვპოულობდი. გამოცდილ კლინიკებს მივმართე და უამრავი პროფესიონალური კურსი გავიარე.

– რამდენადაც ვიცი, საკმაოდ სწრაფად იზრდება თქვენს კომპანიაში პაციენტების რიცხვი. გამომდინარე აქედან, გაფართოებას ხომ არ გეგმავთ?

– ჯერჯერობით მხოლოდ თბილისში ვაპირებთ ფილიალის გახსნას, სამომავლოდ კი, საქართველოს რამდენიმე ქალაქში ვგეგმავთ გაფართოებას. გარდა ამისა, ძალიან მალე პატარა და ლამაზ სასტუმროს გავხსნით თბილისში უცხოელი პაციენტებისთვის, რომელსაც ასევე MM ერქმევა.

– საკმაოდ მაღალია კონკურენცია თქვენს სფეროში, რითი განსხვავდება თქვენი კომპანია სხვა კომპანიებისგან?  

– კონკურენცია ნამდვილად მაღალია. საქართველოს ბაზარზე იმდენი ევროპული და აზიური პროდუქციაა შემოსული, რომ პაციენტებთან ერთად ექიმებსაც ძალიან უჭირთ ორიენტირება. პირადად მე ბრენდის შერჩევისას, აუცილებლად ჩავდივარ მწარმოებელ ქარხანაში, ყველაფერს ვათვალიერებ და დეტალურად ვსწავლობ. ჯერჯერობით მხოლოდ რამდენიმე ბრენდთან ვმუშაობთ, აქცენტს ევროპულ ბრენდებზე ვაკეთებთ, რადგან ნდობა მათ მიმართ ბევრად უფრო მაღალია.

13262494_1203166989702930_1766236767_o– რამდენად ადვილი იყო უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობა პირველ ეტაპზე?

– თავიდან საკმაოდ რთული იყო. ცნობილი ბრენდები ყოველთვის დიდ ყურადღებას აქცევენ პარტნიორებს, რადგან პირველ რიგში საკუთარ რეპუტაციას უფრთხილდებიან. ამიტომ, ჩემგანაც ხშირ ვიზიტებს და ახალი ტრეინინგების გავლას მოითხოვენ. საქართველოში დაბრუნებული კი,  ყოველთვის კოლეგებს ვუზიარებ გამოცდილებას და ახალ ინფორმაციას. კომპანიის ხარჯზე საკმაოდ ხშირად გადიან ტრეინინგებს ჩვენი ჯგუფები საზღვარგარეთ. გასულ წელს 11 ვიზიტი გვქონდა, მათ შორის ბარსელონაში, პარიზსა და მილანში.

– რამდენად რთულია დღეს კვალიფიციური კადრის მოძიება?

– ვერ ვიტყვი, რომ რთულია. ძალიან ბევრი ახალგაზრდა ეუფლება ამ პროფესიას და ჩვენი თაობისგან განსხვავებით უფრო მეტად მიუწვდებათ ხელი სიახლეებზე. ძალიან მიხარია, რომ ბევრი ახალგაზრდაა დაინტერესებული ამ საქმით.

– ბევრს აქვს თქვენთან ტრეინინგების გავლის სურვილი?

– საკმაოდ ბევრს. თუმცა, ჯერ სისტემაა გასამართი. სამომავლოდ უცხოელი სპეციალისტების ჩამოყვანსა ვგეგმავთ, რაც ვფიქრობ ძალიან გამოადგებათ ახალგაზრდებს.

– რა სიახლეები აქვს კომპანია MM-ს?

– საზაფხულო სეზონის მოახლოებასთან ერთად სულ უფრო აქტუალური ხდება მზისგან დაცვის საშუალებები. ჩვენ ახალი ხაზი შემოვიტანეთ, რომელშიც სხვა მსგავსი საშუალებებისგან განსხვავებით ბიოლოგიური ფილტრებია გამოყენებული. საკმაოდ მსუბუქი ბრენდია, არც ფორებს ბლოკავს, არც კანზე ჩანს და ნებისმიერი ასაკის მომხარებლისთვის სასარგებლოა. ზოგადად, ბიოლოგიური ფილტრები ახალი მიმართულებაა, ჩვენი ბრენდი კი, გარდა იმისა, რომ კანს იცავს მზის ნეგატიური გავლენისგან, ხელს უწყობს რუჯის უსაფრთხო მიღებას და მის შენარჩუნებას, სამკურნალო ფუნქციაც აქვს და სხვადასხვა პათოლოგიების დროს გამოიყენება.

– გასული წლებში როდის დაფიქსირდა ყველაზე ნაკლები და პირიქით ყველაზე მეტი მომხმარებელი?

– ვერ ვიტყვი, რომ ჩვენთან მომხმარებლის რაოდენობა კლებულობს. თუმცა, გარკვეულ პროცედურებს სეზონურობა ახასიათებს. ზაფხულში ინექციურ პროცედურებზეა ნაკლები პაციენტი, სამაგიეროდ კანის და სხეულის მოვლის პროცედურებზეა მეტი.

– რა მიმართულებებზე მუშაობს თქვენი ცენტრი?

– ჩვენ ძირითადად სახის და სხეულის მოვლის მიმართულებით ვმუშაობთ და თითქმის ყველა ასპექტს მოვიცავთ. არ ვახორციელებთ ქირურგიულ ჩარევას და არ ვატარებთ რთულ მანიპულაციებს, რადგან არ გავქვს ამის უფლება.

– როგორ უმკლავდებით ბიზნესის თანმდევ სირთულეებს?

– ხელი მხოლოდ მარკეტინგში მეშლება, მენეჯმენტში კი – პირიქით, საკმაოდ დიდი გამოცდილება მაქვს და არასდროს მიჭირს თანამშრომლებთან და პაციენტებთან ურთიერთობა. მხოლოდ შემოტანილი ბრენდების ე.წ. ”გაპიარება” გამიჭირდა, რაშიც ჯერ შვილი დავიხმარე, მერე კი, მთელი ოჯახი ჩავრთე ჩემს საქმიანობაში.

13282859_1203167169702912_1985156338_o– თქვენი აზრით, რა მთავარი პრინციპებია აუცილებელი ხელმძღვანელისთვის ლიდერის პოზიციის შესანარჩუნებლად?

– მთავარი სამართლიანობაა. ყოველთვის ისე უნდა მოექცე თანამშრომლებს, როგორც თვითონ გინდა რომ მოგექცნენ. ჩემი აზრით, თუ თანამშრომლებთან არ გაქვს გამართული ურთიერთობა, მაშინ პაციენტებთანაც სერიოზული პრობლემები შეგექმნება.

– უამრავი საქმის გათვალისწინებით, როგორ ახერხებთ მუდმივად ფორმაში ყოფნას?

– ჩვენთან კარგი ფორმის შენარჩუნება რთული არაა, რადგან ყოველთვის ერთმანეთზე ვზრუნავთ. ზოგადად, თავის მოვლა რთული არაა, როცა ამ სფეროში მოღვაწეობ. მთავარი მოტივაციაა, შესაძლოა, ზოგჯერ ხასიათზე არ იყო ან საკმარისი დრო არ გქონდეს, მაგრამ, როცა რამდენიმე ბრენდს წარმოადგენ და მომხამარებელიც გიყურებს, ვალდებული ხარ ყოველთვის იდეალურ ფორმაში იყო.

– ქალბატონო მაია, როგორ უნდა შევინარჩუნოთ ქალბატონებმა ჩვენი სილამაზე?

– მთავარი ბუნებრივობის შენარჩუნებაა, თუმცა არაა აუცილებელი ბიოლოგიური და ქრონოლოგიური ასაკი ერთმანეთს ემთხვეოდეს.

– რამდენად სწრაფად იღებთ გადაწყვეტილებას?

– ყოველთვის ძალიან სწრაფად.

ბლიც-კითხვები:

– ესთეტიკური ცენტრის MM სლოგანი?

– ”ვზრუნავთ ესთეტიკურ სილამაზეზე!”

– რომელია ყველაზე ძვირადღირებული პროცედურა თქვენს ცენტრში?

– ყველაზე ძვირ პროცედურად სახის სრული რემოდელირება ითვლება, რაც მოცულობის და ელასტიურობის აღდგენას და კორექციას ითვალისწინებს.

– რა მთავარი თვისება უნდა ჰქონდეს მსურველს, თქვენს კომპანიაში სამუშაოს მისაღებად?

– პირველ რიგში შესაბამისი კვალიფიკაცია უნდა ჰქონდეს.

– როგორ იწყება თქვენი დილა, ყავით თუ ნატურალური წვენით?

– დილაობით ორივე ძალიან მიყვარს.

– რა უფრო მოგწონთ გადატვირთული სამუშაო დღის შემდეგ – აუზი თუ კალორიული ვახშამი?

– გაჩნია რა განწყობაზე ვბრუნდები სახლში.

– გაქვთ თუ არა აქსესუარი, რომლის გარეშეც სახლიდან არ გამოდიხართ?

– საათის გარეშე არასდროს გამოვდივარ.

– ფანქარი და ფურცელი რომ გქონდეთ, რას დახატავდით გადაცემაში ”წარმატების ფორმულა”?

– მზეს, რადგან ძალიან მიყვარს.

– ვინაა თქვენთვის მისაბაძი ქალბატონი?

– ალბათ მარგარეტ ტეტჩერი.

– რა პროფესიის არჩევაზე ოცნებობდით ბავშვობაში?

– მინდოდა მხატვარი ვყოფილიყავი.

– გაქვთ თუ არა ჰობი?

– გამოცდილი ფლორისტი ვარ და უკვცე 58 ჯიშის ვარდი მაქვს.

– რა მთავარი თვისებები უნდა ჰქონდეს ადამიანს წარმატების მისაღწევად?

– პირველ რიგში არჩეული საქმე უნდა უყვარდეს და მზად იყოს მთელი ენერგია მას დაახარჯოს, რადგან როცა საკუთარი საქმე გიყვარს, წარმატებასაც ადვილად აღწევ.

გადაცემის ჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები