LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკოლოზ კირვალიძე: “მთავარი კარგი გუნდი და გუნდური პრინციპით მუშაობაა”

33

11 ივლისს რადიო ”ფორტუნას” და გვანცა ლაღიძის გადაცემას ”წარმატების ფორმულა” კომპანიის ”დელფოსი” დირექტორი ნიკოლოზ კირვალიძე სტუმრობდა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იურისტის პროფესიის მიღების შემდეგ, ნიკოლოზი საზღვარგარეთ გაემგზავრა, სადაც რამდენიმე კომპანიაში მუშაობდა, საქართველოში დაბრუნების შემდეგ კი, კომპანია ”დელფოსი” დააფუძნა.

– ბატონო ნიკოლოზ, როდის და სად გაიხსნა ”დელფოსის” პირველი მაღაზია, რამდენი ფილიალი გაქვთ დღეს ქვეყნის მასშტაბით და რას სთავაზობთ მომხმარებელს?

– პირველი მაღაზია 2008 წელს გავხსენით რუსთაველის გამზირზე და მეტად ფეხბედნიერი აღმოჩნდა, რადგან პირველი მაღაზიის გახსნის შემდეგ საკმაოდ სწრაფად გავიზარდეთ და განვითარდით. დღეს ”დელფოსი” 11 მაღაზიითა წარმოდგენილი რეგიონების ჩათვლით. ცოტა ხნის წინ ახალი ფილიალი გავხსენით ბათუმში, ”გუდვილის” სავაჭრო ცენტრში. მალე, კიდევ ორი ფილიალის გახსნას ვაპირებთ ისევ ბათუმში.

– თქვენი აზრით, რა განაპირობებს ”დელფოსის” პოპულარობას?

– ვფიქრობ, პოპულარობას ჩვენს მიერ წარმოდგენილი პროდუქციის სიმრავლე განაპირობებს. როგორც იცით, ჩვენ სხვადასხვა ბრენდების ექსკლუზიური წარმომადგენლები ვართ, არანაკლებ მნიშვნელოვანია ხელმისაწვდომი ფასები და ჩვენი ფილიალების სიმრავლე.

– მომხმარებლის რა სეგმენტზეა გათვლილი თქვენი პროდუქცია?

– კონკრეტული სეგმენტი არ გვყავს, რადგან ძალიან ბევრი ბრენდით ვართ წარმოდგენილი და ვცდილობთ ყველასთვის ხელმისაწვდომი ფასები შევინარჩუნოთ, რაც ნებისმიერ მსურველს აძლევს საშუალებას მოვიდეს ჩვენთან და 10 ლარიდან დაწყებული 10 000 ლარით დასრულებული, მისთვის სასურველი ნივთი შეიძინოს.

– გარდა იმისა, რომ ”დელფოსი” წამყვანი ბრენდების ექსკლუზიური წარმომადგენელია, კიდევ რა უპირატესობა გაქვთ სხვა კომპანიებთან შედარებით და ზოგადად, რამდენად მაღალია კონკურენცია საიუველირო ბაზარზე?

– ბაზარზე მართლაც საკმაოდ მაღალი კონკურენციაა, თუმცა ”დელფოსი” მაინც ახერხებს გარკვეული გავლენის მოხდენას. ჩვენი კომპანია მაღაზიების სიმრავლითაც პირველია, პროდუქციის მრავალფეროვნებითაც და ხელმისაწვდომი ფასებითაც. ვცდილობთ შევინარჩუნოთ ლიდერის პოზიცია და ჩვენთან მოსული მომხმარებელი ყოველთვის სასიამოვნო სიურპრიზებით გავახაროთ.

– რა პრინციპით ირჩევთ კოლექციებს, ღებულობთ თუ არა თავად მონაწილეობას პროდუქციის არჩევაში?

– ჩვენ ძირითადად იმ კოლექციას ვირჩევთ, რომელზეც წლის განმავლობაში ვიმუშავებთ. მოგვაინებით, ჩვენი მენეჯერები კონკრეტულ პროდუქციას ირჩევენ, რაშიც მეც ყოველთვის აქტიურად ვმონაწილეობ.

–  რამდენ თანამშრომელს აერთიანებს ”დელფოსი”?

– დღეს ”დელფოსში” 65 თანამშრომელია. თუმცა, მომავალში გაფართოებას და თანამშრომელთა რიცხვის გაზრდას ვაპირებთ.

– კმაყოფილი ხართ თუ არა თანამშრომლების კვალიფიკაციით და რამდენად რთულია დღეს პროფესიონალი კადრების მოძიება?

– შესაბამისი კვალიფიკაციის თანამშრომლების მოძიება არც ისე მარტივია. თუმცა, მთავარია ადამიანში გონებაგახსნილობა დავინახოთ, მერე კი, თვითონ ვუტარებთ სხვადასხვა ტიპის ტრენინგებს.

– გყავთ თუ არა საზღვარგარეთიდან მოწვეული სპეციალისტები?

– უცხოელები ხშირად ჩამოდიან ჩვენთან. საზღვარგარეთ, გამოფენებსა და სხვა მნიშვნელოვან ღონისძიებებზე კი, ის თანამშრომელები მიემგზავრებიან, ვისაც ”დელფოსის” ყველა ფილიალთან აქვს შეხება.

– ”დელფოსის” გახსნის შემდეგ, ქვეყანამ საკმაოდ ბევრი ეკონომიკური კრიზისი განიცადა, რაც მომხმარებელზეც საკმაოდ მძიმედ აისახა. როგორ მოახერხა თქვენმა კომპანიამ კრიტიკული სიტუაციის დაძლევა და მომხმარებლის შენარჩუნება?

– როგორც უკვე ავღნიშნე, ჩვენი კომპანია 2008 წელს დაარსდა და არსებობის მანძილზე უამრავი კრიზისი გამოიარა, თუმცა, ამ პროცესებს ჩვენთვის განსაკუთრებული სირთულე არასდროს შეუქმნიათ.

– რამდენად რთული იყო იმ პერიოდში ბიზნესის დაწყება?

– მაშინ ქვეყანა ისეთ მძიმე მდგომარეობში იყო, არა თუ ბიზნესის, ბევრს საქართველოში დარჩენაც არ უნდოდა. თუმცა, ვფიქრობ, თუ ადამიანს საკუთარ ქვეყანაში რაიმეს კეთება უნდა, ის აუცილებლად მოძებნის სფეროს საკუთარი შესაძლებლობების რეალიზაციისთვის და თუ ამას მონდომებით გააკეთებს, წარმატებასაც აუცილებლად მიაღწევს.

– თქვენი აზრით, რამდენად ხელსაყრელი გარემოა დღეს ბიზნესისთვის?

–  დღესაც რჩება უმარავი სფერო, სადაც თავისუფლად შეიძლება ბიზნესის კეთება. პირადად მე დიდი სიამოვნებით მოვსინჯავდი ძალებს ტურიზმის სფეროში და სასტუმროს ქსელს გავაკეთებდი.

– რა მთავარი თვისებები უნდა ჰქონდეს ხელმძღვანელს ლიდერის პოზიციის შესანარჩუნებლად და რა არის საჭირო კარგი მენეჯმენტისთვის?

– მთავარი კარგი გუნდი და გუნდური პრინციპით მუშაობაა. არანაკლებ მნიშვნელოვანია შრომისმოყვარეობა, რადგან სწორედ საკუთარი დაუღალავი შრომით უნდა მისცე მაგალითი მთელ გუნდს.

– რამდენად მკაცრი ხელმძღვანელი ხართ?

– ვფიქრობ, მკაცრი არა, მაგრამ სამართლიანი ხელმძღვანელი ვარ.

– როგორია თქვენი სამომავლო გეგმები, აპირებთ თუ არა რეგიონებში გაფართოვებას და რა სიახლეს უმზადებთ მომხმარებელს?

– როგორც უკვე ავღნიშნე, ცოტა ხნის წინ ფილიალი გავხსენით ბათუმში და ძალიან მალე კიდევ ორს გავხსნით. შემოდგომაზე თბილისში, გლდანის რაიონში ვაპირებთ სამი ახალი ფილიალის გაკეთებას. გარდა ამისა, საკუთარი წარმოების დაწყებას ვგეგმავთ. მინანქრის პროდუქციას წარმოვადენთ, რომელსაც ქართველ მომხმარებელთან ერთად, ქვეყანაში ჩამოსულ უცხოელ სტუმრებსაც შევთავაზებთ. ჩვენი მეორე ფირმა ”კარლა ბისი”, რომელიც ასევე იტალიური პროდუქციითაა წარმოდგენილი, ოქტომბრის თვეში ვენეციური მინის კომპანიის ”ურანოს” შემოყვანას აპირებს. ექსკლუზიური წარმომადგენლები საქართველოში ისევ ჩვენ ვიქნებით და პირველ რამდენიმე მაღაზიასაც ძალიან სწრაფად გავხსნით.

– რა კრიტერიუმებით არჩევთ თანამშრომლებს?

– კონკრეტული მოთხოვნები არ გვაქვს. თუმცა, რადგან ჩვენ საიუველირო სფეროში ვმუშაობთ, მაქსიმალურად ვითვალისწინებთ უსაფრთხოების ნორმებს. მთავარია მომავალი თანამშრომელი ნასამართლევი არ იყოს, გახსნილი გონება და მონდომება ჰქონდეს, დანარჩენს კი, ყველაფერს თვითონ ვასწავლით.

– არის თუ არა საიუველირო ბიზნესი მომგებიანი და რა არის საჭირო ამ სფეროს გასავითარებლად?

– განსაკუთრებით მომგებიანი ნამდვილად არ არის. გაცილებით მომგებიანი სფეროებიც არსებობს. ბიზნესის განვითარებისთვის კი, არა მარტო ნაკეთობის სილამაზიუს შეფასებაა საჭორო, არამედ თანამედროვე მოდელების და თრენდების კვალიციციური ცოდნა და პროფესიონალიზმი.

– რომელი იყო თქვენს მიერ დაგეგმილი ყველაზე წარმატებული პიარ-კამპანია?

– სამი წლის წინ, საახალწლოდ აქცია ”1+1” გავაკეთეთ და მომხმარებელს ერთ შეძენილ ნივთთან, მეორე საჩუქრად გავუკეთეთ. იმ პერიოდში ვალუტის კურსი გვიწყობდა ხელს. იმედი მაქვს ლარი ძალიან მალე გახდება სტაბილური და მსგავსი აქციებით ჩვენს მომხმარებელს ხშირად გავანებივრებთ.

– რამდენად სწრაფად იღებთ გადაწყვეტილებას?

– სიტუაციას გაჩნია. ზოგჯერ სწრაფად გადაწყვეტაა საჭირო, ზოგჯერ კი, პირიქით, ნაჩქარევ გადაწყვეტილებას საკმაოდ ცუდი შედეგი მოაქვს.

ბლიც-კითხვები:

– რა სლოგანი აქვს ”დელფოსს”?

– ”ბრწყინვალე მიზეზი ბედნიერებისთვის!”

– ფრაზა, რომლითაც საკუთარ თავს ამხნევებთ?

– რთულ სიტუაციებისთვის ორი ფრაზა მაქვს: ”არ მოკვდე, სანამ ცოცხალი ხარ!” და ”ესეც გაივლის!”

– დღის განმავლობაში ძირითადად სად ეცნობით ახალ ინფორმაციას?

– დღის გრაფიკიდან გამომდინარე, ახალ ინფორმაციას ძირითადად ინტერნეტით ან რადიოთი ვეცნობი.

– როგორ ისვენებთ გადატვირთული დღის შემდეგ?

– გადატვირთული დღის შემდეგ, საუკეთესო დასვენება ჩემთვის შვილებთან ერთად თამაშია.

– რა პროფესიას შეითავსებდით დამატებით?

– ძალიან კმაყოფილი ვარ საკუთარი საქმიანობით, თუმცა სიამოვნებით ვიმუშავებდი რომელიმე დიდ კომპანიაში გაყიდვების ხელმძღვანელად.

– სად ისურვებდით მოგზაურობას?

– ძალიან მინდა ინდოეთში მოგზაურობა და ამ ქვეყნის კარგად გაცნობა. თუმცა, ჩემი ოჯახი ახლა რაჭაში ისვენებს და მათაც დიდი სიამოვნებით შევუერთდებოდი.

– აქსესუარი, რომლის გარეშეც არასდროს გამოდიხართ სახლიდან?

– ჯვარი და ქორწინების ბეჭედი.

– საჩუქრის მიღება უფრო დიდ სიამოვნებას განიჭებთ თუ მისი გაცემა?

– სიმართლე გითხრათ, საჩუქრის მიღება უფრო მსიამოვნებს, რადგან მიღების დროს უფრო უხერხულობას ვგრძნობ, ვიდრე სიამოვნებას.

– ფანქარი და ფურცელი რომ გქონდეთ, რას დახატავდით გადაცემაში ”წარმატების ფორმულა”?

– კაცს დავხატავდი დიდი ფრთებით, რომელიც ცისკენ მიფრინავს.

– თქვენი აზრით, რა მთავარი თვისებები უნდა ჰქონდეს ადამიანს წარმატების მისაღწევად?

– როგორც უკვე აღვნიშნე, მთავარია ნათელი გონება და მიზანდასახულობა ჰქონდეს, თუმცა ცოტა იღბალიც აუცილებელია.

გადაცემის ჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები