LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო ზამბახიძე: „წარმატება მხოლოდ მარცხის შემდეგ მოდის“

27

26 სექტემბერს რადიო ”ფორტუნას” და გვანცა ლაღიძის გადაცემას ”წარმატების ფორმულა” ფერმერთა ასოცოაციის თავმჯდომარე, ქალბატონი ნინო ზამბახიძე სტუმრობდა.

ნინო ზამბახიძის მონაცემები და სამუშაო გამოცდილება:

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის საბჭოს წევრი, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს გრანტების შესარჩევი კომისიის წევრი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიწის ფასთწარმოქმნის კომიტეტის წევრი, სურსათის ეროვნული სააგენტოს წევრი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განათლებისა და მომზადების ეროვნული პროფესიული საბჭოს წევრი, კოპა-კოჯეკას პარტნიორი, საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ალიანსის წევრი, საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის საბჭოს წევრი, საქართველოს მეწარმეთა კავშირის დამფუძნებელი და საბჭოს წევრი, ეკონომიკური პოლიტიკის ადვოკატირების კოალიციის დამფუძნებელი, აღმოსავლეთ პარტნიორობა – საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრი.

* * *

14466385_1304555379564090_1416054037_o– ქალბატონო ნინო, უზარმაზარი სამუშაო გამოცდილების გათვალისწინებით, საინტერესოა, როგორ გადადგით პირველი ნაბიჯი სოფლის მეურნეობის სფეროში?

– სოფლის მეურნეობა ჩემს კარიერაში ახალი სფერო იყო, რომელიც 2008 წელს დავიწყე ერთ-ერთი მსხვილი აგროკომპლექსის დამფუძნებლის და ხელმძღვანელის რანგში. სწორედ ამ სამუშაო გამოცდილებამ მიმიყვანა იქ, სადაც დღეს ვარ.

– შედარება რომ გავაკეთოთ, რა მდგომარეობა იყო სოფლის მეურნეობაში მაშინ, როცა თქვენ მიხვედით და რა ცვლილებები განხოირციელდა ამ წლების განმავლობაში?

– რა თქმა უნდა, დღვანდელი სიტუაცია მნიშვნელოვნად განსხვავდება იმისგან, რაც დამხვდა. 2008 წლიდან არაერთი პროექტი განვახორციელე ამ სფეროში. მართალია, თავიდან ძირითადად დონორ ორგანიზაციებთან ერთად ვმუშაობდი რეგიონებში, მაგრამ ახლა ერთ-ერთი მსხვილი აგროკომპლექსის ხელმძღვანელი ვარ. სოფლის მეურნეობის სფეროში არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, ისეთი ასოციაციის შექმნა გადავწყვიტე, რომელიც ერთგვარი შუამავალი იქნებოდა ხელისუფლებასა და ფერმერებს შორის. უამრავი პრობლემა ჰქონდათ ფერმერებს, რომლებიც არც მაშინ და სამწუხაროდ არც ახლა სრულფასოვნად გადაწყვეტილი არაა. სოფლის მეურნეობა წლების განმავლობაში იყო მიტოვებული, არადა, მოსახლეობის 47%-ს, რომელიც ამ სფეროშია ჩართული, მიხედვა და სერიოზული ყურადღების მიქცევა სჭირდება.

– ძალიან ბევრ პროგრამას ახორციელებს სახელმწიფო. როდის მოიტანს ეს ყველაფერი ეკონომიკურ ეფექტს და დაიწყო თუ არა შედეგების შეჯამება?

– გეთანხმებით, მართლაც ძალიან ბევრი კარგი პროექტი ხორციელდება. ამ ეტაპზე ნაკლებად შემიძლია ვისაუბრო შედეგებზე, რადგან სოფლის მეურნეობის დარგი საკმაოდ გრძელვადიანი ინვესტიციაა. ოთხ წელიწადში ეკონომიკური ეფექტის მიღება საკმაოდ რთულია, რადგან სხვადასხვა პროგრამას სხვადასხვა უკუგება აქვს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ დაანონსებული მილიონი ლარი ნამდვილად დაიხარჯა სოფლის მეურნეობაში, შეიქმნა ბევრი ახალი მცირე და საშუალო ბიზნესი, უკვე არსებული კი, მნიშვნელოვნად განვითარდა. თუმცა, აუცილებლად უნდა გავუსვათ ხაზი, რომ გამოწვევა დღესაც ძალიან ბევრია.

14513531_1304555456230749_1845818121_o– როგორ შეაფასებდით განვლილ ოთხ წელიწადს?

– როგორც უკვე ავღნიშნე, მიუხედავად უამრავი პრობლემისა, მართლაც ძალიან ბევრი საინტერესო პროექტი განხორციელდა. არსებული პრობლემებიდან პირველ რიგში არასწორ ეკონომიკურ განვითარებას გამოვყოფდი, რომელიც მიწაზე დაწესებული მორატორიუმითაა  განპირობებული. სწორედ ამან შეუშალა ხელი როგორც უცხოურ პირდაპირ ინვესტირებას, ისე ინტელექტუალური კაპიტალის მოზიდვას. დღეს სოფლის მეურნეობაში ყველაზე დიდ პრობლემას განათლება წარმოადგენს. გამომდინარე იქიდან, რომ დარგი მრავალი წლის მანძილზე იყო მიტოვებული, სათანადო ყურადღება არც პროფესიულ განათლებას ექცეოდა, საერთაშორისო ტექნოლოგიები კი, არც მაშინ იყო ფერმერებისთვის ხელმისაწვდომი და სამწუხაროდ, არც ახლაა. მიწის მორატორიუმზე საუბრისას, იმედი გვქონდა, რომ უცხოელი ინვესტორები არა მარტო ინვესტიციებს განახორციელებდნენ, არამედ ჩვენს ფერმერებსაც დაეხმარებოდნენ განვითარებაში, რადგან უცხოელები როგორც წესი საკუთარი ტექნოლოგიებით მოდიან. საუკეთესო მაგალითად ამ შემთხვევაში ”ფერერო” გამოდგება, რომელმაც ძალიან განავითარა თხილის მიმართულება და თუ დღეს ერთ-ერთ მსხვილ ინვესტორობაზე გვაქვს ამბიცია – ეს სწორედ ”ფერეროს” დამსახურებაა.

– რას იტყოდით სახელმწიფოს სუბსიდირების პროგრამაზე?

– სიმართლე გითხრათ, მე ხშირად ვაკრიტიკებ ხელისუფლებას ამ თემასთან დაკავშირებით, რადგან მიმაჩნია, რომ ხელისუფლების ინტერვენცია სუბსიდირების მიმართულებით არასწორია. თუმცა, ვერ ვუარყოფ, რომ საწყის ეტაპზე დარგისთვის ეს აუცილებელი იყო, რადგან  ისეთი მექანიზმის შექმნა გახდა საჭირო, რომელიც ფერმერისა  და ბიზნესმენის მოტივაციას გაზრდიდა. ახლა კი, ვფიქრობ დროა, ხელისუფლებამ უკან უნდა დაიხიოს და გამოვიდეს სუბსიდირების პროგრამიდან, რადგან ეს არასწორი ინსტრუმენტია, რომელიც ერთის მხრივ სახელმწიფოს ეკონომიკას აყენებს ზიანს, მეორეს მხრივ კი, წახალისების ნაცვლად, დათვურ სამსახურს უწევს მეურნეს. მართალია, მცირე და საშუალო ბიზნესის შექმნაზე საუბრისას, ყველა შევთანხმდით სუბსიდირების აუცილებლობაზე, მაგრამ დროთა განმავლობაში განაწყენებული ფერმერებიც ვნახეთ, ვინც ვერანაირი სიკეთე ვერ მიიღო იმ სამთავრობო პროექტებიდან, როგორიც თუნდაც იაფი რესურსის ხელმისაწვდომობა იყო, რადგან ზოგიერთს პრობლემები შეექმნა ბანკთან. როგორც უკვე ავღნიშნე, ქვეყნის მოსახლეობის 47% – რაც ჩემი აზრით საკმაოდ მნიშვნელოვანი ციფრია – სოფლის მეურნეობაშია ჩართული. გამომდინარე აქედან, თანაბრად არიან უკმაყოფილოებიც, ისინიც, ვინც კმაყოფილი დარჩა ამგვარი პროგრამებით. არ შემიძლია არ ავღნიშნო ფერმერების კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემა – მოსავლის რეალიზება. საკმაოდ ქაოტურია ეს პროცესი. მაგალითად, წელს ხორბლის უპრეცენდენტო მოსავალი იყო, ფასმა დაიწია, რამაც ფერმერების უკმაყოფილება გამოიწვია, რადგან მათ ვერ გაყიდეს საკუთარი პროდუქცია. ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს საკონსოლიდაციო ცენტრები ან ისეთი მსხვილი ბიზნეს-ოპერატორები, რომლებიც ამ მიმართულებით იმუშავებდნენ. თუმცა, ვფიქრობ, ეს საკითხიც სწრაფად მოგვარდება, რადგან ხელისუფლებასთან კომუნიკაციის პრობლემა არ გვაქვს, ბიზნესი და არასამთავრობო სექტორიც აქტიურადაა ჩართული ამ პროცესებში და კონსულტაციებიც საკმაოდ ხშირად იმართება.


14466874_1304555466230748_312378880_o– რამდენად თანამშრომლობთ პოლიტიკურ პარტიებთან, აქვთ თუ არა მათ სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული პროგრამები?

– კომუნიკაცია ყველა პოლიტიკურ პარტიასთან გვქონდა და ბევრი დაინტერესდა რეგიონის პრობლემებით. მართალია, გვითხრეს, თითქოს ამ პრობლემების გათვალისწინებით შეადგენდნენ საკუთარ პროგრამებს, მაგრამ ჯერჯერობით ხელშესახები არაფერი მინახავს.

– თქვენი აზრით, პირველ რიგში რა უნდა გაკეთდეს?

– პირველ რიგში ძალიან დიდი ინვესტიცია უნდა ჩაიდოს განათლებაში. არანაკლებ მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურის განვითარება, უნდა შეიქმნას მოქნილი სადაზღვევო მექანიზმი, რადგან მხოლოდ ასე შევძლებთ დავაღწიოთ თავი ხელისუფლების სუბსიდირებას და შევქმნათ ბიზნესზე ორიენტირებული ფერმერები, რომლებიც თვითონ გადაწყვეტენ, რა მიმართულებით უნდათ მუშაობა. თუმცა, აუცილებლად უნდა გავუსვა ხაზი, რომ ეს მხოლოდ გრძელვადიანი ინვესტირებაა, და თუ ჩვენ ისევ მოკლე პერიოდზე გავაკეთებთ აქცენტს, მაშინ შედეგიც არასასურველი იქნება.

– ზოგადად ქალის როლზე რომ ვისაუბროთ, როგორ უნდა მოიპოვოს ქალმა ლიდერის პოზიცია ბიზნესში, დაეხმარება თუ არა ამას ხელისუფლებაში მეტი ქალბატონის ყოფნა და თქვენი აზრით, რა კამპანია უნდა გატარდეს ამისთვის?

– საერთოდ, ხელოვნური არაფერი მომწონს. ვფიქრობ, საქართველოში აბსოლუტურად ბუნებრივად განვითარდა პროცესები და დღეს უკვე თვალშისაცემია ქალბატონების აქტიურობა, რაც პირველ რიგში უამრავი ხელშემწყობი პროექტის და ტრენინგის დამსახურებაა. პრობლემები უფრო რეგიონებშია, რადგან კულტურული მემკვიდრეობით ჩვენს საზოგადოებაში მამაკაცი ყოველთვის დომინანტი იყო. ვფიქრობ, სტერეოტიპები ნელ-ნელა დაიმსხვრევა და ქალი აუცილებლად მამაკაცის თანასწორი გახდება.

– რა შიდა განაწესი გაქვთ სამსახურში და როგორია თანამშრომლებთან ურთიერთობის ეტიკეტი?

– სამსახურში მეტად მეგობრული ატმოსფერო გვაქვს შექმნილი, რადგან წარმოუდგენელია, სოფლის მეურნეობის სფეროში ეტიკეტის კონკრეტული ფორმის განსაზღვრა და დაცვა. ვფიქრობ, ძალიან რთულია ზოგადად ბიზნესის და პირველ რიგში სოფლის მეურნეობის მართვა, თუ თანამშრომლებს უშუალო და ახლო ურთიერთობა არ აქვთ ერთმანეთთან. ბევრმა შეიძლება არ იცის, მაგრამ სოფლის მეურნეობა ძალიან რთული და მასშტაბური სფეროა, რომელსაც უამრავი ნიუანსი აქვს.

– ყველაზე მეტად რა თვისებებს აფასაბეთ თანამშრომლებში?

– მიყვარს, როცა ადამიანს პასუხისმგებლობის გრძნობა აქვს. რადგან, მხოლოდ ამ შემთხვევაში შემიძლია მისი ბოლომდე ნდობა.

– რამდენ თანამშრომელს აერთიანებს თქვენი ასოციაცია?

– თავიდან სამმა ადამიანმა დავიწყეთ, დღეს კი, უკვე 30 თანამშრომელი გვყავს.

– როგორ იწყება თქვენი საქმიანი დილა?

– სამსახურში ადრე მივდივარ და ყველა თანამშრომელთან ოთახში შევლით ვიწყებ დილას.

– სად ეცნობით დღის სიახლეებს?

– ძირითადად სოციალურ ქსელს მივმართავ. ძალიან კარგი გუნდი მყავს, რომელიც ყველა ინფორმაციას და პირველ რიგში სოფლის მეურნეობის სფეროში არსებულ სიახლეებს ზუსტად და ოპერატიულად მაწვდის.

– რამდენად სწრაფად იღებთ გადაწყვეტილებას?

– ძალიან სწრაფი ვარ. სულ მგონია, სწრაფად თუ არ გავაკეთე, ის საქმე არასდროს არ გამოვა. ვფიქრობ, ამგვარი მიდგომა გამართლებულია, რადგან ჩვენ ნამდვილად არ გვაქვს ზედმეტ განხილვებში დასაკარგი დრო, მაშინ, როცა პრობლემის მოგვარება სწრაფად შეიძლება.

ბლიციკითხვები:

– რა საჩუქარი გახარებთ ყოველთვის?

– მინიატურული ძროხა, რადგან ძროხების კოლექცია მაქვს.

– ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად მიმართავთ დღის განმავლობაში?

– ”რაც არ მკლავს, ის მაძლიერებს!”

– გაქვთ თუ არა ბავშვობის აუხდენელი ოცნება?

– სიმართლე გითხრათ, ასეთი ოცნება არ მაქვს.

– საკუთარი პროექტებიდან რომლით ამაყობთ ყველაზე მეტად?

– ალბათ ყველაფერი, რაც აგროსექტორში შევქმენი, მათ შორის ჩემი საწარმო თავისი ინფრასტრუქტურით და განსაკუთრებით ფერმერთა ასოციაცია.

– სად ისვენებთ გადატვირთული სამუშაო დღის შემდეგ?

– რთული დასაჯერებელია, მაგრამ განტვირთვის ადგილიც სამსახურია.

– გყავთ თუ არა იდეალი?

– ამ ეტაპზე ალბათ ჰილარი კლინტონი. ვფიქრობ, ქალის როლის გაძლიერებაში ამ ქალბატონმაც უზარმაზარი წვლილი შეიტანა.

– რა პროფესიას შეითავსებდით თავისუფალი დროისა და რესურსების არსებობის შემთხვევაში?

– უკვე შევითავსე და ჟურნალისტი გავხდი.

– ფანქარი და ფურცელი რომ გქონდეთ, რას დახატავდით გადაცემაში ”წარმატების ფორმულა”?

– ალბათ ხეს, რადგან ძალიან მიყვარს ხეების ხატვა. სხვათაშორის, სწორედ ხეა ჩვენი ასოციაციის ლოგო და სიმბოლო.

– თქვენი აზრით, რა მთავარი თვისებები უნდა ჰქონდეს ადამიანს წარმატების მისაღწევად?

– პირველ რიგში თვითრწმენა უნდა ჰქონდეს, მიზანდასახული იყოს და ზუსტად იცოდეს, რისი გაკეთება სურს. გარდა ამისა, არასდროს უნდა შეეშინდეს მარცხის და ყოველთვის ახსოვდეს, რომ წარმატება, მხოლოდ მარცხის შემდეგ მოდის. არანაკლებ მნიშვნელოვანია რისკი და გამბედაობა. მართალია, დღეს მთელი მსოფლიო რისკების შემცირებას ცდილობს, მაგრამ ჩემი აზრით, მთავარი მაინც საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღების უნარია, რადგან ელოდო სხვას, როდის გააკეთებს შენს საქმეს – არასწორი პოზიციაა.

გადაცემის ჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები