LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როდესაც ათობით ქალი იწყებს საუბარს, სოციალური ცვლილებები იწყება

8

20 მარტს რადიო „ფორტუნას“ და გვანცა ლაღიძის გადაცემას „წარმატების ფორმულა“ მაია ჩიტაია სტუმრობდა.

საგამომძიებლო ჟურნალისტიკაში ხანგრძლივი მუშაობის შემდეგ ქალბატონმა მაიამ კომუნიკაცეებისა და მარკეტინგის სფეროში გადაინაცვლა. ახლა კი, გენდერული საკითხებითაა დაინტერესებული და ძირითადად განვითარების სფეროს პროექტებზე მუშაობს.

– ქალბატონო მაია, რატომ აირჩიეთ ჟურნალისტის პროფესია?

– ყველა თინეიჯერის მსგავსად, მეც ძალიან მინდოდა ვყოფილიყავი წარმატებული. თავიდან თეატრალურ ინსტიტუტში ვაპირებდი ჩაბარებას, თუმცა, მშობლებმა გადამაფიქრებინეს და საბოლოოდ ჟურნალისტის პროფესია ავირჩიე. სამწუხაროდ, იმ პერიოდში საკმაოდ დაბალი იყო განათლების დონე და საკმარისი ცოდნა ვერ მივიღე. ამიტომ, თვითგანათლების მეთოდს მივმართე და პროფესიის შესწავლა დამოუკიდებლად დავიწყე. მართალია, მქონდა ჩავარდნები, რადგან იძულებული ვიყავი გარკვეული დრო შვილებისთვის დამეთმო და უარი მეთქვა თვითგანვითარებაზე, მაგრამ მივხვდი, რომ თუ სწრაფად არ დავდგებოდი ფეხზე, ძალიან გამიჭირდებოდა შვილების გაზრდაც და მათთვის წარმატებული ადამიანის მაგალითის მიცემაც. უამრავი ტრენინგი გავიარე, საკუთარი თავი ძალიან ბევრ სფეროში გამოვცადე და საბოლოოდ გენდერული საკითხების შესწავლა გადავწყვიტე, რაც ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია და საკმაოდ დიდი არეალია სამუშაოდ, რადგან უამრავი კარგი საქმის გაკეთება შეიძლება.

– საკუთარმა პრობლემებმა ხომ არ გადაგაწყვეტინათ გენდერული პრობლემებით დაინტერესება?

– ჩემი აზრით, არ არსებობს ქალი, რომელსაც საკუთარ თავზე არ გამოუცდია ჩაგვრა, უბრალოდ ყველას არ აქვს ამის გაცნობიერების საშუალება. ბევრს ჩაგვრა პირდაპირი მნიშვნელობით ესმის, თითქოს ეს აუცილებლად მონათმფლობელური წყობილება უნდა იყოს. სინამდვილეში, ჩაგვრა ყველგანაა იძულების ან შეზღუდვების ფორმით, რომელსაც კულტურა და ტრადიციები აწესებს, უბრალოდ, ამას კარგად დაფიქრება და გააზრება სჭირდება.

– რა მთავარი პრობლემები გამოიკვეთა პროექტზე „ქალები საქართველოდან“ მუშაობის დროს?

– ჩვენმა პლატფორმამ ძალიან ბევრ ქალს აჩვენა საკუთარი ჩაგვრის მიზეზები და ერთგვარი სახელი დაარქვა ამ პრობლემას. როცა ქალი საკუთარ პრობლემაზე საუბრობს, მას ყოველთვის დასცინიან, როცა რამდენიმე ქალი ლაპარაკობს – მათზე ბრაზდებიან, თუმცა, როდესაც ათობით ქალი იწყებს საუბარს, მაშინ სოციალური ცვლილებებიც იწყება, რადგან  სწორედ სიმრავლე ქმნის პრეცენდენტს და არწმუნებს ადამიანებს რომ პრობლემა რეალურია.

– თქვენი აზრით, რატომ არ აქვთ ქალების სიტყვას ფასი?

– ჩემი აზრით, ამგვარი პრობლემა კულტურული ტრადიციებითაა განპირობებული, რომელიც შუასაუკუნეებში დაიწყო და დღემდე გრძელდება. თუმცა, ეს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ზოგადად მთელი მსოფლიოს პრობლემაა. უბრალოდ, მსოფლიომ ცოტა გაგვასწრო და ჩვენზე ადრე მიხვდა, რომ სქესებს შორის თანასწორობის დაცვაა საჭირო. ჩვენ ჯერ ვეწევით მათ, თუმცა მჯერა, რომ საკმაოდ სწრაფად შევძლებთ ავუწყოთ სამყაროს ფეხი.

– რამდენი ისტორია შევიდა თქვენს წიგნში, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ გამოიცა?

– წიგნმა 150 ისტორია გააერთიანა. ძალიან კარგი გამოცემა გამოვიდა, რომელმაც საშუალება მოგვცა კიდევ ერთხელ გადავავლოთ თვალი  ქალების პრობლემებს და დავინახოთ, რომ დღესაც ძალიან ბევრის  უფლება ირღვევა, განსაკუთრებით რეგიონში.

– რამდენად განსხვავდება რეგიონებში არსებული სიტუაცია დედაქალიქისგან?

– განსხვავება ძალიან დიდია. რადგან იქ ყველაფერი შეზღუდულია. არსებობს ერთი საერთო კულტურა, სუბკულტურებს კი, განვითარების ნაკლები შანსი აქვთ.

– როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

– ახლო მომავალში მულტიმედიურ პლატფორმაზე ვაპირებთ გადასვლას და ფოტოებთან ერთად ჩვენი წიგნის პერსონაჟების აუდუიო-ვიზუალურ მასალასაც წარმოვადგენთ, რათა მკითხველი მათ რეალურ სივრცეში გაეცნოს. გარდა ამისა, საქართველოში მცხოვრები უცხოელი  ქალბატონების ჩაწერა გვინდა, რადგან ძალიან გვაინტერესებს მათი შეხედულება. მოგვაინებით კი, საერთაშორისო ასპარეზზე ვგეგმავთ გასვლას, რათა უფრო დიდი ყურადღება დავუთმოთ ქართველ ემიგრანტებს საზღვარგარეთ.

– რას ნიშნავს თქვენთვის წარმატება და როდის მიხვდით, რომ წარმატებული ქალი ბრძანდებოდით?

– სიმართლე ვთქვა, წარმატებულად ნაკლებად ვგრძნობ თავს, რადგან წარმატება საკმაოდ პირობითი მცნებაა, რომელიც ყველას თავისებურად ესმის.

– როდის გრძნობთ თავს ყველაზე კომფორტულად?

– ჩემთვის კომფორტი იმ ადამიანებთან თანასწორობაა, ვისთანაც ვმუშაობ.  ვფიქრობ, წარმატების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი  გაცნობიერებაა იმისა, რომ რაც არ უნდა მაღალი თანამდებობა გქონდეს, პირველ რიგში მაინც კოლეგების თანასწორი – რიგითი თანამშრომელი ხარ.

– თქვენი აზრით, რამდენი ადამიანია საჭირო წარმატებული მუშაობის და შედეგის მისაღწევად?

– არ მგონია არსებობდეს მზა ფორმულა. ჩვენს გუნდში ოთხი ადამიანია გართიანებული და ძალიან კარგად გამოგვდის საქმის კეთება, რადგან მთავარი ისევ თანასწორობაა და არა იერარქიული წყობა, რადგან სადაც იერარქია ჩნდება, იქ იდეოლოგიური გახლეჩვა იწყება, ადამიანური ინსტინქტები იღვიძებს და ისეთი ქვენაგრძნობები გამოდის წინა პლანზე, როგორიცაა შური, კონკურენცია და მრავალი სხვა, რასაც ძალიან ვეწინააღმდეგები, რადგან არასდროს ვემხრობოდი კონკურენციას. შესაძლოა, ამგვარი მოსაზრების გამო ბევრმა გამაკრიტიკოს, მაგრამ მე მაინც ჩემს აზრზე ვრჩები, რადგან ჩემთვის ამომავალი წერტილი ადამიანი და ადამიანური ურთიერთობებია, კონკურენცია კი, ძალიან ხშირად არღვევს უფლებებს, ფუჭდება ურთიერთობა ადამიანებს შორის და იწყება ერთმანეთის შეურაცხყოფა, რომელიც სოციალური ქსელების წყალობით ძალიან ხშირად საჯაროც ხდება.

– რა მთავარი თვისებები უნდა ჰქონდეს ძლიერ ქალს, რომელთანაც სიამოვნებით ითანამშრომლებდით?

– ძალიან ვაფასებ გულწრფელობას, რადგან ეს ის უნარია, რომელიც ადამიანს საკუთარი შეცდომების აღიარების და საკუთარ სისუსტეებზე საუბრის საშუალებას აძლევს.

– რომელ პროფესიაში ვერ ხედავთ საკუთარ თავს და რას ფიქრობთ ქალისა და კაცის პროფესიების დიფერენციაციაზე?

– ჩემი აზრით, არ არსებებოის ქალისა და კაცის პროფესია, არსებობს აღზრდის კულტურა. ჩვენ ბავშვობიდან გვასწავლიდნენ, რომ ბიჭს აუცილებლად ტექნიკური ჭკუა უნდა ჰქონოდა, გოგოს კი, ჰუმანიტარული აზროვნება. სწორედ მე ვარ ამის მსხვერპლი, რადგან ბავშვობიდან შთამაგონებდნენ, თითქოს არ მქონდა მათემატიკური ნიჭი, ამიტომ არც მისწავლია ეს საგანი კარგად. სწორედ ამიტომ, ვერ ვხედავ საკუთარ თავს მათემატიკის ან ეკონომიკის სფეროში.

– რამდენად სწრაფად იღებთ გადაწყვეტილებას?

– როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, ჩემი გონება კრიზისულ სიტუაციებში უფრო კარგად მუშაობს და გადაწყვეტილებებსაც სწორედ მაშინ ვღებულობ ყველაზე სწრაფად.

ბლიც-კითხვები:

– ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად მიმრთავთ დღის განმავლობაში?

– „დავიღალე!“

– ქალბატონებს შორის ვის მიიჩნევთ მიბაძვის საუკეთესო მაგალითად?

– ალბთ ოლღა გურამიშვილს, რომელიც 17 წლის ასაკში წავიდა შვეიცარიაში სასწავლებლად?

– სტერეოტიპი, რომელიც თავად დაამსხვრიეთ?

– ძალიან ბევრი, თუმცა მთავარი სტერეოტიპი მაინც ქალის სისუსტე და უუნარობა იყო, რომელიც საკუთარი მაგალითით დავამსხვრიე.

– რომელია თქვენი საოცნებო პროფესია?

– ბავშვობიდან მსახიობობაზე ვოცნებობდი.

– აქსესუარი, რომლის გარეშეც არასდროს ტოვებთ სახლს?

– მობილური ტელეფონი.

– გაქვთ თუ არა ჰობი, რომლის შესახებაც არავინ იცის?

– საერთოდ ძალიან გულღია ადამიანი ვარ და არაფერს ვმალავ, თუმცა, ძალიან მიყვარს ფილმები კოსმოსზე.

– მისდევთ თუ არა სპორტს?

– ძალიან მიყვარს ცურვა და სნოუბორდი.

– ფურცელი და ფანქარი რომ გქონდეთ, რას დახატავდით გადაცემაში „წარმატების ფორმულა“?

– არ ვიცი რატომ, მაგრამ ყოველთვის ვარსკვლავს ვხატავ.

– თქვენი აზრით, რა არის საჭირო წარმატების მისაღწევად?

– პირველ რიგში აღვნიშნავ, რომ წარმატება მეტწილად გარე ფაქტორებზეა დამოკიდებული, რადგან ყველას არ აქვს განვითარების ერთნაირი პირობები. წარმატების მისაღწევად არანაკლებ მნიშვნელოვანია თანასწორობა, ანუ ყველას ერთნაირად უნდა მივცეთ წარმატების მიღწევის საშუალება. გარდა ამისა, აუცილებელია სტერეოტიპების დამარცხება და თავისუფლად ცხოვრება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები