LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოფო მაქაცარია: “როცა მივხვდი, სხვის ხმის ტემბრს ვერ გადავფარავდი, შევუდექი ბლოგების წერას”

ბლოგებს 4 წელია წერს, ძირითადად სოციალურ თემებზე, რომელიც აქტუალურია. ამბობს, რომ ბლოგ-პოსტის დასაწერად საჭიროა ემოცია, რომელიც ამა თუ იმ მოვლენას ახლავს. გადაცემის “ბლოგერები საუბრობენ” სტუმარია სოფო მაქაცარია.  

 

-ზოგი ამას აღიარებს, ზოგი არა, მაგრამ ყველას გვაქვს დიალოგი საკუთარ თავთან, თანაც ძალიან ხშირად. თავში მუდმივად ტრიალებს ფიქრები, როცა ხარ მარტო, სეირნობ ფეხით ან მართავ ავტომობილს. სწორედ ამ დროს ხდება შენი აზრის სრულყოფილად ჩამოყალიბება ამა თუ იმ საკითხზე. შენი „მე“ მართლა კარგი „მოსაუბრეა“, მაგრამ როცა  ბევრჯერ ნაფიქრი  თემა სხვასთან დებატებში წამოიჭრება ხოლმე, ხშირად პოზიციას ვერ აფიქსირებ. ამ დროს დიდი მნიშვნელობა აქვს ვისთან საუბრობ, როგორია ოპონენტის საუბრის კულტურა და როგორი ხმის ტემბრი გაქვს შენ. ოპონენტი დებატებში ძირითადად არ გისმენს. ხოლო, როცა „კამათს ჭეშმარიტება არ მოაქვს“ მაშინ უნდა წერო. მეც ასე ვქენი პირველად, როცა მივხვდი, სხვის ხმის ტემბრს ვერ გადავფარავდი, შევუდექი „თავისუფალი თემის“ წერას.

როგორია შენი ბლოგის მიზნობრივი აუდიტორია?

ყოველი ბლოგ-პოსტის წინ არის ემოციური ფონი. ძირითადად  ეს ემოცია მოდის თემებიდან, რომელზეც საზოგადოება კონკრეტულ პერიოდში კამათობს. მე განვიხილავ საზოგადოებრივ აზრს. არ ვაკრიტიკებ, ვწერ ფაქტებზე და აზრის გამოტანას მკითხველს მივანდობ. როდესაც ამბავი „ცხელია“ ჩემი ბლოგპოსტის მკითხელიც აქტიურია. ისინი არიან ინტერნეტ მომხმარებლები, რომლებიც დიდ დროსა და ენერგიას უთმობენ საზოგადოებრივ პრობლემებზე, მენტალიტეტზე, იდეებზე, ახალ ინიციატივებზე  მსჯელობას და კამათს. ანუ ჩემი  მკითხველი დაახლოებით 18-დან 65 წლამდე  ინტერნეტმომხმარებელია.

 

როგორ რეაგირებ შეფასებებზე?

ჩემი ბლოგპოსტები არც ისე ხშირია, თუმცა გვერდი  მაინც აქტიურად კითხვადია. უარყოფითი  შეფასება იშვიათად მხვდება, ალბათ იმიტომ,  კრიტიკული მე თვითონ არ ვარ და ვცდილობ ბლოგპოსტში საკითხისადმი ყველა სავარაუდო შეხედულება განვიხილო- ანუ პრობლემას ბევრი მხრიდან შევხედო. წერა მაშინ მინდება, როცა  რაიმე პრობლემა საზოგადოების მხრიდან იმდენად ცხარე კამათის საგანია, რომ ბოლოს ისტერიაში გადადის. ისტერიის ეტაპზე უკვე ვეღარ ახერხებ პოზიციის დაფიქსირებას, რადგან არავინ გისმენს. ვჯდები და ვწერ ყველაფერს, რაც მინდა რომ ვთქვა და მომისმინონ. სიმართლე გითხრათ, ამ დროს წინასწარ შეფასებაზე არ ვფიქრობ. ბლოგი ხომ იმისთვისაა, რომ გარისკო. იგრძნო ძალაუფლება  და ისარგებლო იმით, რომ იქ შენი თავის უფლება შენს ხელშია.

 

შენი ბლოგები ეხმარება ადამიანებს?

დარწმუნებული ვარ,  რომ რაღაც დოზით  აზრის ჩამოყალიბებაში  ეხმარება.  თუნდაც საზოგადოების იმ ნაწილს, რომელსაც „ცხარე კამათის“ საგანზე ჯერ ჩამოყალიბებული პოზიცია არ აქვთ. იმისთვის, რომ გქონდეს ობიექტური აზრი აუცილებელია იცნობდე ბევრ მოსაზრებას ერთად და შეგეძლოს მათი შეჯერება. ჩემი ბლოგპოსტები არის მცდელობა რამდენიმე აზრის ერთად დაფიქსირების. ჩემი აზრით,  ეს მკითხველის მიერ საკუთარი პოზიციის ჩამოყალიბების პროცესში  ძალიან  მომგებიანია. თუმცა არ ვიცი, რამდენად ხშირად გამომდის ეს.

 

წიგნი, რომელსაც ურჩევთ მსმენელს …

ალბათ, ო ჰენრის ნაწარმოებებს. იმიტომ,  რომ ყველაზე მოკლედ, ყველაზე კონკრეტულად და ყველაზე გენიალურად ერთ აბზაცში სწორედ მას შეუძლია დაგანახოს ის, რის დასაწერადაც სხვებს ბევრი ფურცელი სჭირდებათ. გრძელი სიტყვა მოკლედ რომ ითქმის, ჩემი აზრით, ამაზე გენიალური არაფერია, თუმცა ეს რთულია და ბევრს არ შეუძლია.

 

 

ნაბიჯ-ნაბიჯ კატასტროფამდე – რას მოგვიტანს “ონლაინ” ცხოვრება?!

სოფო მაქაცარია

 

რამდენჯერ დაგვიწყებიათ  ახლობლის დაბადების დღე მხოლოდ იმიტომ, რომ იმ დღეს სოციალურ ქსელში არ შესულხართ და იმ დღის იუბილარების სია არ დაგითვალიერებიათ?  რამდენჯერ მორიდებიხართ ოჯახის წევრთან  პირად კონტაქტს მხოლოდ იმის გამო, რომ „ფეისბუქზე“ ფოტოს „ლაიქების“ რაოდენობის დასათვლელად მიიჩქაროდით?  რამდენჯერ დაგზარებიათ გარეთ გასვლა,  რადგან სახლში- კომპიუტერთან გემრიელად მოკალათება გერჩივნათ?

ერთი შეხედვით ეს დიდ პრობლემას არ გავს, თუმცა მერწმუნეთ, მის საბოლოო შედეგებს აუცილებლად შეაფასებენ  – როგორც კატასტროფულს.

იცით თუ არა, რას ნიშნავს ტერმინი „ტექნიკური გაუცხოება“?  თუ არ იცით,  ესე იგი ჩვენს დღევანდელ მთავარ  პრობლემას სახელით არ იცნობთ.  ეს ადამიანებს შორის ადამიანური  კომუნიკაციის „გადაგვარების“ ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია.  ის სამოთხის ვაშლივით იოლი მისაღები და დამღუპველი შედეგის მომტანია. ეს შედეგი კი უკვე გარდაუვალია და მისი პრევენცია შეუძლებელია.

მეტი კონკრეტიკისთვის ტერმინ „ტექნიკური გაუცხოების“  მნიშვნელობას  განგიმარტავთ.  ეს ფილოსოფიური ტერმინია. მის განმარტებაში  ნათქვამია, რომ „ის საზოგადოებას საშინელი ხიფათის წინაშე აყენებს და სიცოცხლისა და ბედნიერების წინააღმდეგაა მიმართული.“  ციტირებას ვახდენ ერთ-ერთი ფილოსოფიური ნაშრომიდან, რომელსაც „ეგზისტენციალური კრიზისის პრობლემა“ ჰქვია: „ტექნიკური გაუცხოება“ – ესაა ადამიანის თვითგაუცხოება, რომელიც წარმოიშობა მისი ტექნიკური საქმიანობის შედეგად, უფრო სწორად, წარმოიშობაიმის გამო, რომ კაცობრიობა თავის ძირითად საქმიანობად ტექნიკურ საქმიანობას მიიჩნევსდა ავითარებს მას სწორედ როგორც ძირითადად საქმიანობას. „ტექნიკური გაუცხოება“ ნიშნავს ადამიანის თვითგაუცხოებას ტექნიკის კულტისა და ფეტიშიზაციის საფუძველზე.“

შეურაცხყოფად  ნურავინ მიიღებთ, მაგრამ  ვიცი,  „ლაიქების“ რაოდენობის დათვლით დაძაბული ტვინებისთვის ამ ციტატის გაგება ცოტა  რთულია. ამიტომ, ვეცდები ტექსტი „შინაურულ  ენაზე მოვქოქო“.

ღამის თენება კომპიუტერთან,  ე.წ. „ლომკა“, 100-ჯერ ნაკლები გაკეთებული საქმე ვიდრე სხვა ცხოვრების დროს, (ანუ ვიდრე ჩვენი ცხოვრება კომპიუტერს ამ დონეზე არ უკავშირდებოდა),  ისტერიული თვითრეკლამა – ანუ საკუთარი პირადი ცხოვრების ყოველ წამს გასაჯაროება…   ვიცი, ერთი შეხედვით აქ  „დამღუპველი“ არაფერია,  თუმცა კაცობრიობა ამ  უზარმაზარი  პრობლემის მიერ მიღებული „ზარალის დათვლას “ მალე დაიწყებს.  ეს პრობლემა  – ანუ თანამედროვე ტექნოლოგიების „უსაქმოდ“ გამოყენება და მათზე  „უმიზნო“ მიჯაჭვულობა სერიულ მკვლელს ჰგავს.  ის სათითაოდ წამლავს ადამიანებს, საბოლოოდ კი უდიდეს დარტყმას საზოგადოების ერუდიციასა და ადამიანურ ურთიერთობებს აყენებს. ვშორდებით წიგნებს და ვივიწყებთ საკუთარ პიროვნებას. ვცდილობთ ჩვენი თავი ისეთი წარმოვაჩინოთ, როგორიც გვსურს და ამას ვირტუალურად  უფრო იოლად ვახერხებთ – ვიდრე პირადად.

ვისაც წაკითხული აქვს რეი ბრედბერის  რომანი „451 გრადუსი ფარენგეიტით“  ის უკეთ გაიგებს,  თუ რა შედეგი შეიძლება მოიტანოს ამ პრობლემამ.  წიგნში სწორედ ის სიტუაციაა აღწერილი,  რომლამდეც „ტექნიკური გაუცხოება“  სულ  მალე მიგვიყვანს. გამოგიტყდებით ეს რომანი ერთბაშად  ვერ წავიკითხე, ის იმდენად მძიმე და დამთრგუნველია, რომ მკითხველმა რამდენიმეჯერ მაინც უნდა შეისვენოს.  რომანი იმ პატარა ქვეყანაზე მოგვითხრობს,  სადაც წიგნები აკრძალულია, ადამიანები თანამედროვე ტექნოლოგიებზე არიან მიჯაჭვულნი, ერთმანეთთან არ კონტაქტობენ, აზროვნება აკრძალული არ აქვთ, თუმცა არც   სჭირდებათ,   შთაგონებული აქვთ რომ ბედნიერნი არიან და იმაზე არ ფიქრობენ, რომ მათ ცხოვრებას არანაირი დანიშნულება და აზრი  არ აქვს. შუშის თვალებით, მიხატული ღიმილითა და უაზრო ყოველდღიურობით დაღლილებს არც კი აინტერესებთ რატომ  ცხოვრობენ ასე- უბრალოდ განაგრძობენ არსებობას.

დამერწმუნე მკითხველო, ჩვენც ძალიან მალე მივალთ ამ სიტუაციამდე.  ამას წინააღმდეობას  მე და შენ ვერ გავუწევთ. განხილვები ფორუმებზე, ისტერიული „ჩექ ინები“, მეგობრების ნახვა მხოლოდ იმიტომ რომ ფოტოებში „დაითაგო“…  ეს ხომ ძალიან გავს მარაზმს?  მაგრამ რაც უფრო მეტი ადამიანი დაფიქრდება ამ დიდ პრობლემაზე,  ეს საფრთხეს მეტად დაასუსტებს. შედეგი გარდაუვალია, თუმცა ჯერ კიდევ შესაძლებელია პროცესის შენელება. ვიაზროვნოთ მეტი, ვიკითხოთ და  ვიურთიერთოთ. ადამიანური კონტაქტისთვის სულაც არ არის საჭირო ტექნოლოგიებზე უარის თქმა  და   „ლამფის“, „კერასინკისა“ და „სიგუას“ ნამცხვრის ეპოქაში დაბრუნება.

 

გადაცემის ჩანაწერი: