LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ ადამიანი მონდომებული, ამბიციური და ენერგიულია, ის ყოველთვის შეძლებს წარმატების მიღწევას

11

28 დეკემბერს რადიო ”ფორტუნას” გვანცა ლაღიძის გადაცემას ”წარმატების ფორმულა” თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე სტუმრობდა.

1992 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის დასრულების შემდეგ, ბატონი ვახტანგი ჯერ ეკონომიკის ინსტიტუტში მუშაობდა უმცროსი მეცნიერ-თანამშრომლის, მერე კი, საქართველოს ფინანსთა მინისტრის თანაშემწის თანამდებობაზე. 1993 წელს თიბისი ბანკის საკრედიტო განყოფილების მენეჯერი გახდა, ორი წლის შემდეგ კი, ბანკის გენერალური დირექტორობა ჩაიბარა.

– ბატონო ვახტანგ, ყველას ძალიან აინტერესებს თქვენი ბანკის ისტორია. რა ნაბიჯების გადადგმა მოუხდა თიბისი ბანკს იმისთვის, რომ დღეს ერთ-ერთი წარმატებული ბანკი გამხდარიყო?

– მინდა აღვნიშნო, რომ ყველაფერი პატარა გუნდმა დაიწყო და რაც მთავარია ნულიდან. დღეს თიბისი ერთ-ერთი გამორჩეული ბანკია არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ რეგიონში, რაც საუკეთესო მაგალითია იმისა, რომ სხვებსაც შეუძლიათ იგივეს ან თუნდაც მეტის გაკეთება, რათა საქართველოში უფრო მეტი წარმატებული კომპანია შეიქმნას. ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ თუ 25 წლის წინ თიბისის არავინ იცნობდა, დღეს კი, ის ერთ-ერთი უძლიერესი ბრენდია, მაშინ სხვებსაც შეუძლიათ იგივე წარმატების მიღწევა.

– როგორ დამკვიდრდა თიბისი ბანკი პირველ ეტაპზე. როგორი იყო ახალი ბრენდის ყველაზე შედეგიანი ქმედება?

– ვფიქრობ, მთავარი და ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იმის განსაზღვრა იყო თუ რისთვის ან ვისთვის არსებობდა ბანკი, როგორც იცით, ჩვენ კერძო სექტორისთვის და ფიზიკური პირებისთვის ვმუშაობთ. რა თქმა უნდა, წარმატება ერთ დღეში არ მოსულა, ყველაფერს ეტაპობრივად და დაუღალავი შრომით მივაღწიეთ. 1995 წელს, როცა ბანკის დირექტორი გავხდი, მას მხოლოდ ერთი ფილიალი და 40 თანამშრომელი ჰყავდა, დღეს კი, ჩვენს ჯგუფში 5000-მდე ადამიანი მუშაობს. ფაქტიურად, ამ წლების განმავლობაში გადადგმულმა სწორმა ნაბიჯებმა აქცია თიბისი ბანკი ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ კომპანიად.

– თქვენი აზრით, რამდენად მნიშვნელოვანია კონკურენცია?

– რა თქმა უნდა კონკურენცია აუცილებელია, რადგან მის გარეშე ვერცერთი ინდუსტრია, მათ შორის ვერც საბანკო სექტორი ვერ განვითარდება. კონკურენცია ის მამოძრვებელი ძალაა, რომელიც 24 საათიან რეჟიმში გაიძულებს იფიქრო განვითარებაზე და იმუშაო ახლის შექმნაზე.

– მრავალწლიანი გამოცდილება რომ გავითვალისწინოთ, რომელი პერიოდი იყო თქვენი ბანკისთვის ყველაზე რთული?

– ბოლო 20-25 წლის განმავლობაში საქართველომ მრავალი სირთულე გამოიარა. ჩვენთვის ყველაზე რთული პერიოდი ალბათ 2008 წლის აგვისტო იყო. თუმცა, ვთვლი, რომ საბანკო სექტორმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო, ანუ მაქსიმალურად დააკმაყოფილა კლიენტების მოთხოვნები და შესაბამისი დაფასებაც დაიმსახურა. ქართული საბანკო სექტორი მეზობელი ქვეყნების ბანკებისგან იმით განსხვავდება, რომ  ბოლო წლებში არცერთი გაკოტრებული და პრობლემური ბანკი არ გვაქვს.

– როგორ აფასებთ ეროვნული ვალუტის კრიზისს. საუბარი იყო ამ პროცესში ბანკების ჩართულობაზე. თქვენი აზრით, რამდენად ადექვატური იყო ეროვნული ბანკის ქმედება იმ პერიოდში?

– ვფიქრობ, ეროვნულმა ბანკმა ადეკვატური და ოპერატიული ნაბიჯები გადადგა. ერთი წელი გავიდა და დღეს რომ შევაფასოთ მაშინდელი მოვლენები აღმოჩნდება, რომ მეზობელმა ქვეყნებმა, რომლებსაც გაცილებით დიდი საერთაშორისო რეზერვი ჰქონდათ, უფრო მეტად იზარალეს, ვიდრე საქართველომ. აზერბეიჯანმა დაახლოებით 9 მილიარდი დოლარი დაკარგა, ერთი კვირის წინ კი, იძულებული გახდა საკმაოდ მნიშვნელოვანი დევალვაცია მოეხდინა და ეს მაშინ, როცა ის გაზისა და ნავთობის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ექსპორტიორია. ჩემი აზრით ეროვნულმა ბანკმა სწორი ნაბიჯები გადადგა, მითუმეტეს, რომ ჩვენ არასდროს გვქონია ამ მოცულობის საერთაშორისო რეზერვი და ყოველთვის ზღვარზე ვმოქმედებდით. რეგიონის ქვეყნებს შორის საქართველომ ყველაზე ნაკლები დანაკლისი განიცადა, შესაბამისად დღეს ქართული ეკონომიკა და ქართველი ექსპორტიორები ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტუნარიანები არიან.

– როგორია თქვენი სამომავლო პროგნოზი ლარის კურსთან დაკავშირებით?

– ვფიქრობ, 2015 წლის ცვალებადობა უკვე დასრულებული ეტაპია და თუ ჩვენი პარტნიორები იმ ტენდენციებს შეინარჩუნებენ, რაც გასულ წელს ჰქონდათ, 2016 წელს ლარის კურსი სტაბილური იქნება.

– დღევანდელი ბიზნესგარემო რომ შევაფასოთ, რამდენად ხელსაყრელი პირობებია ბიზნესისთვის დღეს საქართველოში?

– ყველაფერი შედარებითია. თუ ჩვენს მეზობელ ქვეყნებს შევადარებთ მაშინ უკეთესი, თუმცა გასაკეთებელი ჯერ ისევ ბევრია, რადგან საქართველოს საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვს.

– რომელ ბიზნესმიმართულებას გააქტიურებდით. თქვენი აზრით, რომელი ბიზნესია დღეს საქართველოში ყველაზე მომგებიანი?

– ჩემი აზრით სახელმწიფო ნაკლებად უნდა ჩაერიოს ბიზნესში, მან მხოლოდ ბაზა უნდა შექმნას კერძო სექტორის გასავითარებლად. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს გიორგი კვირიკაშვილს, რომელიც მანამდე ეკონომიკის მინისტრი იყო ძალიან კარგი ინიციატივა ჰქონდა მოგების გადასახადებთან დაკავშირებით, რომელიც არა მარტო უკვე არსებულ ბიზნესებს წაადგება, არამედ მათაც შეუწყობს ხელს, ვინც მომავალში აპირებს საქართველოში ინვესტიციის ჩადებას. გარდა ამისა, უკვე წელიწადნახევარია ეკონომიკის სამინისტრო ძალიან აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით. ვფიქრობ ორივე რეფორმა ძალიან სასარგებლო იქნება ქართული ბიზნესის განვითარებისთვის.

– ბატონო ვახტანგ, როგორ ხვდება ახალ წელს მუდმივად სიახლეებზე ორიენტირებული თიბისი ბანკი?

– 2016 წელს ჩვენ ბევრად უფრო მეტი აქტივობა გვექნება ყველა მიმართულებით, ყველა ინდუსტრიისა და სეგმენტის მიხედვით. გარდა ამისა, მომავალ წელს უამრავ სიახლეს ვპირდებით ჩვენს კლიენტებს. რამდენიმე თვის წინ ახალი კამპანია წამოვიწყეთ, რომელიც განვითარების ახალ ეტაპზე 2016 წელს გადავა.

– როგორ მუშაობს თიბისი ბანკის გუნდი?

– გუნდური პრინციპით მუშაობა ჩვენთან დიდი ხნის წინ დაიწყო, როცა ძალიან ცოტანი ვიყავით. ძალიან დავახლოვდით  და ყველანაირად ვცდილობთ არ დავკარგოთ ერთმანეთთან უშუალო დამოკიდებულება. ბევრს მუშაობის უკვე დიდი გამოცდილება აქვს, ამიტომ ყოველწლიურად ვაჯილდოვებთ მათ, ვისაც 10-წლიანი სტაჟი დაუგროვდა. თუმცა, ახალ კადრებსაც სიამოვნებით ვიღებთ, რადგან განახლება ნებისმიერი კომპანიისთვის აუციულებელია.

– თანამშრომლების მიღებისას პირველ რიგში რას აქცევთ ყურადღებას?

– მთავარია ჩვენი ბანკის კულტურას მოერგოს. დაწინაურებისას კი, უპირატესობას ყოველთვის შიდა კადრებს ვანიჭებთ და მათ წახალისებას ვცდილობთ.

 – ბატონო ვახტანგ, რამდენად სწრაფად ღებულობთ გადაწყვეტილებას?

– ეს ალბათ ჩემს მოადგილეებს უნდა ჰკითხოთ, მემგონი მაინც სწრაფად ვიღებ, თუმცა ყველაფერს მაინც ცხოვრება აჩვენებს.

 ბლიცკითხვები:

– რა არის თიბისი ბანკის სლოგანი?

– ”თიბისი ბანკი თქვენს გვერდითაა!”

– რომელია თქვენი სამაგიდო წიგნი?

– განსაკუთრებული არ მაქვს, ვცდილობ ყოველთვის ახალი წიგნი წავიკითხო.

– ფრაზა, რომელსაც დღის განმავლობაში ყველაზე ხშირად იმეორებთ?

– ”გამარჯობათ, ახალგაზრდებო!”

– რას აქცევთ პირველ რიგში ყურადღებას საქმიან შეხვედრაზე?

– ვცდილობ მოვუსმინო და მხოლოდ შემდეგ მივიღო გადაწყვეტილება.

– სპორტის რომელი სახეობა გიტაცებთ?

– ვცდილობ კვირაში სამჯერ სპორტულ დარბაზში ვივარჯიშო.

– გადატვირთული სამუშაო დღის შემდეგ რა გირჩევნიათ – აუზი თუ ბარი მეგობრებთან ერთად?

– სამწუხაროდ ვერცერთი, რადგან ჩემი სამუშაო დღე საკმაოდ გვიან მთავრდება.

– დილას ყავის მიირთმევთ თუ ნატურალური წვენს?

– ყავას.

– პირველი სიტყვა, რასაც უკმაყოფილო კლიენტს ეტყვით?

– ჯერ მოვუსმენ, მერე კი, ვეცდები მისი პოზიციიდან გადავწყვიტო პრობლემა.

– რაში ხარჯავთ ფულს ყველაზე დიდი სიამოვნებით?

– ძალიან ბევრ რამეში.

– პირობითი ფანქარი და ფურცელი რომ გქონდეთ, რას დახატავდით გადაცემაში ”წარმატების ფორმულა”?

– ალბათ შუშხუნებს.

ვახტანგ ბუცხრიკიძის ”წარმატების ფორმულა”…

– თქვენი აზრით, რა აუცილებელი თვისებები უნდა ჰქონდეს ადამიანს, რათა ნებისმიერ საქმიანობაში იყოს წარმატებული?

– ჩემი აზრით, თუ ადამიანი მონდომებული, ამბიციური და ენერგიულია, ის ყოველთვის შეძლებს წარმატების მიღწევას.

 

გადაცემის ჩანაწერი

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები