LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზაზა ხუციშვილი: “თავად სამყაროც პულსაციაა, ბიზნესიც და ცხოვრებაც”

6

8 თებერვალს რადიო ”ფორტუნამ” და გვანცა ლაღიძის გადაცემამ ”წარმატების ფორმულა”, როგორც ყოველთვის, მსმენელს წარმატებული კომპანიის გამოცდილება გაუზიარა და სტუმრად კომპანია ”როიალ-გრუპის” კომერციული დირექტორი ზაზა ხუციშვილი მოიწვია.

ბატონი ზაზა კავშირის ”ბიზნეს ინვესტორთა საერთაშორისო პალატის” საპატიო თავმჯდომარეა საქართველოში, ასევე არის ქალაქ თბილისის საინვესტიციო ცენტრის კონსულტანტი, მუნიციპალური მყარი ნარჩენების მართვის კოორდინატორი, ”ევროპრეს ინვესტ ჯგუფის” მრჩეველი საქართველოში, საქართველოს არასამთავრობო სექტორის და მთავრობის ურთიერთობათა ეროვნული ცენტრის გამგეობის წევრი.

საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართვამდე, ზაზა ხუციშვილმა მოსკოვის ბაუმანის სახელობის ტექნიკური უნივერსიტეტი და პლეხანოვის სახელობის მოსკოვის სასოფლო სამეურნეო უნივერსიტეტი დაამთავრა. პირველი სამუშაო გამოცდილება სარეკლამო-საბროკერო კომპანია ”ოპიზაში” მიიღო, მოგვიანებით ფარმაცევტული კომპანია მედინვესტის ფინანსური დირექტორი გახდა, მუშაობდა შვეიცარული სადაზღვევო კომპანია ”სეივ ინვესტის” მენეჯერად, სადაზღვევო კომპანია ”იმედი L”-ში იყო პროექტის ”ემ ელ ემ” ავტორი, სადაზღვევო საბროკერო  კომპანია ”ტაო ჯორჯიას” ხელმძღვანელი, შპს ბიზნესისა და წარმატების აკადემია ”ეს დი ეს” დირექტორი. ამჟამად ბატონი ზაზა დეველოპერული კომპანია ”როიალ გრუპის ” კომერციული დირექტორია.

– ბატონო ზაზა, თქვენი ამჟამინდელი საქმიანობით დავიწყოთ. როდის დაფუძნდა ქართულ ბაზარზე და განვითარების რა გზა გაიარა დეველოპერულმა კომპანიამ, რომელიც დიდ ინვესტიციას მოითხოვს და მაღალ ხარისხზეა ორიენტირებულია?

– კომპანია 2009 წელს დაარსდა და ეკონომ-კლასის სეგმენტში დაიწყო მოღვაწეობა. ახორციელებდა კორპუსების და საცხოვრებელი ფართების მშენებლობას. ნაბიჯ-ნაბიჯ განვითარდით და ახლა პრემიუმ-კლასის სეგმენტში ვაშენებთ.

– როგორია კომპანიის მიმდინარე პროექტები?

– მიმდინარე პროექტები ”დიდუბე-თაუერსს”, ”ვერე-პლაზას” და ”გურამიშვილი-პლაზას” მოიცავს. თითქმის დასრულებულია და სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს ”ურეკის მარგალიტზე”. განსაკუთრებულ აქცენტს ”დიდუბე-პლაზას” პროექტზე ვაკეთებთ, რომელიც 33-სართულიანი პრემიუმ-კლასის კომპლექსი იქნება. ჯერჯერობით პროექტში 4-5 სართულის კომერციული ფართი გვაქვს, ეს ახალი ბრენდია სახელწოდებით ”დუბაი-ცენტრი”. დღეს ჩვენი მთავარი ინვესტორები დუბაიდან არიან, 12 ორგანიზაციაა გაერთიანებული ჩვენს საინვესტიციო ფონდში და სწორედ მათი საშუალებით ვცდილობთ დუბაის წარმოდგენას საქართველოში. მე-4 სართული საოფისე ფართებია, სამი სართული – ”დუბაი-ცენტრის” სივრცეა, სადაც თითოეული კომპანია იქნება წარმოდგენილი. პირველ სართულზე პროდუქტების ბუტიკი მოეწყობა პრემიუმ-კლასის მომხმარებლისთვის. მართალია, ფასები შედარებით მაღალი იქნება, მაგრამ ხარისხს და მომსახურებასაც მაღალი დონისას შევთავაზებთ.

– თქვენი აზრით, როგორი ბიზნესგარემოა დღეს საქართველოში?

– მე ცოტა სხვანაირად ვიტყოდი. ჩემი აზრით, ბიზნესს გარემო არ ჭირდება, რადგან ის ნებისმიერ სიტუაციაში უნდა განვითარდეს. ბიზნესის გათვლა ყოველთვის კრიტიკულ სიტუაციებზეა საჭირო. თუ თქვენ კარგი სიტუაციისთვის გეგმავთ ბიზნესს, მაშინ თქვენ ფსიქოლოგიურად არ ხართ მზად წინააღმდეგობებისთვის და სირთულეებისთვის.

– რამდენად მომგებიანად შეიძლება ჩაითვალოს დღეს დეველოპერული ბიზნესი საქართველოში?

– ზოგადად, მშენებლობა ნებისმიერ სიტუაციაში მომგებიანია და უტყუარი საინვესტიციო გარემოა ნებისმიერი ბიზნესმენისთვის. ამიტომ,  ყველას ვურჩევ დააბანდოს ფული უძრავ ქონებაში, რადგან ეს ის სფეროა, რომელიც ყოველთვის იზრდება და ვითარდება. შესაძლოა, რაღაც მომენტში შეჩერდეს, მაგრამ წაგებაში არასდროს იქნება.

– ლარის დევალვაციის პირობებში, თქვენს კომპანიაში იკლო გაყიდვებმა თუ შეძელით სტაბილურობის შენარჩუნება?

– ბიზნესი ადამიანის მსგავსად ყოველთვის რეაგირებს გარემო პირობებზე. ლარის დევალვაციის შემდეგ, ადამიანები ერთგვარ შოკში აღმოჩდნენ, რაც რა თქმა უნდა ჩვენს გაყიდვებზეც აისახა. თუმცა, დარწმუნებული ვარ, ეს დროებითია. ნებისმიერ კრიზისს აქვს თავისი პიკი, მერე კი, ის პერიოდი დგება, როცა ადამიანი ასე თუ ისე  ეჩვევა სიტუაციას და პოულობს გამოსავალს იმ მდგომარეობაში, რომელშიც მოულოდნელად აღმოჩნდა. ჩვენ ახლა სწორედ შეგუების პროცესში ვართ, ბანკებიც ცვლიან საკუთარ სტრატეგიას. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ საქართველოს საბანკო სისტემა ჯერ არაა ბოლომდე ჩამოყალიბებული და ისე ფუნქციონირებს, როგორც მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, მაღალი პროცენტი კი, რომელიც დღეს ბაზარზეა, ქვეყნის განვითარებას უშლის ხელს. ვფიქრობ, ბანკები მალე მივლენ გადაწყვეტილებამდე, შეამცირებენ საპროცენტო განაკვეთს და დიდ ეკონომიკურ წინსვლასაც მიაღწევენ.

– თქვენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში და საერთაშორისო კომპანიებში მუშაობის დიდი გამოცდილება გაქვთ. შედარება რომ გავაკეთოთ, როგორია ქართული და ევროპული საბანკო სისტემა?

– ჩემთვის საუკეთესო მაგალითი გერმანული სახალხო ბანკია, რომელმაც ომის შემდგომ წლებში, უმოკლეს ვადებში შეძლო გიგანტური საბანკო სისტემის შექმნა. დღეს მხოლოდ ამ ბანკის სახელის ხსენებით და მასთან ურთიერთობის დაფიქსირებით შეიძლება სხვა ბანკების პატივისცემის მოპოვება.

– გაქვთ თუ არა სურვილი სხვა მიმართულებით მოსინჯოთ ძალები ბიზნესში და თქვენი აზრით, რომელი მიმართულებაა დღეს საქართველოში ყველაზე მომგებიანი?

– საქართველოში იდეალურად ვითარდება ტურიზმის და სასტუმროების ბიზნესი. ჩვენს სეგმენტს რაც შეეხება, იდეალურად ვითარდება სამშენებლო ბიზნესიც. მთავარი, ჩემი აზრით, ბიზნესკულტურაა, რომელიც საკუთარ თავში მუდმივ განვითარებას, კვალიფიკაციის და სერვისების დონის ამაღლებას გულისხმობს. ნებისმიერი ბიზნესი კლიენტებთან ურთიერთობაზეა აწყობილი და თუ ეს სეგმენტი არ იქნება მოწესრიგებული, ბიზნესი ვერასდროს ვერ განვითარდება.

– რამდენად გიჭირთ პროფესიონალი კადრების მოძიება?

– ძალიან გვიჭირს. საუკეთესო გამოსავალი ჩვენთვის, ერთის მხრივ ჩვენივე კომპანიაში შესაბამისი კადრების გაზრდაა, მეორეს მხრივ კი, მათი საკვალიფიკაციო კურსებზე მომზადება. გარდა ამისა, იმ კომპანიებთან გვაქვს ხელშეკრულება გაფორმებული, რომლებიც ჩვენს ორგანიზაციაში ევროპული მომსახურების სტანდარტებს ნერგავენ.

– ბატონო ზაზა, თქვენი აზრით, როგორი უნდა იყოს კარგი ხელმძღვანელი და რა მთავარი თვისებები უნდა ჰქონდეს მას?

– ხელმძღვანელს უნდა შეეძლოს იდეის დაჭერა, ამ იდეისთვის თავის გაწირვა, ამ იდეით სხვების დაინტერესება და გუნდის შეკვრა. გუნდი ერთი ორგანიზმი უნდა იყოს, რადგან მხოლოდ ამ შემთხვევაში დაინახავს მისი თითოეული წევრი თავის ფუნქციას. არავის არ უნდა უჭირდეს საკუთარი სისუსტეების აღიარება, მათზე მუშაობა და გამოსწორება. გუნდიც ხომ სწორედ იმისთვის იქმნება, რომ ერთმანეთს დავეხმაროთ და მუდმივად წინსვლაზე ვიყოთ ორიენტირებული.

– რა პრინციპით არჩევთ თანამშრომლებს?

– პირველ რიგში მათ ცოდნას და გამოცდილებას ვაქცევ ყურადღებას. არანაკლებ მნიშვნელოვანია პირადი თვისებები და უნარ-ჩვევები.

როგორია ზაზა ხუციშვილი საქმიან შეხვედრაზე?

– საქმიან შეხვედრაზე ყოველთვის იდეაზე ვარ ორიენტირებული. ვცდილობ, ვიყო მაქსიმალურად გახსნილი. წინასწარ არასდროს არაფერს გეგმავ, სიტუაცია ყოველთვის თვითონ მკარნახობს, როგორ მოვიქცე.

არ შემიძლია არ გკითხოთ ფერწერაზე, პარალელს ხომ არ გაავლებდით ფერწერიდან ფინანსისტამდე?

– ფერწერა ჩემი ჰობია და ბავშვობიდან თვითგამოხატვის ერთ-ერთი საშუალება. ჩემი აზრით, ხელოვნება ადამიანის გონების ქვეცნობიერი მხარეა, ბიზნესი კი, მისი ცნობიერი მხარე. ასე რომ, ნებისმიერში ცხოვრობს ხელოვანი, რომლის მხოლოდ გამოღვიძებაა საჭირო და მისი ნიჭის სწორად გამოყენება.

– ბატონო ზაზა, სწრაფად იღებთ გადაწყვეტილებას

– ჩემი აზრით, ნებისმიერ საკითხს გარკვეული დრო ჭირდება, რადგან გააზრებული გადაწყვეტილება ყოველთვის უფრო სწორია, ვიდრე ემოციების დროს მიღებული.

ბლიც-კითხვები:

– ფრაზა რომელსაც ყველაზე ხშირად მიმართავთ დღის განმავლობაში?

– ვერ ვიტყვი, რადგან არ მაქვს ამოჩემებული ფრაზა.

– სად გრძნობთ თავს ყველაზე კომფორტულად?

– ყველაზე კომფორტულად მაინც ბიზნეს-კონსულტაციის სფეროში ვარ.

– რა სლოგანი აქვს ”როიალ გრუპს”?

– ”ჩვენ ვაშენებთ მომავალს!”

–  ვის რჩევას ითვალისწინებთ, და ვინაა თქვენი დამბალანსებელი სირთულეების დროს?

– ყველას თავისი სულიერი მასწავლებელი ჰყავს. ჩემთვის ასეთი ალექს იანოვსკია, რომელსაც ხშირად ვუსმენ და ვიხსნებ კიდეც.

– ვინ არის თქვენთვის სამაგალითო ბიზნესმენი?

– რა თქმა უნდა, ისევ ალექს იანოვსკი.

– როგორ იწყება თქვენი დილა, ყავით თუ ნატურალური წვენით?

– დილას აუცილებლად წყლით ვიწყებ.

– ფანქარი და ფურცელი რომ გქონდეთ, რას დახატავდით გადაცემაში ”წარმატების ფორმულა”?

– ზიგზაგებს, რადგან პირველ რიგში ეს გულის დიაგრამაა, მერე კი – პულსაციაა. თვითონ სამყაროც პულსაციაა, ბიზნესიც და ცხოვრებაც პულსაციაა.

– რომელ ქვეყანაში დაისვენებდით ნებისმიერ დროს?

–  საქართველოში.

– საოცნებო პროფესია, რომელშიც ჯერ არ მოგისინჯიათ ძალები?

– ალბათ, ტურიზმის სფეროში. ძალიან ბევრს ვმოგზაურობ და მოყვარულთა ჯგუფთან ერთად საქართველოს თითქმის ყველა მთა გვაქვს დალაშქრული.

– რამდენად გიადვილდებათ პარტნიორებთან ურთიერთობა და როგორ ახერხებთ მათ დაინტერესებას?

– ბიზნესში მთავარი პატიოსნება და სუფთა ურთიერთობაა, რასაც ნებისმიერი პარტნიორი აფასებს და რაც ნებისმიერი კომპანიის წარმატების საწინდარია. ჩვენი კომპანია სწორედ სუფთა და გახსნილი ურთიერთობებით გამოირჩევა, რამაც არა ერთი საინვესტიციო ჯგუფის შემოყვანა, საქართველოსა და ჩვენს პროექტებში ინვესტიციების განხორციელება განაპირობა.

– თქვენი აზრით, რა არის მთავარი საქმეში წარმატების მისაღწევად?

– ჩემი აზრით პატიოსნება, გულწრფელობა და გახსნილი ურთიერთობა პარტნიორებთან, ნებისმიერი წამოწყების ”წარმატების ფორმულაა”.

გადაცემის ჩანაწერი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები