LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“გაყიდვა იკრძალება – მოხმარება არა” – პასუხები კითხვებზე, რომლებიც პოლიეთილენის პარკებთან დაკავშირებით გაქვთ

საქართველოში 1-ელი ოქტომბრიდან პოლიეთილენის პარკების გამოყენება, იმპორტი და წარმოება აიკრძალა. აკრძალვა 15 მიკრონზე ნაკლები სისქის პლასტიკის პარკებზე გავრცელდება.

გარდა ამისა, საქართველოს მთავრობა 2019 წლის 1-ლი აპრილიდან ნებისმიერი სისქის პლასტიკის პარკების წარმოებას, იმპორტსა და რეალიზაციას აკრძალავს. მხოლოდ ბიოდეგრადირებადი პაკეტებს წარმოება, იმპორტი და გაყიდვა იქნება დაშვებული.

მთავრობის მიერ დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მიზანია, პლასტიკის პარკების მოხმარებით გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე გამოწვეული მავნე ზემოქმედების შემცირება.

დღეიდან  მწარმოებლისთვის ასევე სავალდებულო ხდება, კომპანიის ლოგო და წარწერა თითოეულ პარკზე განათავსოს.

ბიოდეგრადირებული პარკი მიწაში მოხვედრიდან 24 თვეში იწყებს დაშლას, მაშინ, როდესაც ჩვეულებრივი პლასტიკის პარკის დაშლას ასეულობით წელი სჭირდება.

აღნიშნული რეგულაცია საქართველოს მთავრობამ მწვანე ეკონომიკის და გარემოსდაცვითი პოლიტიკის ფარგლებში მოამზადა. “ფორტუნა” გთავაზობთ პასუხებს ყველა იმ კითხვაზე, რომლებიც შესაძლოა ახალი რეგულაციების გამო გაგიჩნდეთ.

 

  • გაყიდვა იკრძალება – მოხმარება არა!

კანონის მიხედვით, 15 მიკრონზე ნაკლები სისქის პლასტიკის პარკების წარმოება, იმპორტი და გავრცელება იკრძალება, მაგრამ მოსახლეობას, ვისაც მსგავსი პარკები აქვს, მის გამოყენებას შეძლებენ და ამისთვის არ დაჯარიმდებიან.

გარდა ამისა, იკრძალება შესაფუთ მასალად არაბიოდეგრადირებადი მასალის გამოყენება (პურის ან სხვა საკვების შემთხვევაში)

  • ჯარიმა

რეგულაციის დარღვევების შემთხვევაში, მეწარმე სუბიექტი 500 ლარით დაჯარიმდება, პროდუქციას კი ჩამოართმევენ. განმეორებით ჩადენილი ქმედება 1000 ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.

რაც შეეხება მომხმარებლებს, მათ ჯარიმა არც საზიანო პარკების ყიდვისას და არც მისი გამოყენებისას არ ემუქრებათ.

  • ბიოდეგრადირებადი პარკები

ბიოდეგრადირებადი პარკების შემოტანა, საქართველოში უკვე დაწყებულია. ასეთ პარკებს სპეციალური ნიშანი აქვს და მათი სხვებისგან გამორჩევა არ გაგიჭირდებათ.

გარდა ნიშნისა, ასეთი პარკები სტრუქტურითაც გამოირჩევა, ხშირად ის არახარისხიან პარკებში ერევათ.

  • სქელი ნაგვის პარკები

ე.წ. ნაგვის პარკების ნაწილი, რომლებიც რულონებად იყიდება მაღაზიებში, ბიოდეგრადირებადი არ არის. თუმცა, ბაზარზე ასეთი პარკების შემოტანა უკვე იკრძალება და უახლოეს მომავალში მხოლოდ სქელი პარკები გაიყიდება.

  • სახიფათოა პოლიეთილენის შემცველი სხვა პროდუქტებიც, თუმცა…

მთავრობის გადაწყვეტილება, პოლიეთილენის სხვა პროდუქტების აკრძალვასთან დაკავშირებით არ არსებობს, თუმცა ევროკავშირის წევრი ან კანდიდატი ქვეყნებისთვის, არის რეგულაციები, რომლებიც გარემოს დაცვის ფარგლებში, მსგავსი პროდუქციის მოხმარების შემცირების ვალდებულებას გვაკისრებს.

2018 წლისთვის ევროკავშირში პოლიეთილენის პარკების გამოყენება ერთ სულ მოსახლეზე 90 ცალს არ უნდა აღემატებოდეს, ხოლო 2025 წლისათვის 40 ცალს.

საქართველო ევროკავშირისგანაც და ამ დირექტივისგანაც შორსაა. ამ დროისთვის, ჩვენს ქვეყანაში ერთი ადამიანი წელიწადში 525 პოლიეთილენის პარკს მოიხმარს.

 

ბიოდეგრადირებადი პარკების ფასი, შედარებით ძვირია, თუმცა ჰიპერმარკეტების უმეტესობამ მოხმარებაში მსგავსი პარკები, ჯერ კიდევ 1 წლის წინ ჩაუშვა, შესაბამისად, დღეიდან პარკების ფასები არ შეიცვლება.

“გუდვილის” წარმომადგენელმა “ფორტუნასთან” განაცხადა, რომ მათ კანონთან შესაბამისობაში მოსასვლელად, პარკებზე მხოლოდ წარწერის დამატება მოუწიათ.

“უკვე წელიწადზე მეტია ჩვენს ქსელში 15 მიკრონის სისქის პარკებია მოხმარებაში, რა თქმა უნდა, მისი შესყიდვა კომპანიას უფრო ძვირი უჯდება, თუმცა, ამ პარკებზე გადასვლის პროცესი “გუდვილმა” ერთი წლის წინ გაიარა,” – განაცხადეს “გუდვილში”.

“გუდვილიც”, “კარფურიც” და სხვა ქსელებიც მომხმარებლებს უკვე დიდი ხანია სთავაზობენ, ბრენდირებულ მრავალჯერად ნაჭრის ჩანთებს, რომელთა გამოყენება საკმაოდ პრაქტიკულია. “ფორტუნას” მკითხველის უმეტესობა, (გამოკითხვაში) სწორედ ნაჭრის ჩანთებს ანიჭებს უპირატესობას.

საინტერესო ფაქტები:

  • 70-იანი წლებიდან ყოველწლიურად მთელს მსოფლიოში დაახლოებით ტრილიონი პოლიეთილენის პაკეტი იწარმოება
  •  ადამიანი გარემოს ყველაზე მეტად პოლიეთილენის ნაწარმით აბინძურებს. ნაწარმი, რომელიც რამდენიმე წუთის მოხმარებისთვის არის გათვლილი.
  • პოლიეთილენის პარკები ადამიანის მიერ გადაყრილი ნაგვის 7-9%-ია.

პოლიეთილენი ძალიან ძნელად იხრწნება (მინიმუმ 400 წელი სჭირდება), მისი დაშლის დროს გამოყოფილი ნივთიერებები იწვევს გარემოს დაბინძურებას.

პოლიეთილენი ჩვეულებრივი ნავთობპროდუქტია და ის არანაკლებ ზიანს აყენებს გარემოს, ვიდრე სხვა ტიპის ნავთობპროდუქტების ნარჩენების პირდაპირ მოხვედრა ბუნებაში.

თამთა უთურგაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g