LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიგა აგლაძე საქართველოსა და აზერბაიჯანში დევიდ ლინჩის ფონდის წარმომადგენლობას უხელმძღვანელებს

161

ქართველი რეჟისორი გიგა აგლაძე დევიდ ლინჩის ფონდის საქართველოსა და აზერბაიჯანში წარმომადგენლობის პრეზიდენტად დაინიშნა. შესაბამის შეთანხმებას ხელი გუშინ ღამე მოეწერა. გიგა „ფორტუნასთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ აშშ-სთან და ევროპასთან ამ სფეროს კუთხით ასე ახლოს არასდროს ვყოფილვართ.

გიგა აგლაძე:

ამ პროექტზე წელიწადნახევარია ვმუშაობ. ვერ გეტყვით, რომ ბრძოლამ არ მომიწია, რომ ეს წარმომადგენლობა საქართველოში გახსნილიყო. მინდა გითხრათ, რომ სათავო ოფისი არის აშშ-ში, მაგრამ წარმომადგენლობები ფონდს აქვს ინგლისში, საფრანგეთში და უკრაინაში. რუსეთში მათი წარმომადგენლობა არ არის და ახლა საქართველოში გაიხსნა. ამ ეტაპზე შემიძლია იმის თქმაც, რომ სავარაუდოდ, მალე სომხეთიც შემოგვიერთდება. ამიერკავკასიის წარმომადგენლობის ოფისი თბილისში იქნება და მას მე ვუხელმძღვანელებ. ვფიქრობ, ასე ახლოს ამ სფეროში აშშ-სთან და ევროპასთან არასდროს ვყოფილვართ.

გილოცავ და წარმატებებს გისურვებ. რა საქმიანობით დაკავდება ფონდი?

ფონდს საკმაოდ მნიშნელოვანი მისია აქვს, მათ შორისაა ისეთ საკითხებზე მუშაობა, როგორიც ვეტერანებისა და ბავშვების დახმარება და გენდერული თანასწორობაა, თუმცა უმთავრესი მიზანი კინომიმართულებაა.

ახლა სტუმრები მყავს, მათ შორის, ფონდის წარმომადგენლებიც. მუშაობა უკვე დიდი ხანია, დაწყებული გვაქვს. გვინდა, გავხსნათ ფილმმეიკერების ინსტიტუტი საქართველოში, სადაც კინოთი დაინტერესებული ადამიანები ბევრ რამეს ისწავლიან. მათ შორის პირადად გაიცნობენ იმ ადამიანებს, რომლებსავ ამ სფეროში სიტყვა ეთქმით. ჯერ სახელებსა და გვარებს ვერ დაგისახელებთ, მაგრამ გპირდებით, რომ ძალიან ცნობილ ადამიანებს მოვიწვევთ საქართელოში მასტერკლასების ჩასატარებლად, სტუდენტები ლოს ანჯელესშიც გაემგზავრებიან. იქნება ასევე სკაიპი-კონფერენციებიც ცნობილ ადამიანებთან.

დევიდ ლინჩთან პირადი შეხება გაქვს?

მე და დევიდ ლინჩს ბოლო წელია, აქტიური მიმოწერა გვაქვს იმეილების საშუალებით. მისი ოჯახის წევრებსა და წარმომადგენლებს რამდენჯერმე შევვხდი საფრანგეთში, სადაც მოგეხსენებათ, საქმიანი ვიზიტებით ხშირად მიწევს ყოფნა. ივნისში თავად დევიდ ლინჩსაც შევხვდები და უფრო ვრცლად ვისაუბრებთ ფონდის საქმიანობაზე ამიერკავკასიაში.

ვფიქრობ, ეს ქართული კინოსთვის და მთლიანად ქვეყნისთვის წინ გადადგმული ნაბიჯია და ძალიან დიდი საშუალებაა, როგორიც აქამდე არ გვქონია.

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები