LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიგა ლორთქიფანიძის საიუბილეო გამოფენა რუსთავის თეატრში გაიმართება

363

19 ოქტომბერს, 19 საათზე, რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის მუნიციპალური თეატრის საგამოფენო სივრცეში,  ცნობილი ქართველი  რეჟისორის – გიგა ლორთქიფანიძის დაბადებიდან 90 წლისთავისადმი მიძღვნილი,  ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი ფოტოგამოფენა გაიხსნება. გამოფენის ფარგლებში  ნაჩვენები იქნება ნაწყვეტები მის მიერ გადაღებული კინოფილმებიდან. გამოფენაზე წარდმოდგენილი  რეჟისორის პირადი ფოტოარქივის  ნახვის საშუალება მაყურებელს  ერთი თვის განმავლობაში შეეძლება.

გამოფენის გახსნას ოჯახის წევრები, თეატრალები და საზოგადოების სხვა  ცნობილი წარმომადგენლები დაესწრებიან.

გიგა ლორთქიფანიძე 1927 წლის 19 ოქტომბერს თბილისში დაიბადა. დაამთავრა მოსკოვის ა. ლუნაჩარსკის სახელობის თეატრისა და ხელოვნების ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი. 1967 წელს,  უფროსი თაობის მსახიობებთან უთანხმოების საფუძველზე  გიგა ლორთქიფანიძემ  და მარჯანიშვილის თეატრის 26-მა  მსახიობმა  მარჯანიშვილის თეატრი დატოვეს. უთეატროდ დარჩენილ დასს ქალაქ რუსთავის იმდროინდელმა ხელისუფლებამ საკუთარ ქალაქში თეატრის დაარსება შესთავაზა და მეტალურგთა კულტურის სასახლე დაუთმო. 1967 წლის 30 ნოემბერს რუსთავის თეატრში პირველი პრემიერა შედგა. რეჟისორმა გიგა ლორთქიფანიძემ ედმონ როსტანის ,,სირანო დე ბერჟერაკი“ წარმოადგინა. სწორედ ამ პერიოდიდან იღებს სათავეს თეატრი, რომელიც წელს 50 წლის იუბილეს ზეიმობს. საიუბილეო ღონისძიებების აღნიშვნა კი დამფუძნებელი რეჟისორის ფოტოგამოფენით დაიწყო.

სხვადასხვა წელს გიგა ლორთქიფანიძე იყო კ. მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის რეჟისორი და სამხატვრო ხელმძღვანელი, ქუთაისის ლ. მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრის, თბილისის ა. გრიბოედოვის სახელობის რუსული დრამატული თეატრის მთავარი რეჟისორი. 80-იან წლებში იყო საქართველოს ტელევიზიის მხატვრული ხელმძღვანელი, 1985 წლიდან – საქართველოს თეატრის მოღვაწეთა კავშირის გამგეობის თავმჯდომარე, პარალელურად,  ვ. აბაშიძის სახელობის მუსიკალური თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი. 1999-2000 წლებში იყო შ. რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს ინსტიტუტის რექტორი.

გადაღებული აქვს მხატვრული ფილმები: „დათა თუთაშხია” (1976-77, 7 სერია გ. გაბესკირიასთან ერთად). „წიგნი ფიცისა” (1983), „ერთ პატარა ქალაქში” (1985), „თეთრი ბაირაღები” (1990), „პრემიერა” (1992).

გიგა ლორთქიფანიძე გახლდათ:

ღირსების ორდენის კავალერი, თბილისის საპატიო მოქალაქე,  მინიჭებული აქვს  საქართველოს სახელმწიფო პრემია, ასევე

შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია, მრავალსერიანი მხატვრული ფილმის „წიგნი ფიცისა“ შექმნისათვის, იყო სსრკ სახელმწიფო პრემიის, საპატიო ნიშნისა და

შრომის წითელი დროშის ორდენების მფლობელი,

სსრკ სახალხო  და საქართველოს სახალხო არტისტი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები