LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიგი დედალამაზიშვილი: „მარინას დამსახურებით აღმოვაჩინე, რომ ქორწინების შემდეგ ცხოვრება არსებობს…“

3858

გიგი დედალამაზიშვილი და მარინა კარპი, უკვე ექვსი წელია, ერთად არიან. ჰყავთ ძალიან საყვარელი გოგონა, ლიზი, საქმე, რომელიც ძალიან უყვართ და სიყვარული, რომელიც ხანგრძლივი განშორებების მიუხედავად, ისეთივეა, როგორიც მათი ამბის დასაწყისში იყო. წყვილს შინ ვესტუმრეთ ინტერვიუსა და ფოტოსესიისთვის.

ვალენტინობამ ახლახან ჩაიარა. თქვენთვის არის ეს დღესასწაული?

გიგი:

ალბათ, არა. ტრივიალურად გიპასუხებთ, რომ ჩვენთვის ყოველი დღე სიყვარულისაა (იღიმის). მაგრამ ჩემმა ცოლმა საჩუქარი მაჩუქა, წიგნი გამომიწერა, რომელიც ძალიან მინდოდა. მიხარია და ველოდები, როდის ჩამოვა. 14 თებერვალს გამომიწერა. მე რა გაჩუქე?

მარინა:

„პაჩები“…

გიგი:

პაჩები რა არის?

მარინა:

ქალური რაღაცები. ვინც გაიგებს, გაიგებს…

ამ წლების განმავლობაში, რაც ერთად ხართ, რა ახალი თვისებები აღმოაჩინეთ ერთმანეთში?

გიგი:

მარინა, უთხარი, რა აღმოაჩინე ახალი ჩემში იმის გარდა, რომ ახლოდან უფრო ლამაზი ვარ? (იცინის). მე აღმოვაჩინე, რომ მარინა კარგი დედაა.

მარინა:

მე კი ვიტყვი, რომ მაგარი მამაა, კეთილი და მზრუნველი…

გიგი:

მარტო ეს სიტყვები დაგიწერე? კიდევ ხომ გეწერა, რა უნდა გეთქვა ჩემზე? – „მე რომ ეს არ მყავდეს, რა მეშველებოდა“ და რაღაცები ხომ გეწერა?

გიგი, ხშირად რომ არ ხარ სახლში?

არც მე ვარ ხშირად სახლში, საქართველოში და არც მარინა. ამას ერთი პლუსი აქვს, რემონტი ისე არ ფუჭდება (იცინიან). მარინა ძალიან გამგები ადამიანია. მასთან ერთად კარგია ცხოვრება. ექვსი წელი გავიდა, რაც ერთად ვართ და ძალიან კარგად ვგრძნობ თავს. ერთი წამი არ მინანია, რომ ერთად ვართ. ბავშვობაში ასე არ მეგონა. ზოგადად, არ მიყვარს სიტყვა უღელი, მეუღლე, მაგრამ მარინას დამსახურებაა, რომ აღმოვაჩინე, ქორწინების შემდეგ ცხოვრება არსებობს (იღიმის).

მარინა ძალიან კარგი ფოტოგრაფია. მოგწონს, თავისი საქმე რომ აქვს?

ძალიან, მგონი, მე უფრო მომწონს, ვიდრე თვითონ. ხშირად ვაძალებ, რომ რაღაცები გააკეთოს. ბევრჯერ ჰქონია შემთხვევა, უარის თქმა უნდოდა შემოთავაზებებზე, მე უფრო მეტად ვიჩენდი ინიციატივას, რომ ახალი წინადადებები მიეღო. მარინა არის მარინა სწორედ ამიტომ, მუშაობს, საქმე აქვს, ფიქრობს, შვილი უყვარს, მე ვუყვარვარ… მისი საქმე მისი კომფორტისთვის მნიშვნელოვანია, შესაბამისად, ჩემთვისაც. ახლაც ეწყება ქორწილების სერია, აპრილიდან. წავა ოთხი ან ხუთი თვე. ასე ვართ ხოლმე ჩვენ, შვიდი თვე საქართველოშია, ხუთი – კიევში. ასე ხდება ბოლო ორი წელი, რაც შვილი გაგვიჩნდა, მანამდე სამი დღე კიევში იყო, ოთხი – აქ.

მარინა:

ამაშია სწორედ ჩვენი ცხოვრება, სხვანაირად არ შეგვიძლია. გვაქვს განწყობა, რომ ასე გავაგრძელოთ ცხოვრება, მივეჩვიეთ და შთაგონებას აქედან ვიღებთ, რომ რაღაც ვაკეთოთ.

გიგი:

ასე მივეჩვიეთ, გასტროლები, წასვლა-წამოსვლა. გვენატრება კიდევაც ერთმანეთი. სხვანაირად რომ ვიცხოვრებთ, მერე ამასაც მივეჩვევით…

მარინა, ლიზი ვის ჰგავს?

გიგის ჰგავს ყველაფრით. როცა იცინის, სუფთა გიგია, თვალებითაც ჰგავს. თავიდან ლიზის რომ ვუყურებდი, მგონი, უფრო მგავდა. ახლა არ მგავს. როცა ლიზის ვუყურებ, გიგის სახეს ვხედავ. ხასიათს რაც შეეხება, მე და გიგი, მგონი, ვგავართ ერთმანეთს და რთულია იმის თქმა, ვისი ხასიათი აქვს ლიზის. ვფიქრობ, ორივეს კარგი იუმორი გვაქვს.

გიგი:

ორივე ვცდილობთ, პოზიტივი დაინახოს ცხოვრებაში. ასევე ვართ ძალიან ხმაურიანები, მე თუ არ ვხმაურობ, მარინა ხმაურობს და ასე ვცხოვრობთ.

ორივე ხელოვანი ერთ ოჯახში როგორია?

მარინა:

კარგი გაგებით, რთულები ვართ. ხელოვნება რომ არ ყოფილიყო ჩვენს ცხოვრებაში, სხვანაირები ვიქნებოდით. სწორედ ამ ხელოვნებამ დაგვაახლოვა ერთმანეთს. ჩვენი საქმის გარეშე ცხოვრება არ შეგვიძლია და ამაში ერთმანეთს ვუგებთ.

გიგი:

ცხოვრებაში არტისტები არ ვართ. ამაში იმას ვგულისხმობ, რომ ყოველდღიურობაში ეს ნაკლებად გვიმძიმებს ტვინს. დოზირებულად გვაქვს ყველაფერი.

გეგმავთ საკუთარ ცხოვრებას, მაგალითად, 15 წლის შემდეგ რა იქნება?

მარინა:

15 წლის შემდეგ გვყავს სამი შვილი, ვცხოვრობთ კერძო სახლში, გვყავს ორი ლაბრადორი… ძალიან ბევრს ფულს ვიშოვით, ძირითადად, გიგი. მე კი ორსულად ვიქნები და შვილებს გავაჩენ (იღიმის). ბედნიერებისთვის სხვა არაფერი მჭირდება. ჰო, კიდევ თონე მინდა და მწვადს სადაც წვავენ, ის…

გიგი:

ცოლად მომიყვანია თამადა (იცინის). რაც შეეხება კითხვას, ეს ძალიან დასავლური შეკითხვაა. ბავშვობაში არავის უკითხავს, სად ხედავ შენს თავს 15 წელიწადშიო. ძალიან კარგი შეკითხვაა, მაგრამ ასე არასდროს მიცხოვრია. 15 წლის ასაკში რომ ეკითხათ ჩემთვის, ვერაფრით ვიფიქრებდი და არც ვუპასუხებდი, რომ გიტარით ხელში ვხედავდი საკუთარ თავს.

მარინა:

რასაკვირველია, ასე ვერ დაგეგმავ, მაგრამ არა მგონია, რომ 15 წელიწადში ჩვენი ოცნებები შეიცვალოს ბევრ შვილთან და საკუთარ სახლთან დაკავშირებით. უნდა გქონდეს მიზანი და ამ მიზანთან რა გზებით მიხვალ, ეს შეიძლება შეიცვალოს, მიზანი კი იგივე დარჩება.

ფოტო: დათუნა აგასი

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები