LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ყიფშიძე: „ჩემს ცოლს გოგო ემუქრებოდა, ეგ ბიჭი ჩემია, სადარბაზშო დაგხვდები და მოგკლავო…“

290

გიორგი ყიფშიძეს მიხეილ თუმანიშვილის სახელობის თეატრში შევხვდით ინტერვიუსთვის. მსახიობთან საუბარი იმ ინფორმაციით დავიწყეთ, რომელიც თავად გაავრცელა „ფეისბუქზე“, გიორგიმ დაწერა, რომ თუმანიშვილის თეატრს ახლა განსაკუთრებული პერიოდი უდგას, რადგან ყველა სპექტაკლზე ბილეთები რამდენიმე წუთში იყიდება. გიორგისთან მის ბოლოდროინდელ რთულ პერიოდზეც ვისაუბრეთ, როცა მკურნალობის პროცესს გადიოდა…

შენი „ფეისბუქის“ გვერდიდან შევიტყვეთ, რომ თურმე ხალხი თეატრში დადის და ბილეთებზე დიდი წეწვა-გლეჯა ყოფილა…

გიორგი:

რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ასეა. შევეგუე უკვე, მთლად ახალი ამბავიც არ არის. დაახლოებით ერთი წელიწადია, თუმანიშვილის თეატრში ბილეთები არ იშოვება. ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, ზოგჯერ 11 წუთში იყიდება სპექტაკლების ბილეთები. ახლა „ბაკულაზე“ მინდოდა ორი ადამიანის დაპატიჟება და ფიზიკურად არ იყო ბილეთები, სულ ასეა, რაც ძალიან მაგარია.

შენი აზრით, ეს რამ გამოიწვია?

არ ვიცი, ალბათ, თეატრი სწორ გზაზე დგას, კოლექტივიც მნიშვნელოვანია. შესაძლოა, ხალხის ინტერესი გაიზარდა თეატრის მიმართ. ინტერესი ერთია, რას გთავაზობენ – მეორეა.

„ბაკულას ღორები“ ახსენე, ძალიან ცნობილი სპექტაკლია…

კი არის ცნობილი, მაგრამ თაობები მოდის, აზრზე არ არიან, ნანახი არ აქვთ. ისეთი სპექტაკლია, რომელზეც თაობები იზრდება. მიუხედავად ამისა, ძველგაზრდებიც უკვე მეათედ დადიან. სხვათა შორის, მე რომ დავიბადე, მაგ წელს დაიდგა „ბაკულას ღორები“ და მე მომიძღვნეს, ასე რომ, ეს სპექტაკლი ჩემხელაა. მაშინ გოგა პიპინაშვილი თამაშობდა ჩემს როლს, ახლა მე ვთამაშობ. გარდა ამისა, უნდა ვახსენოთ „მეფე ლირი“. უკვე დადგა საკითხი, ხომ არ გაიზარდოს მაყურებლებისთვის განკუთვნილი ადგილები, რადგან 200 ადამიანზე მეტი დარბაზში ვერ ეტევა, არადა, სპექტაკლზე დასწრების მსურველი გაცილებით მეტია – სულ ჩადგმულია სკამები, თითქმის დღეგამოშვებით ვთამაშობთ და მაინც ანშლაგებია. ჩვენი თეატრი, ფაქტია, მაყურებლით განებივრებულია.

ეს მსახიობის ფინანსურ მდგომარეობაზე რამენაირად აისახება?

შემდეგი კითხვა დასვი (იღიმის). თეატრში რომ ბევრი ხალხი დადის, ამ შემთხვევაში მსახიობის ფინანსებზე არ აისახება. გააჩნია, თეატრს როგორი კონტრაქტი აქვს შენთან დადებული. როცა ზურა გეწაძე იყო მმართველი, რამდენ სპექტაკლშიც თამაშობდი, ხელფასს სპექტაკლების რაოდენობის შესაბამისად, იმდენი ასი ლარი ემატებოდა. არ ჰქონდა მნიშვნელობა, ახალბედა თუ უკვე გამოცდილი მსახიობი იყავი.  ამან გარკვეული საუბრები გამოიწვია ძველგაზრდებს შორის, თუ არ ვარ ამდენ სპექტაკლში დაკავებული, მე რა ვქნაო… ეს ფორმა მოიფიქრეს იმიტომ, რომ ძალიან ბევრი მსახიობი როლზე არ თანხმდებოდა, ზოგჯერ რეჟისორს არ იცნობდნენ და არ ენდობოდნენ, ზოგჯერ – სხვა მიზეზით. უარი რომ არ ეთქვათ, თანაც, მსახიობისთვის ფინანსურად მომგებიანი ყოფილიყო, ასეთი გამოსავალი მოიფიქრეს. ძალიან გაამართლა, რადგან როლებზე უარს არავინ აღარ ამბობდა… მეც მითქვამს უარი როლზე. ძალიან ბევრჯერ დამიწყია რაღაცაზე მუშაობა და მივხვდი, ცუდად გამოსვლას ჯობდა, საერთოდ არ გამოსულიყო, ამიტომ შემიწყვეტია თანამშრომლობა. წინასწარ ეტყობოდა, რომ კარგი არ გამოვიდოდა, ცუდში თამაში კი არავის სურს. ახლა რა სისტემაა, აღარ მიკითხავს.

გარკვეული პერიოდის წინ იყო პროტესტი მსახიობების ხელფასებთან დაკავშირებით თეატრებში, საბოლოოდ, რა გადაწყდა?

არ მინდა ამ თემაზე ლაპარაკი, რადგან ცუდი ბიჭი გამოვედი და გამოვიდა, რომ მამაჩემს „პადნოჟკა“ დავუდე, არადა, თვითონ საერთოდ არ იცოდა, მე რის თქმას ვაპირებდი. სხვა კონტექსტში ვთქვი და ჟურნალისტებმა სხვანაირად შემოატრიალეს, ასე ხდება ხოლმე. ესეც გასაგებია…

რა უნდა გამოსწორდეს ან როგორ? ძნელია ამაზე ლაპარაკი, როცა ვიღაც იტყვის, კარგი რა, მეზობელი მშიერი მიკვდებაო… ყველა ქვეყანაშია მშიერი ადამიანი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე ჩემს პროფესიაში მეტს არ უნდა ვითხოვდე, ან მეტი არ მეკუთვნის. რა თქმა უნდა, ძალიან ბევრს უჭირს, მარტო ჩემს გარშემო სიღარიბის ზღვარს მიღმა იმდენია, რომ ვერ დავთვლი… მაგრამ ყველამ უნდა მიხედოს თავის პროფესიას და ეცადოს, წინ წავიდეს.

მახსოვს, რომ მსახიობები აპირებდით ამ კუთხით რაღაცას…

რადგან ჩემი ნათქვამი არასწორად გაიგეს, აღარ ვაპირებ ამ თემაზე ყურადღების გამახვილებას. ჩემს საქმეს წყნარად და ჩუმად მივხედავ.

ადრე მახსოვს ტელევიზიაში წამყვანად შენს თავს ვერ ხედავდი, მაგრამ შემდეგ აზრი შეიცვალე…

ყველაზე კარგად თავი ვიგრძენი ვანიკო თარხნიშვილთან ერთად „ნიჭიერში“. გარდა იმისა, რომ მეგობრები ვართ და ერთმანეთის ნახევარი სიტყვით გვესმის, ჯგუფია ისეთი მაგარი, ვინც სწორ ამოცანებს გაძლევს. ხედავ, როგორი პროფესიონალები არიან და არ აძლევს თავს უფლებას, სხვანაირად მოიქცე. ტელევიზიას სხვა ნიუანსები ახასიათებს, გიორგი ხაბურზანიამ და დემნა ჯაფარიძემ გამაოცეს, მათთან მუშაობისას მივხვდი, რომ ტელევიზია ისეთი ხელწამოსაკრავი არ არის… თუკი მათი მსგავსი ჯგუფი გიდგას უკან, შეიძლება, ამ მხრივ შენგან რაღაც გამოვიდეს…

რას არ დათანხმდებოდი?

გააჩნია, ვინ აკეთებს და რას, გავაანალიზებდი, რამდენად ჩემია ან არა…

კინოდან არ გაქვს შემოთავაზება?

არაფერი ხდება. ძალიან მწყდება გული. კინოინდუსტრია ჩემს პარალელურად მიდის, ვაგონს ვერ შევახტი, არ ვიცი, რატომ. ძალიან დიდი კონკურენციაა და სავსებით გასაგებია, რომ შენი ადგილი კონკრეტულ პროექტებში არ არის, მაგრამ თან, ცოტა პროექტი კეთდება. რაც არის, მე იქ არ ვარ. შეიძლება, არის სააგენტოები, რომლებიც უპირატესობას სხვა მსახიობებ ს ანიჭებენ და მათ სვამენ პირველ რიგებში. შეიძლება, ძველგაზრდად მიმიჩნევენ, მაგრამ მე არ აღვიქვამ. რადგან 40 წლის ვარ, კი არ დავბერდი?!.

ასაკის მატებას გრძნობ?

საკაიფოდ ვგრძნობ თავს, მაგრამ ცოტა გავხდი. ცე ჰეპატიტი გვქონდა, მეც და მამაჩემსაც. ვიმკურნალეთ, მაგრამ მე გავხდი, წამალმა დამფერთხა და გამომაშრო, ასე ვთქვათ, ქიმიოთერაპიაა. მადაზე ვარ, ვჭამ გემრიელად და ენერგიაზეც ვარ, მაგრამ ვერ ვიმატებ.

დეპრესიული პერიოდი იყო?

მკურნალობისას კი, იყო. წამალს აქვს გვერდითი ეფექტი, ნერვული დაძაბულობის. ეტყობა, ამისი ბრალიც იყო, რომ მაშინ მსახიობების ამბავზე საერთოდ რამე ვთქვი. აზრი არ ჰქონდა არაფრის თქმას…

ჯანმრთელობის მხრივ ახლა როგორ ხარ?

მშვენივრად, „ხოდზე“ ვარ.

კინოინდუსტრიამ რომ გვერდი აგიარა, ეს იმის ბრალი ხომ არ არის, რომ ზედმეტად პოპულარული სახე ხარ?

შეიძლება… ზედმეტი პოპულარობა არსებობს, ეტყობა, ადამიანიც იცვითება, მაგრამ კინოში არ გავიცვითე. ზურამ 80-მდე ფილმში შეასრულა როლი და არ გაცვეთილა. ყველაზე ცუდია, როცა მსახიობს ერთ კონკრეტულ როლში ჩასვამენ და სულ იმას ათამაშებენ, მაგალითად, ძველ ბიჭს, ქურდს… მთავარია, რეჟისორმა სხვანაირ ამპლუაში, ჟანრსა და გარემოში დაგინახოს… ფაქტია, რომ ამდენი რეჟისორიც არ არის. ძალიან მომწონს ის ბიჭი, გიორგი ოვაშვილი, თუმცა პირადად არ ვიცნობ, ახალგაზრდებიდან ის მომწონს.

რა მოგიტანა ცუდი და კარგი პოპულარობამ?

ამაზე არასდროს დავფიქრებულვარ. კარგია, რადგან ხალხის სიყვარული მოაქვს და ეს ძალიან სასიამოვნო გრძნობაა. თუ ჩათვლიან, რომ რაღაც კარგად გამოგდის, გიფასებენ, რიგში დგახარ, გეხევეწებიან, ურიგოდ გაგიშვებთო, რესტორანში გეპატიჟებიან, ტაქსისტი, რომელიც დღეში 20 ლარს შოულობს, უფასოდ მიგიყვანს სადღაც.

ცუდი? არ ვიცი… ჭორები? სულ არის, ბევრი და განუწყვეტლივ. ამას წინათ რაღაც საშინელი ჭორი მითხრეს, რუსთაველის თეატრში შენ რობერტ სტურუას აგინეო? ასეთი ჭორი არსებობს… მე რომ რობერტ სტურუას ვაგინო, მომაჭერით ენა ეგრევე!.. რა სისულელეა, საიდან მოიტანეს. ამ ჭორს არანაირი საფუძველი არ აქვს და ასეთი ჭორი ძალიან ხშირია. ზოგს უყვარს, არც ისე საინტერესო ამბავი საინტერესოდ მოყვეს. რობერტ სტურუასთან არანაირი დაპირისპირება არ მქონია

.

პირადზეც გამიგია ბევრი, ცოლს დაშორდა, შერიგდა…

16 წელია, ცოლთან ერთად ვარ. ამ ჭორზე თუ გაბრაზდები, ძალიან მალე დაბერდები (იცინის). ასე რომ, ყველაფერს აქვს კარგი და ცუდი მხარე, ზედმეტი ყურადღება, სიყვარულიც არ ვარგა.

რომელიმე შენი თაყვანისმცემელი ზღვარს თუ გადასულა?

დაურეკავთ ჩემი ცოლისთვის, მოგკლავთ, სადარბაზოში დაგხვდებითო, ეგ ბიჭი ჩემიაო. გოგო ემუქრებოდა, საერთოდ არ ვიცოდი, ვინ იყო. ბოლოს ანიმ ტელეფონი გამოცვალა. ერთი ისეთი ამბავი მაქვს, უბრალოდ, ვერ მოვყვები, სასწაულია… ანათემას გადამცემენ.

კარგი რა, მოგვიყევი…

მთვრალი საეკლესიო პირი მიუვარდა ჩემს ცოლს და უთხრა, მეც სიამოვნებით ვიქნებოდი გიორგის ცოლიო. შეშინებული ანი ამოვარდა სახლში და მიყვებოდა, მეგონა, ხუმრობდა, კარზე ბრახუნი ატყდა და სახლშიც გვივარდებოდა. გამოვიძახე პატრული, დააწერინეს ხელწერილი, რომ მეორედ ასე აღარ მოიქცეოდა. ეს როდის ხდებოდა, იცი? მე და ანი „მაესტროს“ რეალურ შოუში რომ ვმონაწილეობდით, მაშინ ბინას ვქირაობდით ვერაზე და ის მღვდელი ჩვენი მეზობელი იყო. სუპერმარკეტიდან გამოჰყვა თურმე ანის. ჩვენი კარის მეზობელი ყოფილა. რკინის კარი იყო, მაგრამ ისე აბრახუნებდა… პატრულს უთხრა, ნაკურთხი ჯვრის ჩუქება მინდოდაო… აბა, კარი რატომ ჩამომიღო?!. პატრულს რომ დავურეკე, ვუთხარი, სახლში მივარდებიან-მეთქი, აბა, რომ მეთქვა, მღვდელი კარს მინგრევს, ჩემი ცოლობა უნდა-მეთქი, ხომ წამიყვანდნენ საგიჟეთში (იცინის)?

 

ძალიან უცნაური ისტორიაა. 40 წლის გახდი და თუ გაქვს ისეთი როლი, რომლითაც ამაყობ?

მაქვს ორი ასეთი როლი, შექსპირის პიესებში საუკეთესო პერსონაჟები მაქვს ნათამაშები. სხვის აზრს ვამბობ და არა ჩემსას. „რომეო და ჯულიეტაში“ მერკუციოს როლისთვის 2003 წელს საუკეთესო მსახიობის ტიტული მომანიჭეს. ახლა „მეფე ლირში“ ვასრულებ როლს, რომელიც ვფიქრობ, ასევე ერთ-ერთი საუკეთესოა ჩემს კარიერაში. ბედნიერი ვარ, როცა ამ როლს ვასრულებ…

ბევრ ასეთ ბედნიერი მომენტს გისურვებ…

მადლობა (იღიმის).

 

ფოტო: დათუნა აგასი

ნინო მურღულია

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები