LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იერუსალიმი – რჩევები იერუსალიმში მოგზაურობის მსურველებს #ფორტუნაგიდი

იერუსალიმი – წმინდა ადგილი ქრისტიანებისთვის, მუსულმანებისთვის და იუდეველებისთვის, მომლოცველობის ობიექტი მთელი მსოფლიოს მორწმუნეთათვის და უბრალოდ სიცოცხლით სავსე ქალაქი, უძველესი ახლო აღმოსავლეთში. სწორედ აქ მიმდინარეობდა ბიბლიაში აღწერილი მრავალი მოვლენა.

იერუსალიმში ქრება დროისა და რეალობის შეგრძნება: ლეგენდარული ღირსშესანიშნაობების გარშემო სეირნობისას მოგზაური გრძნობს კავშირს, რასთან შეხება თითქოს წარმოუდგენელია.

იერუსალიმის რაიონები

თანამედროვე იერუსალიმი ორ ნაწილად იყოფა: ახალი და ძველი ქალაქი. ახალმა ქალაქმა, რომლის აგება 1860 წელს დაიწყო, კარგა ხანია აჯობა ძველს ზომითაც და რიცხოვნობითაც.
ერთ-ერთი ყველაზე მწვანე რაიონია – პისგატ-ზეევი: აქ არის ევკალიპტებისა და აკაციების კორომი, არქეოლოგიური პარკი, მეფე ჰუსეინის სასახლე (დაუმთავრებელი) გივათ-შაულის ბორცვის მწვერვალზე.
გივათ-რამის რაიონში მდებარეობს ეროვნული ბიბლიოთეკა და ისრაელის მუზეუმი 500 ათასი ძველი ექსპონატით.

იერუსალიმის გულია ძველი ქალაქი, რომელიც ისტორიულად 4 კვარტლად იყოფა: ებრაული, ქრისტიანული, მუსულმანური და სომხური.

ებრაულ კვარტალშია იუდეური სიწმინდე: გოდების კედელი ათასობით ქაღალდის ფურცლით, რომლებზეც მომლოცველები ყველაზე ფარულ სურვილებს და ლოცვებს წერენ.

სომხური კვარტალი ყველაზე მცირე ზომისაა, ყველაზე დახურული და ნაკლებ ხალხიანი.

ქრისტიანული კვარტლის აგება მე-4 ათასწლეულში დაიწყო. სწორედ აქ არის მაცხოვრის საფლავის ტაძარი, სადაც დაიკრძალა და შემდეგ აღდგა იესო.
ქრისტიანულ კვარტალში 40-ზე მეტი ეკლესია და მონასტერია, ასევე მომლოცველებისთვის უამრავი პატარა სასტუმრო-პანსიონატი.

მუსულმანური კვარტალი – ყველაზე ხმაურიანი და კოლორიტულია: ყველგან დახლებია, ჰაერში ტრიალებს სურნელოვანი ბალახებისა და სპეციების სურნელი. აქ გადის ჯვარცმის გზა, ქრისტეს უკანასკნელი მიწიერი გზა.

 

ტრანსპორტი

იერუსალიმის ისტორიული ცენტრი საკმაოდ კომპაქტურია, ამიტომ ტურისტების უმრავლესობას ურჩევნია ფეხით გადაადგილდეს. თუმცა სატრანსპორტო ქსელი საკმაოდ განვითარებულია.

ავტობუსი

გადაადგილების ძირითადი საშუალებაა ავტობუსი. „ეგედის“ ქსელის თეთრ-მწვანე ავტობუსები ასო Х-ით თითქმის მთელ ქალაქში დადის. იერუსალიმის ნებისმიერი წერტილიდან სადაც გინდათ იქ მიხვალთ მაქსიმუმ ერთი გადაჯდომით, თან ეს ერთ მგზავრობად ჩაითვლება (1.5 სთ პირველი ჩასხდომიდან). მეორე ავტობუსში უბრალოდ წინა ბილეთს აჩვენებთ და მძღოლი ხელმეორედ გაატარებს. ბილეთის ღირებულება 7 შეკელამდეა.

იერუსალიმის არაბულ კვარტლებს სხვა ქსელი ემსახურება: „აღმოსავლეთ იერუსალიმის ავტობუსების კომპანიების გაერთიანება“ – ტრანსპორტი თეთრ-ლურჯი ფერისაა და მგზავრობის ღირებულება 7 შეკელიდან იწყება. მარშრუტი ხშირად დუბლირებულია.

თუ ბევრი სიარული გიწევთ, შეგიძლიათ იყიდოთ ბარათი „რავ კავი“. მასზე თანხა ირიცხება და მგზავრის სტატუსიდან გამომდინარე (უფროსი, ბავშვი, პენსიონერი და ა.შ.) თანხა მგზავრობისას იჭრება. ბარათის ღირებულება 5 შეკელია.

ისრაელის სატრანსპორტო კომპანიები ვერ შეთანხმდნენ ერთიან ტარიფებზე, ამიტომ ცალკეული გადამყვანის ავტობუსებში ცალკე გადახდაა საჭირო. მაგალითად, „ეგედის“ ავტობუსებზე ბარათზე საჭირო თანხა რომც გქონდეთ, სხვა ავტობუსში ვერ გადაიხდით.

 

ტურისტული ავტობუსი

ავტობუსი ყველა ძირითად ღირსშესანიშნაობებზე კურსირებს. ეს არის კომპანია „ეგედის“ №99 მარშრუტი, რომელიც ცენტრალური სადგურიდან გადის. 24-საათიანი ბილეთი 100 შეკელია. შესაძლებელია ნებისმიერ გაჩერებაზე ჩასვლა და მერე სხვა ავტობუსით მგზავრობა. სულ 29 გაჩერებაა, თუმცა ზოგიერთი მათგანი თავდაცვის სამინისტროს განკარგულებით პერიოდულად იკეტება.

ტრამვაი

იერუსალიმი ერთადერთი ქალაქია ისრაელში, სადაც ტრამვაი დადის. ტრამვაის ხაზი (მხოლოდ ერთი) ქალაქის მოშორებულ რაიონებს ცენტრთან აკავშირებს. ბილეთის ფასი ავტობუსის იდენტურია. საინტერესოა, რომ ტრამვაის ფანჯრები ტყვიაგაუმტარია (ავტობუსებშიც), რომლებიც პალესტინის ავტონომიაში დადიან.

 

პარასკევ საღამოდან შაბათ საღამომდე ისრაელში საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მუშაობს. აქტივისტებმა პროექტი „შაბასი“ (ინგლისურიდან Shabbat და bus) განახორციელეს და ახლა პარასკევის 20:00 საათიდან შაბათის 2:00 საათამდე იერუსალიმში მხოლოდ 3 ავტობუსი დადის, რაც ბუნებრივია საკმარისი არ არის.

 

Holy Pass

პოპულარული ტურისტული ობიექტების სანახავად ერთიანი ბარათის Holy Pass ყიდვა მოსახერხებელია. ბარათი საშუალებას იძლევა ძველი ქალაქის 5 ნებისმიერი ღირსშესანიშნაობა ნახოთ. ის სასტუმროებში, ებრაული კვარტლის მაღაზიებსა და ტურისტული ობიექტების სალაროებში იყიდება და 100 შეკელი ღირს.

ღირსშესანიშნაობების სანახავად ჯამური  ფასდაკლება 25%-ს აღწევს.

Holy Pass-ის შეძენისას უფასოდ მოგცემენ ქალაქის სქემას და საინფორმაციო ბროშურებს ინგლისურ ენაზე.

 

აეროპორტიდან ქალაქამდე მგზავრობა: ავტობუსი – 18 ILS, ტაქსი – 48 ILS.

არც თუ ძვირ სასტუმროში ცხოვრება ღამეში 200-300 შეკელამდე დაგიჯდებათ. ჰოსტელში ორი პერსონის ცხოვრება უფრო იაფია – 100-დან 200 შეკელამდე.

ექსკურსია. საფეხმავლო გასეირნების ფასები 120 შეკელიდან იწყება.

 

 

 

შოპინგი

იერუსალიმი მშვენიერი ადგილია საყიდლებისთვის: აქ ნახავთ უჩვეულო სუვენირებს, მკვდარი ზღვის კოსმეტიკას, დახვეწილ საიუველირო სამკაულებს, ანტიკვარიატს. ადგილობრივ მაღაზიებში იყიდება მოდური ტანსაცმელი და ფახსაცმელი, ტყავი და ბეწვეული, მოხატული კერამიკა, აღმოსავლური დელიკატესები. საუკეთესო ადგილი საყიდლებისთვის არის საფეხმავლო ქუჩა ბენ-იეჰუდა უამრავი სასუვენირო დახლებით. აქ დასვენებაც შეიძლება: მყუდრო რესტორნებში დასხდებით და ქუჩის მუსიკოსებს მოუსმენთ. აუთენტური სუვენირები და ხელოვნების ნიმუშები წარმოდგენილია ასევე საფეხმავლო ქუჩა ნაჰალათ-შივაზე.

თითქმის ყველა იერუსალიმელი გამყიდველი საუბრობს რუსულ და ინგლისურ ენებზე.

ყველაზე პოპილარული სუვენირებია რელიგიური თემატიკის ნივთები.

უნდა გაისეირნოთ ადგილობრივ ბაზრებშიც – „მაჰნე იეჰუდა“ მოთუხთუქე აღმოსავლური ბაზარია, რომელიც გადავსებულია ხილ-ბოსტნეულითა და ტკბილეულობით.

ყველაზე პრესტიჟული სავაჭრო რაიონია ტალპიოტი: მსხვილი კომპლექსების, ბუტიკებისა და აუთლეტების თავშეყრის ადგილი. უმსხვილესი შოპინგ-ცენტრია „მალჰა-მოლი“, სადაც მოდური გიგანტებია. ყურადღებას იქცევს მოლი „ჰადარი“ ბუტიკებით, რესტორნებითა და გასართობი მოედნებით.

 

ILS 10 ისრაელის შეკელი 6.9674

 

რა გავსინჯოთ

იერუსალიმის სამზარეულო – არაბული, ხმელთაშუა ზღვის, რუსული, ფრანგული, გერმანული და სხვა გასტროტრადიციების საოცარი კოქტეილია. ყველაზე ცნობილი ადგილობრივი კერძია „მეურავ იერუშალმი“: შემწვარი ხორცის სხვადასხვა სორტის ნაზავი, რომელიც ბოსტნეულთან ერთად მიაქვთ. გასინჯვად ღირს ნახშირზე შემწვარი ხორცი „ალ ა ეში“ და „შაკშუკა“ – შემწვარი კვერცხი ტომატით, რამაც მთავარი საუზმის სტატუსი მოიპოვა.

ზღვის პროდუქტების მოყვარულები დააფასებენ თევზს „ხრაიმე“ ნივრით, შავი პიმპილითა და ქინძით, ასევე შემწვარ გალილეურ ტილაპიას. იერუსალიმში კარგია ქაბაბი, ფალაფელი და ქათმის ფრთის მწვადი.

საინტერესოა, რომ ზოგიერთ რესტორანში ბიბლიური რეცეპტით ამზადებენ.

 

კაფე და რესტორნები

სიმპათიური კაფეებისა და ბარების ძიებაში ბენ იეჰუდას ბულვარამდე უნდა გაისეირნოთ. მაღალი დონის რესტორნები ფაინჰოლდ-კორტის რაიონშია თავმოყრილი, სადაც ივლისში რესტორატორები კულინარიულ ოსტატობაში ეჯიბრებიან, ხოლო სამშაბათობით ღია ცის ქვეშ მინი-ფესტივალებს აწყობენ.

ტალპიოტის სამხრეთ რაიონში, როგორც წესი, დისკოთეკის მოყვარულები დადიან.

ქალაქშია კოლორიტული რესტორნები შინაურული ებრაული სამზარეულოთი და მრავალი ქსელური კაფე. შედარებით იაფი წასახემსებლები თავმოყრილია რივლინის ქუჩაზე და ნაჰალათ-შივას კვარტალში. სოფლის სტილში მოწყობილ მყუდრო რესტორნებს ეინ-ქარემის რაიონში იპოვით. ბევრ დაწესებულებაში მოგართმევენ ფრანგულ, იტალიურ და სხვა ქვეყნების კერძებს. კაფეში სრულფასოვანი სადილი 50 შეკელი დაგიჯდებათ, ვახშამი კარგ რესტორანში ორ პერსონაზე დაახლოებით 200 შეკელი.

სადილი/ვახშამი იაფიან კაფეში – 80-120 შეკელი ორ ადამიანზე; ქუჩაში წახემსება – 40 შეკელამდე.

 

გართობა და ღირსშესანიშნაობა

იერუსალიმის ღირსშესანიშნაობების უმრავლესობა რელიგიური ხასიათისა.

ქრისტიანული კვარტალი

ქალაქში მთავარი ქრისტიანული სიწმინდეამაცხოვრის საფლავის ტაძარი, რომელიც გოლგოთას ბაღის ადგილზეა აღმართულია, სადაც ჯვარს აცვეს და დაკრძალეს იესო.

ბევრი მარშრუტი იწყება მე-19 საუკუნის ალეკსანდრე ნეველის ეკლესიის მონახულებით.
ბევრი მორწმუნე თავს მოვალედ მიიჩნევს გაიაროს მწუხარების გზაქრისტეს უკანასკნელი გზა განაჩენის გამოტანის ადგილიდან ჯვარცმის ადგილამდე.

ელეონის მთის დასავლეთ ბორცვზეა გეთსიმანიის ბაღი მნიშვნელოვანი რელიგიური ღირსშესანიშნაობებით.

ყველა ერის ტაძარი მე-20 საუკუნის დასაწყისში ააგეს ფრანცისკანელმა მონაზვნებმა კათოლიკების სახსრებით და სახელწოდებაც აქედან მიიღო. დღეს აქ ტარდება როგორც კათოლიკური, ასევე მართლმადიდებლური და პროტესტანტული მსახურება.

საკურთხეველთან მთავარ სიწმინდეს ნახავთ – ქვას, რომელზეც ლეგენდის თანახმად, უკანასკნელად ილოცა მაცხოვარმა.

მარია მაგდალინელის მონასტერი 1934 წელს დაარსდა – დაპატიმრების ღამეს იესო ქრისტეს ლოცვის ადგილზე.
ზეთისხილის მთაზე ღვთისმშობლის წმინდა ნაწილები განისვენებს.

 

მუსულმანური კვარტალი

ორ ტაძარს მუსლიმები მექას მსგავს პატივს მიაგებენ. ესენია: ალ-აქსას მეჩეთი და კლდის გუმბათის მეჩეთი. პირველი შედარებით მოკრძალებულია თავისი მორთულობით, აგებულია მუჰამედის სამ წინასწარმეტყველთან შეხვედრის ადგილას. მეორე შორიდანაც მოჩანს ოქროს გუმბათის წყალობით. გადმოცემის თანახმად, სწორედ აქედან ამაღლდა ზეცად მუჰამედი. უმნიშვნელოვანესი არტეფაქტებია – მუჰამედის ფეხის ანაბეჭდი და მისი წვერის სამი ღერი თმა.

 

ებრაული კვარტალი

იუდაიზმის სახელგანთქმული სიწმინდე – გოდების კედელი. ეს ერთადერთი გადარჩენილი ნაწილია მეორე ტაძრის, რომელიც რომაელებმა იუდეველთა პირველი ომის დროს დაანგრიეს. კედლის ქვებს შორის ათასობით წერილია ჩატანებული, ყველა კონფესიის მორწმუნეები ღმერთს სანუკვარ სურვილებს შესთხოვენ.

იერუსალიმის ერთ-ერთი მონუმენტალური ღირსშესანიშნაობაა დავითის ქალაქი, საიდანაც დაიწყო კიდეც ქალაქის მშენებლობა. აქ შემორჩენილია ჩვ.წ.აღ-მდე მე-13 საუკუნის სასახლის ნანგრევები, საგუშაგო კოშკი და სხვა უძველესი ნაგებობების ნარჩენები.

 

 

უჩვეულო ექსკურსიები

ადგილობრივი გიდები სხვა იერუსალიმს, უჩვეულო ადგილებს და ფაქტებს გაგაცნობენ. შეგიძლიათ იხილოთ „დედამიწის უპე“ უფლის საფლავის მოპირდაპირედ. შეიტყოთ რატომ არის პრივილეგია ზეთისხილის მთაზე დაკრძალვა, რაც მილიონ დოლარად არის შეფასებული. კონკრეტულად რომელი ცხოველები ბინადრობენ ბიბლიურ ზოოპარკში. შეიტყობთ რატომ გრძნობს უამრავი ადამიანი ე.წ. იერუსალიმის სინდრომს და იწყებენ წინასწარმეტყველებას. ინდივიდუალური ექსკურსია იერუსალიმში – ეს მოგზაურობაა ყველაზე ფარულ წიაღში.

გვირაბები დასავლეთ კედელთან
რა იმალება მთავარი ქუჩის ქვეშ: უჩვეულო ექსკურსია მიწისქვეშეთში.
85 დოლარიდან

სახლი წინასწარმეტყველთა ქუჩაზე
ქალაქის ისტორიის და მის სახელგანთქმული მაცხოვრებლების გაცნობა იერუსალიმის მშვიდ რაიონებში.
135 დოლარიდან

იერუსალიმის ახალი რაიონები
პირველი საცხოვრებელი რაიონების ისტორია ქალაქის კედლებს მიღმა.
150 დოლარიდან

ძველი ქალაქის მივიწყებული კუთხეები
3000 წლის განმავლობაში ებრაელების ცხოვრების, ყოფის, ტრადიციების შესახებ.
160 დოლარიდან

იერუსალიმის ნეკროპოლისი
გასაოცარი მოგზაურობა ძველ ქალაქში.
160 დოლარიდან

მიწისქვეშა იერუსალიმი – მეფე დავითის ქალაქი
გაივლით ძველ გვირაბს და უკვდავ ისტორიას შეეხებით.
225 დოლარიდან

ძველი ქალაქის სახურავები
ქალაქის საუკეთესო პეიზაჟები და მოულოდნელი რაკურსები კოლორიტული ადგილებზე სეირნობისას.
300 დოლარიდან

 

იერუსალიმის მუზეუმები

ქალაქში ბევრი საინტერესო მუზეუმია.

როკფელერის არქეოლოგიურ მუზეუმში 1920-30 წლებში პალესტინურ მანდარეში ნაპოვნი არტეფაქტებია თავმოყრილი (შესვლა უფასოა).

ბიბლიური ქვეყნების მუზეუმი (ფასი: 44 შეკელი) – სახელგანთქმული კულტურულ-შემეცნებითი ცენტრია, ნამდვილი ინტერაქტიული მანქანა. აქ თვალ-ყურს მიადევნებთ ახლო აღმოსავლეთის ცივილიზაციებს მათი წარმოშობის მომენტიდან ადრეული ქრისტიანული ეპოქის დადგომამდე.

ტიხოს სახლში მყუდრო ატმოსფერო და სიმშვიდეა: აქ თავმოყრილია ისრაელელების საყვარელი მხატვრის ანა ტიხოს ნამუშევრები – პეიზაჟები და პორტრეტები.

იად ვაშემის მემორიალური კომპლექსის ნახვისას წინასწარ უნდა შეემზადოთ. ის შექმნილია 1933-1945 წლებში დაზარალებული ებრაელების სახსოვრად. ხსოვნის დარბაზში დაკრძალულია საკონცენტრაციო ბანაკებიდან მოტანილი ადამიანის სხეულების ფერფლი. ბავშვთა მემორიალი – გამოქვაბული, სადაც განუწყვეტლივ ისმის ომის დროს დახოცილი 1.5 მლნ პატარას სახელი. სამუზეუმო ნაწილში ინახება სიკვდილის ბანაკების ტერიტორიაზე შექმნილი ტყვეების ყოველდღიური ყოფის საგნები და ხელოვნების ნიმუშები. შესვლა უფასოა.

 

 

სხვა სანახავი

 

სიონის მთა

სიონის მთა მსოფლიოს ყველა ებრაელისთვის აღთქმული მიწის სიმბოლო გახდა. მას შემდეგ, რაც იერუსალიმის ტაძარი დაანგრიეს და ებრაელი ხალხი მთელ მსოფლიოში გაიფანტა, ამ მთის სახელწოდება საზოგადო სახელი გახდა. სიონის მთაზე მეფე დავითის საფლავი.

 

ჰიზკიაგუს გვირაბი („დავითის ქალაქის“ არქეოლოგიური პარკის კომპლექსი) – 2.5 ათასი წელია წყლის მიწოდებას ემსახურება. ფასი: 24 შეკელი.

 

ოქროს კარიბჭე

ძველი იერუსალიმის ცენტრი საციხო კედლითაა გარშემორტყმული. ერთ დროს ის მართლა უზრუნველყოფდა უსაფრთხოებას, დღეს კი ტურისტულ ღირსშესანიშნაობად იქცა.

 

აკელდამა

აკელდამის მეორე სახელწოდებაა „სისხლის მიწა“. ლეგენდის თანახმად, მიწის ეს მონაკვეთი სისხლიანი ფულით არის ნაყიდი – იმ 30 ვერცხლად, რომელიც იუდამ გამყიდველობით მიიღო. როგორც ცნობილია, ისკარიოტელს არ უსარგებლია ამ ჯილდოთი და ვერცხლი მიწის ნაკვეთის შესაძენად გადადეს.

 

დიდი სინაგოგა

მიუხედავად ხმამაღალი სახელისა, ეს სინაგოგა ძველი არ არის, ის ვოლფსონების ოჯახმა მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში ააგო. ნეოიროდიანული სტილის შენობა შესამჩნევია და დათვალიერებად ღირს. სინაგოგა თავისუფალი დასწრებისთვის დილაობით არის ღია.

 

დამასკოს კარიბჭე

დამასკოს კარი იერუსალიმის საქალაქო კედლის მთავარ ღირსშესანიშნაობად მიიჩნევა. ეს მონუმენტალური ნაგებობა ორნამენტებითაა მორთული და არაბულ კვარტალში მთავარი შესასვლელია.

 

ლომის კარიბჭე

ლომის კარიბჭეს იმიტომ უწოდებენ, რომ ერთხელ სულთან სულეიმან II-ს საზარელი სიზმარი ესიზმრა. მის დაფლეთვას ცდილობდა ლომი, რადგან მმართველს ქალაქის მიწასთან გასწორების აზრი გაუჩნდა. როგორც ამბობენ, სულთანი აღშფოთებული იყო იმით, რომ მოქალაქეების გადასახადების გადახდა არ სურდათ.

 

წმინდა ჯვრის მონასტერი

იერუსალიმის ცენტრალურ რაიონში დგას მოქმედი და ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესიის კუთვნილი მონასტერი, სადაც რამდენიმე ბერი სახლობს. ამასთან, ის მუზეუმად ფუნქციონირებს და ტურისტებისთვის ღიაა.

 

იატაკქვეშა ტყვეების მუზეუმი

ეს მუზეუმი მოუთხრობს ებრაელი იატაკქვეშა ორგანიზაციების საქმიანობის შესახებ, რაც წინ უძღოდა დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნას. მუზეუმი 1991 წელს გაიხსნა შენობაში, სადაც ადრე მთავარი საქალაქო ციხე იყო. მუშაობს 16:00 საათამდე, პარასკევი და შაბათი დასვენების დღეებია.

 

ბუნების მუზეუმი

მუზეუმი გერმანულ კვარტალთან ახლოს მდებარეობს და მასში ბიოლოგიისადმი მიძღვნილი საკმაოდ დიდი ექსპოზიციაა, მათ შორის ადამიანის ანატომია.
ფასი: 18 შეკელი.

 

ბიბლიური ზოოპარკი

აქ ყველანაირი ცხოველია თავმოყრილი, რომლებიც საღვთო წერილშია მოხსენიებული.

 

 

საჭირო ინფორმაცია
ეს სატელეფონო ნომრები შესაძლოა ექსტრემალურ სიტუაციებში დაგჭირდეთ:

სასწრაფო სამსახურები (პოლიცია, სახანძრო, სასწრაფო) 100, 101, 102
იერუსალიმის ტურისტული პოლიცია (02) 539-12-54
საინფორმაციო ბიურო ტურისტებისთვის (02) 625-88-44

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები