LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინფექციური საავადმყოფო – ინფექციების წყარო : “ისეთი გარემოა, სულ სიკვდილზე მეფიქრება”

348

საპირფარეშოში მოწყობილი სასადილო, ჩაბნელებული დერეფნები, აყრილი იატაკი, ნესტისგან ჩამოშლილი კედლები, გაცრეცილი ფარდები პალატაში, სადაც კუსტარულად დამზადებულ გაზქურაზე ქათამი იხარშება – ეს თბილისის ინფექციური საავადმყოფოა.

შიდსისა და ინფექციურ პატოლოგიათა ცენტრში ჩვენი გიდი მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ექიმი მაია ცინცაძე   გზადაგზა გვიყვება, რომ სწორედ ამ პირობებში, წლების მანძილზე იღებენ უმძიმეს პაციენტებს და ქვეყანაში შიდსსა და  C ჰეპატიტს ებრძვიან. პალატებიდან პაციენტები გამოდიან და საავადმყოფოს მძიმე პირობებზე ჰყვებიან .

„ინფექციური სნეულებით ვარ ავად და წყალი არ მაქვს, ვიბანაო, თავი მოვიწესრიგო, სუფთად ვჭამო, ისეთი დამთრგუნველი გარემოა, მუდმივად სიკვდილზე მეფიქრება,“- გვიყვება გამხდარი მამაკაცი.

კითხვაზე – რატომ არ მკურნალობს კერძო კლინიკაში, გვპასუხობს :

„ მეხუმრები? სად მაქვს კერძო კლინიკის ფული“ .

 

დედაქალაქი ინფექციური საავადმყოფოს გარეშე რჩება

შიდსისა და ინფექციურ პატოლოგიათა ცენტრის ტერიტორია 2009 წელს პროფილის შენარჩუნების გარანტიით  კომპანია „ავერსმა“  შეიძინა. ინფექციური საავადმყოფოს ძველ შენობებში დარჩენილი ექიმები ტერიტორიაზე იჯარით იმყოფებიან.

შენობის გარეშეა დარჩენილი საავადმყოფო, რომელიც წლის განმავლობაში 6 000 სტაციონარულ და 200 000 ამბულატორიულ პაციენტს ემსახურება. ამასთან, აქ აღრიცხვაზეა შიდსით დაავადებული 5000 პაციენტი. ინფექციური C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის განმახორციელებელი ერთ-ერთ ძირითადი რეფერალური საავადმყოფოა. ექიმები მფლობელის კეთილ ნებაზე არიან  დამოკიდებული.

ტერიტორიის მესაკუთრე კომპანია „ავერსის “  გენერალური დირექტორი  პაატა კურტანიძე აცხადებს, რომ მას, როგორც კერძო კომპანიას,  სახელმწიფო დაწესებულების თანამშრომლებისთვის შენობის გარემონტება არ ევალება.

„ავერსმა შეიძინა როგორც მიწა, ისე შენობები.  სახელმწიფო ვალდებული იყო, ინფექციური საავადმყოფოსთვის ახალი შენობა  2 წლის განმავლობაში აეშენებინა და 2011 წლისთვის ტერიტორია უნდა დაეცალათ. ეს ვერ მოხერხდა , თუმცა ჩვენ არ ვაფერხებთ ინფექციური საავადმყოფოს თანამშრომლების მუშაობას და კლინიკის ფუნქციონირებას.   სახელმწიფო დაწესებულების პირობების გაუმჯობესება „ავერსის“ ინტერესებში და ვალდებულებებში არ შედის,“-აცხადებს კურტანიძე.

 „ფორტუნასთან“  საუბარში  ინფექციური საავადმყოფოს მენეჯმენტი ამბობს, რომ ახალი შენობის აშენებამდე,  არსებული ფართის გარემონტებას არა „ავერსისგან“, არამედ – საკუთარი, ან სახლემწიფოს ხარჯებით ითხოვენ,  თუმცა რემონტის უფლებას  შენობის მფლობელი „ავერსი“ არ იძლევა.

არსებულ სიტუაციაზე ინფორმირებულია ჯანდაცვის სამინისტროც

„უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის ტერიტორიაზე გამოყოფილია მიწა სადაც ახალი ინფექციური საავადმყოფოს აშენება იგეგმება, იდეალურ შემთხვევაში ახალ შენობაში პაციენტების მიღება 2 წელიწადში იქნება შესაძლებელი. ახალი საავადმყოფოს აშენებამდე  მოველაპარაკებით კომპანია“ ავერსს“, რომ მოგვცეს საშუალება გავარემონტოთ ფართი“.-განაცხადა ჯანდაცვის მინიტრმა დავით სერგეენკომ.

 

 

სიტუაცია რთულია, შენობა ამორტიზებული და სარემონტო, მენეჯმენტი კერძო კლინიკებთან შედარებით არაკონკურენტულ გარემოშია.

 “ არაფერი გვაქვს საწინააღმდეგო ახალი კლინიკების და იქ მომუშავე ჩვენი კოლეგების მიმართ,  მაგრამ  ინფექციების და ეპიდემიის მართვა არ შეიძლება მხოლოდ  კერძო სტრუქტურის ხელში იყო. ასეთ პირობებში პაციენტების მიღება შეუძლებელია. შიდსთან და ინფექციურ ეპიდემიებთან ბრძოლა ქვეყნის ჯანდაცვის სტრატეგიული მიმართულებააა“,--ამბობენ ექიმები.

სახელმწიფოს, კერძო კომპანიასა და ექიმებს შორის ვითარების გარკვევამდე კი პაციენტებს კვლავ უმძიმეს პირობებში მოუწევთ რთულ დაავადებებთან ბრძოლა.

თამუნა გოგუაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები