LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კობახიძის განცხადებები არასამთავრობო სექტორის დისკრედიტაციას ემსახურება – NGO

85

არასამთავრობო სექტორი  „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დღევანდელ განცხადებას ეხმიანება და მას აგრესიულ რიტორიკად აფასებს.

“საზოგადოებას შევახსენებთ, რომ მსგავსი რიტორიკა მმართველი პარტიის წარმომადგენლების მხრიდან გაძლიერდა არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკის და იმ განცხადების საპასუხოდ, რომელიც ქვეყანაში შექმნილ ვითარებას, კორუფციისა და არაფორმალური მმართველობის სავარაუდო ფაქტებს და პოლიტიკური კრიზისის ნიშნებს ეხებოდა.

ამ ფაქტებზე სისტემური და სამართლებრივი რეაგირების ნაცვლად, ფაქტობრივად ყოველდღე, მმართველი პარტიის ზოგიერთი წარმომადგენელი, საზოგადოებას სთავაზობს ყურადღების გადატანას პრობლემის შინაარსიდან კრიტიკის ავტორებზე, რითიც ცდილობს დღის წესრიგიდან მოხსნას მთავარი და საკვანძო პრობლემები.

გასათვალისწინებელია, რომ ქვეყანა იმყოფება წინასაარჩევნო რეჟიმში, რაც თავის მხრივ აძლიერებს საზოგადოების პოლარიზების და საკითხების პოლიტიკური მანიპულაციების მიზნით გამოყენების რისკებს. ამ პირობებში კრიტიკული მნიშვნელობა აქვს საარჩევნო გარემოზე დამკვირვებელი ორგანიზაციების შეუფერხებელ მუშაობას, მათი საქმიანობის უსაფუძვლო და მიზანმიმართული დისკრედიტაციისგან დაცვას ყველა პოლიტიკური ჯგუფის მხრიდან.

მიგვაჩნია, რომ პარლამენტის თავმჯდომარის ბოლო დღეების განცხადებები, უმთავრესად, ემსახურება სწორედ საარჩევნო საკითხებზე და ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების დელეგიტიმაციას და საზოგადოების, ისევე როგორც, არჩევნებზე დამკვირვებელი საერთაშორისო ორგანიზაციებში თვალში, მათი შეფასებების დისკრედიტაციას. განსაკუთრებით სამწუხაროა, რომ წინასაარჩევნო ვითარებაში, საკითხების ზედმეტი პოლიტიზირების და პოლარიზების საფუძველს მმართველი პოლიტიკური გუნდის წევრების განცხადებები ქმნის,”- აღნიშნულია არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაში.

ამავე განცხადებაში არასამთავრობო სექტორი მმართველ პარტიას, პარლამენტის თავმჯდომარეს და პარტიის სხვა სპიკერებს მოუწოდებენ უზრუნველყონ მშვიდი და სამართლიანი წინასაარჩევნო გარემოს არსებობა ქვეყანაში და საკუთარი უსაფუძვლო ბრალდებებით ხელი არ შეუშალონ არჩევნებზე დამკვირვებელი ორგანიზაციების მუშაობას.

განცხადებას ხელს აწერენ, „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC); „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“; „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“; „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ (GDI); „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“; „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“(PHR); „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“(ISFED) და „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები