LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ივანიშვილმა ნათლად ახსნა, რა არგუმენტების გამო იყო აზრთა სხვადასხვაობა კვირიკაშვილთან – ეკა ბესელია

72

ბიძინა ივანიშვილმა ნათლად ახსნა, რა წუხილი და რა არგუმენტების გამო ჰქონდა მას აზრთა სხვადასხვაობა, – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა, ეკა ბესელიამ განაცხადა, ჟურნალისტების კითხვის პასუხად – არის თუ არა დაპირისპირება ბიძინა ივანიშვილსა და გიორგი კვირიკაშვილს შორის.

მისი თქმით, ამ საკითხზე, ჭარბვალიანობასა და მასთან დაკავშირებულ პრობლემებზე ბიძინა ივანიშვილი მანამდეც საუბრობდა შესაბამის მინისტრებთან.

„ძალიან ნათლად განმარტა ბიძინა ივანიშვილმა, მისთვის ჩვეული ღიაობით და გულწრფელობით თქვა, რომ ის ახლა არ საუბრობს ამაზე, ახლა უბრალოდ ვსაუბრობთ საჯაროდ, მაგრამ ის ამის თაობაზე ესაუბრებოდა შესაბამის მინისტრებსაც და მთავრობის მეთაურსაც. ბიძინა ივანიშვილი დღეს რომ ამბობს ღიად, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ თემაზე აქამდე არ საუბრობდა,“ – განაცხადა ეკა ბესელიამ.

ამასთან, მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი საუბრობდა პარლამენტთან ურთიერთობის საკითხზეც.

ჭარბვალიანობის და ბანკებთან დაკავშირებულ საკითხებზე ჰქონდა მას საუბარი, ისევე, როგორც პარლამენტთან ურთიერთობაზე, ამ ტენდენციების უფრო მეტად გააქტიურებაზე. მეც მსმენია და მქონია ამ თემაზე მასთან საუბარი. მგონია, რომ ეს არის მხოლოდ კარგი დემოკრატიისთვის და კარგი ანგარიშვალდებულებისთვის, ასე რომ, ამას მივესალმები,“ – განაცხადა ეკა ბესელიამ.

მისი განცხადებით, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ კორექტულად და ღიად განმარტა, თავისი წუხილები მოქალაქეების ბანკებთან ურთიერთობისა და ამ კუთხით, შექმნილი არასამართლებრივი სივრცის საკითხებზე.

„ვფიქრობ, ნათლად ახსნა ბიძინა ივანიშვილმა, რა წუხილი, რა განცდა და რა არგუმენტების გამო ჰქონდა აზრთა სხვადასხვაობა. ეს არის ძირითადად, ჩვენი მოქალაქეებისთვის ბანკებთან ურთიერთობის თვალსაზრისით ის არასამართლებრივი სივრცე, რაც შეიქმნა და, რამაც ძალიან ბევრი მოქალაქე დააზარალა, ასევე, რეფორმების უფრო სწრაფად განხორციელების სურვილი საბანკო სფეროსთან მიმართებაში. აღნიშნული მან ნათლად, ღიად და ძალიან კორექტულად ახსნა,” – განაცხადა ეკა ბესელიამ.

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ყოფილმა პრემიერმინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა “პირველ არხთან” ინტერვიუში განაცხადა, რომ გიორგი კვირიკაშვილს ხშირად ახსენებდა, რომ “ორმა ბანკმა გადაჭამა ქვეყანა და ხალხი ვალებიდან ვერ ამოდის”. მისივე თქმით, ძალიან მძიმედ იმოქმედა მასზე “იუნისეფის” კვლევამ, სადაც როგორც ივანიშვილი ამბობს, ჩანს, რომ “ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის მდგომარეობა გაუარესდა. ივანიშვილი მიიჩნევს, რომ ეს ჭარბვალიანობას უკავშირდება. მისივე განცხადებით, ჭარბვალიანობის შესახებ სავალუტო ფონდის კვლევა ქუმსიშვილმა და კვირიკაშვილმა დამალეს.