LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯერჯერობით არ არის გადაწყვეტილი, დარჩება თუ არა ელიავას ბაზრობა იმ ადგილას, სადაც დღესაა განთავსებული – მაია ბითაძე

79

თბილისის მერის მოადგილე, მაია ბითაძე, აცხადებს, რომ ჯერჯერობით არ არის გადაწყვეტილება მიღებული, დარჩება თუ არა ელიავას ბაზრობა იმ ადგილას სადაც დღესაა განთავსებული.  ბითაძის განცხადებით, მსგავსი შინაარსის შეთანხმება არ მომხდარა.

მისივე განმარტებით, „ერთადერთი, რაზეც მსჯელობა მიმდინარეობს გენერალური გეგმიდან გამომდინარე, არის იმასთან დაკავშირებით, რომ ელიავასა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე უნდა შემუშავდეს ჩარჩო გეგმა, რომელიც ზუსტად განსაზღვრავს ამ ტერიტორიის სამომავლო განვითარების პოტენციალს.“

„სამწუხაროდ, მერიის ხელმძღვანელობისთვის უცნობია, ვისთან ჰქონდა ბატონ ზაზა მეტრეველს კონტაქტი და ასეთი შეთანხმება მერიასა და არცერთ სუბიექტს შორის არ მომხდარა. საერთოდ არ ყოფილა მსჯელობა. ერთადერთი, რაზეც მსჯელობა მიმდინარეობს, გენერალური გეგმიდან გამომდინარე, არის იმასთან დაკავშირებით, რომ ელიავასა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე უნდა შემუშავდეს ჩარჩო გეგმა, რომელიც ზუსტად განსაზღვრავს ამ ტერიტორიის სამომავლო განვითარების პოტენციალს როგორც რეკრეაციული, ასევე საზოგადოებრივ-საქმიანი მიმართულებით.

“სწორედ ჩარჩო გეგმა უნდა იყოს იმის საწინდარი, რომ ამ ტერიტორიის სწორი განვითარება განხორციელდეს სამომავლოდ, თუმცა ერთმნიშვნელოვანის ის, რომ სამშენებლო და სხვა სახიფათო მახასიათებლების შემცველი მასალის და პროდუქციის გაყიდვა ამ ტერიტორიაზე ისე მოწესრიგებულად უნდა მოხდეს, რომ არ შეექმნას საფრთხე მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას და დამტვერიანების საფრთხე აღნიშნული ტერიტორიიდან მინიმუმადე იყოს დაყვანილი, რადგან გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მოწოდებულ ინფორმაციას თუ დავეყრდნობით, ამ ტერიტორიაზე მტვრის ნაწილაკების ჰაერში გაფრქვევის ყველაზე დიდი მაჩვენებელია, რაც პირდაპირ არის დაკავშირებული სამშენებლო და სხვა მახასიათებლების მქონე პროდუქციის არასისტემურ ვაჭრობასთან.

“შესაბამისად, ყველამ, თითოეულმა მოვაჭრემ უნდა დაიცვას ის წესები, რომლებიც უსაფრთხოებასთან, დამტვერიანების მინიმიზაციასთან არის დაკავშირებული. ხოლო, ტერიტორიის ფუნქციურ განვითარებასთან დაკავშირებით არსებობს კანონმდებლობით გათვალისწინებული ქალაქმშენებლობითი დოკუმენტები და ასეთი საკითხები არ წყდება ორმხრივი მოლაპარაკებების საფუძველზე, არამედ წყდება მოქმედი კანონმდებლობისა და უსაფრთოების დაცვის კონტექსტში,“- განაცხადა მაია ბითაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები