LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახა მიქიაშვილი: „პირდაპირ მინდა ვთქვა, რომ მანიაკი არ ვარ!..“

808

„ჩემი ცოლის დაქალებში“ მსახიობი კახა მიქიაშვილი ვასოს როლში გამოჩნდა, რომელიც ზაზას მეგობარ ანას აწუხებს. ზაზამ გამოსარჩლება გადაწყვიტა და ვასოსგან თავში აგური მიიღო. როგორ გაგრძელდება ეს ხაზი, ჯერ მსახიობმა არ იცის, თუმცა ჩვენთან ინტერვიუში, რომელიც „თბილისი მარიოტში“ ჩავწერეთ,  აღნიშნავს, რომ ვასოსნაირი მამაკაცები საკუთარ საახლობლოში არასდროს ჰყოლია. კახამ ხუმრობით ისიც კი გვითხრა, დაწერეთ, რომ მანიაკი არ ვარო. როგორც სოციალურ ქსელებში კომენტარებისას გამოჩნდა, ზოგიერთმა მაყურებელმა მისი პერსონაჟი ზედმეტად სერიოზულად მიიღო…

სანამ ინტერვიუს დავიწყებდით, თავად მითხარი, ერთ პატარა როლში გამოჩენაც კი ტელევიზიით როგორ პოპულარობას ჰმატებს მსახიობს…

კახა მიქიაშვილი:

არ ვიცი, ჩემი პროფესიის ნაკლია თუ ხიბლი და ასე იყო ყველა – თეატრში წლები როლი როლზე რომ ითამაშო, წარმატებულად, ისე არ ჩანს, კონკრეტულად თეატრის მაყურებელი აფასებს, საკმარისია, ეკრანში ერთ კადრში გამოჩნდე, განხილვის თემა ხდება. ბუნებრივია, ეს არის კარგი, მსახიობობას უხდება. მეორეა, თუ ნეგატიური როლი შეასრულე, მასთან გაიგივებენ.

გურამ საღარაძის მაგალითი გამახსენდა, მისნაირ კეთილ გულჩვილ და წესიერ ადამიანს ბევრს არ ვიცნობდი. თავად აქვს მოყოლილი, „სახლი ძველ უბანში“ მონაწილეობის შემდეგ, სადმე თუ გამოჩნდებოდა, როგორ იწერდნენ პირჯვარს და გარბოდნენ მისგან (იღიმის). შემიძლია იგივე ვთქვა ბევრ სხვა მსახიობზეც. პირდაპირ მინდა ვთქვა, რომ არ ვარ მანიაკი, მადლობა ღმერთს (იცინის)!.. ხალხს აგურებს არ ვურტყამ თავში და არც არავის ფანჯარასთან ვდგავარ შესაშინებლად. საერთოდ, მგონია, რომ ჩემი პროფესიის ერთ-ერთი ხიბლი ესაა – რაც უფრო განსხვავებულ ტიპაჟს ქმნი, უფრო სხვანაირს, ვიდრე იქამდე გითამაშია, მით უფრო რთულია. გულწრფელად რომ გითხრათ, სუფთა პროფესიული კუთხით, კომენტარებს, ზოგს ხუმრობით და ზოგს არახუმრობით ნათქვამს – რა, საშინელი როლია, რა ცუდი ტიპი ხარ და როგორ დაგვზაფრეო, პროფესიული ნიშნით კომპლიმენტად ვიღებ. თუ დადებით პერსონაჟს თამაშობ და ხალხს თავი შეაყვარე და დაამახსოვრე, კარგია, როცა ნეგატიურ როლს ასრულებ და ესეც დაამახსოვრდა მაყურებელს, ე.ი. კარგად შექმენი როლი.ამით იმას არ ვამბობ, რომ მე ვითამაშე კარგად, უბრალოდ, ვადარებ. კიდევ ერთხელ ვამბობ, მანიაკი არ ვარ. როცა სცენარი წავიკითხე, მზად ვიყავი, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში საზოგადოებაში მანიაკის იმიჯი მექნებოდა, მათ შორის, ვინც არ მიცნობს, თორემ ვინც მიცნობს, იცის ჩემი ხასიათი (იღიმის). ვინაიდან ამ სერიალს უყურებს მთელი საქართველო, თუ მთელი სამყარო და მსოფლიო არა, დიდ ნაწილში ეს იმიჯი არ ამცდება, მაგრამ რა ვქნათ, ეს პროფესიის ნაწილია…

ასეთ კომენტარებს მართლა სერიოზულად წერდნენ?

ძალიან გამეცინა და ამასაც შეგუებული ვარ – ისეთმა ხალხმა მომწერა და დამირეკა, ანონსში რომ დამინახეს, წლები რომ არ მინახავს (იცინის). აინტერესებთ, როგორ გაგრძელდება, მაგრამ ნამდვილად ვერ ვეტყვი. ჩემმა მეგობარმა ჩამიგდო, ჩემს ფოტოზე რა კომენტარებიც წერია, სერიოზული განხილვა იყო. რა ვქნა, რა ვუყო… მანიაკი ნამდვილად არ ვარ. მაყურებელი ნახავს, როგორი მშიშარაა ჩემი პერსონაჟი. მანიაკები ყოველთვის მშიშრები არიან…

ისე, ვასოსნაირ ადამიანს შეხვედრიხარ?

ღმერთმა დამიფაროს. ისეთ სოციუმსა და საზოგადოებაში ვტრიალებ, ასეთი ავადმყოფები არ არიან. სხვათა შორის, ამ როლზე მუშაობისას მე და რეჟისორი შევთანხმდით მარტივად, ჩაცმაზე იყო საუბარი. თუ პირდაპირ ეტყობა ადამიანს, რომ მანიაკია, არავინ დაამყარებს მასთან კომუნიკაციას. ასეთ ადამიანებს ჩვეულებრივად აცვიათ, თითქოს ჩვეულებრივად იქცევიან და ასე ადვილად ვერ შეატყობ. შეიძლება, შევხვედრივარ კიდეც, მაგრამ ვერ მივმხდარვარ. მთელი პრობლემა, ალბათ, ასეთი ადამიანებისა, ის არის, რომ შეიძლება, თავაზიანიც იყოს პირველ ეტაპზე და შემდეგ ურთიერთობაში აჩენს საკუთარ სახეს. ჩემი ახლო მეგობარი გოგონებისგანაც არ გამიგია, რომ ასეთი პრობლემა ჰქონიათ, მაგრამ ალბათ, ხდება.

ისე, შენს მეგობარ გოგონას გამოესარჩლებოდი ასეთ შემთხვევაში?

თუ შენი ახლობელი გოგონა მოგმართავს, ეცდები დახმარებას. არ ვიცი, რა ფორმით მოვახერხებდი ამას ან მეც აგურს ჩამარტყამდნენ თუ არა, მაგრამ ვიმედოვნებდი და ვისურვებდი, რომ ნორმალურ სახელმწიფოში ყველაფერს კანონი არეგულირებდეს და ყველაზე ცუდ შემთხვევაში იყოს მუშტი-კრივი და დასისხლიანება. კონკრეტულ შემთხვევაში რას იზამ, არ იცი. თუ ანას კუთხიდან შევხედავთ, გოგონა მარტო ცხოვრობს, დაუცველია, მიმართა პატრულს, აშანტაჟებს ის ბიჭი და ვერაფერს შვრება.

გადაღებების პროცესი როგორი იყო?

არ იყო რთული, გულწრფელად გეუბნებით. სერიალში ბევრი დრო არ გაქვს, ტექსტს გიგზავნიან, უცებ გადიხარ, რეჟისორი ამოცანას გისახავს… ნამდვილად არ გამჭირვებია, თან, ყველას ვიცნობ, კარგი ურთიერთობა გვაქვს – მათ იციან, რომ მე მანიაკი არ ვარ და მე ვიცი, რომ ისინი არ არიან მანიაკები (იცინის).

რამდენჯერ გაიმეორე…

არა, ამას უკვე ხუმრობით ვამბობ (იცინის). სასაცილო ის იყო, სადაც ვიღებდით, ბევრმა ნაცნობმა გამოიარა, მათ შორის, სასულიერო პირებმა, მომესალმნენ. გულში ვფიქრობდი, ნეტავ, იცოდეთ, ვის ესალმებით-მეთქი. სერია რომ გავიდა, იმავე ხალხმა მითხრა, თურმე, რა როლში გიღებენო.

კასტინგი გაიარე?

არა, პირდაპირ დამირეკეს და შემომთავაზეს…

ძალიან კარგი მანიაკი იქნებიო?

(იცინის) ისე, ამ შემოთავაზებაზე გამეღიმა, რაღა მანიაკის როლი შემომთავაზეთ-მეთქი… ადრეც მქონდა შეთავაზება, კატოს რომელიღაც თაყვანისმცემლის როლზე, აღარ მახსოვს ზუსტად. ეკა მჟავანაძემ, ჩვენმა კოლეგამ, შესანიშნავმა ადამიანმა დამირეკა. მანიაკის როლიც სრულიად განსხვავებულია ჩემგანაც და ჩემი ნათამაშები როლებისგანაც. მე იმ ადამიანების კატეგორიას მივეკუთვნები, რომლებიც არ თვლიან, რომ ყველგან უნდა გამოჩნდე. ჩვენს პროფესიაში ცნობადობას აქვს მნიშვნელობა და ზოგი მიიჩნევს, რომ შავი პიარიც პიარია. მე არ მაქვს ეს მოსაზრება. ვიცი ეპატაჟური ადამიანები და არავის განვიკითხავ, რომლებიც ფიქრობენ, რომ ყველანაირი ხერხით უნდა წარმოაჩინონ თავი… ჩემში ეს არ ზის და ეკრანზე გამოჩენის პრობლემაც არ მაქვს. როცა სცენარი წავიკითხე, მაინც დავფიქრდი, მინდოდა თუ არა ამ როლის შესრულება, თუმცა რამდენიმე წუთს ვიფიქრე და მერე დავთანხმდი… საინტერესოა მაინც.

არის როლი, რომელსაც არ დათანხმდებოდი?

ორჯერ მომიწია უარის თქმამ, ერთხელ ფიზიკურად არ მეცალა, მეორედ – მცირე მკურნალობის კურსს გავდიოდი. პორნოგრაფიაში რომ არ ვითამაშებდი, ზუსტად ვიცი. ნამდვილად – არა!.. არც ეროტიკულ სცენაში ვითამაშებდი. ქართულ კინოში მინახავს ეროტიკული სცენები და არის მაინც უხერხულობები, ამასაც გამოცდილება და მიჩვევა სჭირდება. დიპლომში თეატრისა და კინოს მსახიობი მიწერია, მაგრამ სასწავლებელი ისე დავამთავრე, კინო არ მისწავლია. ეროტიკულ სცენაში მონაწილეობას სხვა თავისუფლება სჭირდება, არ მიფიქრია, კომპლექსია თუ რა არის.

მსახიობობის გარდა სხვა რაღაცებით ხარ დაკავებული…

ძირითადად ვარ თეატრში, რამდენიმე წელია, ვმუშაობ ტელევიზიაში, მიმყავს საღამოები და კონცერტები, კორპორატიული საღამოები. 20 წელი ხდება, რაც მსახიობი ვარ და მადლობა ღმერთს, სულ დაკავებული ვარ, შემოქმედებითი პაუზა არ მქონია. სხვა პროფესია არ მიცდია. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ პროფესიაში ვარსკვლავებს ვწყვეტ, მაგრამ ახლა სხვა არაფერი წარმომიდგენია. სალომე გოგიაშვილმა და მისმა მეუღლემ გახსნეს პრესტიჟული ავეჯის მაღაზია და რატომღაც გადაწყვიტეს, რომ მე უნდა ვყოფილიყავი დირექტორი. ჩემთვის დამატებითი გამოწვევა და ფინანსური შემომსავალიც იყო, ასე რომ, კომპანიის დირექტორიც გავხდი.

ფინანსურად მომგებიანი მსახიობის პროფესია ვერ გახდა ვერასდროს…

არც ყოფილა და არც იქნება. მე ვისაც ვიცნობდი, არც ერთი მსახიობი არ ცხოვრობდა კარგად. ადრე პატივისცემა ჰქონდათ, შესაძლოა, ურიგოდ მიეღოთ ბინა ან მანქანა, ისიც – ყველას არა. ჩვენ ძალიან პატარა ქვეყანა ვართ, მცირე ბაზარი გვაქვს, რამდენი შეიძლება დაადო ბილეთს, რომ კარგად იცხოვრო? მართლა საარსებო მინიმუმზეა საუბარი. მე არ ვწუწუნებ, ბევრი ნიჭიერი და ღირსეული ადამიანი 300-350 ლარზე არსებობს. კინოშიც არ არის დიდი ჰონორარები.

კინოდან გაქვს შემოთავაზებები?

ერეკლე ბადურაშვილის ფილმში ვმონაწილეობ, რომელსაც ახლა იღებენ. ვარ „ჩემი ცოლის დაქალებშიც“, თუმცა არ ვიცი, რამდენ ხანს იქნება ჩემი პერსონაჟი. სიამოვნებით გავყვები ამ პერსონაჟს, რადგან თავიდანვე ვთქვი თანხმობა. ეგრე, თეატრში საფრთხობელას ვთამაშობ და ხალხი ხვდება, რომ ყანაში არ ვდგავარ (იცინის).

ისე, შეიძლება, მამაკაცს ქალი ისე შეუყვარდეს, რომ ასეთ რადიკალურ ნაბიჯებზე წავიდეს?

მგონია, რომ ეს ნორმა არ არის. ალბათ, ასეთ ადამიანს ჰგონია, რომ გოგონას ასე ხიბლავს, სცემეს და მაინც დაურეკა. მაგრამ როცა ადამიანი პატრულს გაყენებს ან ქუჩაში გხვდებიან, უნდა მიხვდე, რომ იქ შენი ადგილი არ არის. მე მაინც მგონია, რომ ასე არ შეიძლება, სიყვარულის გამო მოიქცნენ.

„ჩემი  ცოლის დაქალებში“ გამოჩენის მერე თაყვანისმცემლები ხომ არ გააქტიურდნენ?

საერთოდ არ მყავს თაყვანისმცემლები, არც მყოლია. სხვა მსახიობებზე გამიგია, ჩემზე არა. პირდაპირი ადამიანი ვარ. ვიღაცას არ ეგონოს, რომ თავმდაბლობით ვამბობ, შეიძლება, ცუდია ჩემი პროფესიისთვის,  მაგრამ ზედმეტად თავის წარმოჩენას არ ვცდილობ. რაც არის, იმაზე შემიძლია ლაპარაკი. შეიძლება, ორჯერ-სამჯერ მოსულა თეატრში ვიღაც და ავტოგრაფი ჩამოურთმევია, მაგრამ არ ყოფილა არასდროს, რომ ქუჩაში დამხვედროდა ვინმე, შენზე ვგიჟდებიო (იცინის). ახლა მით უმეტეს, ვინ მოვა? ისეთი როლი ვითამაშე, თუკი ვინმე იყო, სულ დამბლოკავს, ალბათ. იფიქრებს, მანიაკი ყოფილაო. თუ ვინმე გამოჩნდება, ე.ი. მანიაკალური გადახრები ჰქონია. ახლა მივხვდები, ამ როლის შემდეგ, ვის რა განზრახვა ჰქონია ჩემთან მიმართებაში (იცინის).

ფოტო: დათუნა აგასი

გადაღების ადგილი: სასტუმრო „მარიოტი თბილისი“

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g