LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კვირიკაშვილი: ჩემსა და მმართველ გუნდს შორის აზრთა სხვადასხვაობა გამოიკვეთა

40

გიორგი კვირიკაშვილმა გადადგომის შესახებ საუბრისას განაცხადა, რომ მმართველ გუნდთან აზრთა სხვადასხვაობა აქვს და ისინი მისი მთავრობის მეთაურობით გატარებულ ეკონომიკურ პოლიტიკას არ ეთანხმებიან. მისი თქმით, დღეს არის ის მომენტი, როდესაც პარტიის თავმჯდომარეს უნდა მიეცეს საშუალება, გუნდი დააკომპლექტოს იმ შეხედულებებიდან გამომდინარე, რომელიც მას გააჩნია.

“როგორც იცით გუშინ გაიმართა მმართველი პოლიტიკური ძალის შეხვედრა, რომლის შემდეგ გაკეთდა ასევე საჯარო განცხადებები. გამოიკვეთა ჩემსა და მმართველ გუნდს შორის გარკვეული მიმართულებებით აზრთა სხვადასხვაობა კონკრეტულად საუბარი იყო ჩემი მეთაურობით მთავრობის მიერ გატარებულ ეკონომიკურ პოლიტიკასთან დაკავშრებით. ასევე მინდა აღვნისნო, რომ ბოლო თვეების განმავლობაში განსაკუთრებულად იყო რიგი ფუნდამენტური საკითხებისა, რომლებშიც გვქონდა პარტიის თავმჯდომარესთან განსხვავებული მოსაზრებები და პოლიციები. ეს ნორმალური პროცესია 2012 წლიდან მოყოლებული ჯერ კიდევ მინისტრობის პერიოდშიც არასდროდეს არ მოვრიდებივარ პოლემიკას და ვფიქრობ დღეს არის ის მომენტი, როდესაც პარტიის თავმდჯომარეს უნდა მიეცეს თავმჯდომარეს გუნდი დააკომპლექტოს იმ შეხედულებებიდან გამომდინარე, რომელიც მას გააჩნია.”-

პრემიერმა ხელისუფლებაში მისი საქმიანობის პერიოდზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყველა გადაწყვეტილება ყოველთვის სამშობლოს სასიკეთოდ გადადმული ნაბიჯი იყო.

“ჩემთვის ეს თანამდებობა ყოველთვის იყო მხოლოდ და მხოლოდ ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა, რაც კი შეიძლება მოქალაქეს დაეკისროს. ყოველთვის ვცდილობდი უდიდესი პატივის გრძნობით მეტარებინა ეს უდიდესი პასუხისმგებლობა. მთელი ამ ხნის განმავლობაში მე ვეცადე ვყოფილიყავი თითოეული მოქალაქის პრემიერ-მინისტრი. დიახ, მიმიღია გადაწყვეტილებები საკუთარი თავის საზიანოდ, მაგრამ ყოველთვის, მთელი გულით მჯეროდა და მჯერა, რომ ყველა ნაბიჯი და გადაწყვეტილება იყო ჩემი სამშობლოს სასიკეთოდ ნაკარნახევი და იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში სიტუაცია უკეთესობისკენ შეგვეცვალა. რა თქმა უნდა, ყოველთვის ვიყავი და ვარ გუნდური მოთამაშე. ვხედავ, გუნდში განწყობებს და აქედან გამომდინარე მივიღე ის გადაწყვეტილება, რომელიც ჩემს სიტუაციაში უნდა მიეღო ნებისმიერი გუნდის ხელმძღვანელს“,

ამასთან, კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ არა მისი გუნდის საქმიანობა მოსახლეობისთვის ნორმალური ცხოვრების შესაძლებლობა კიდევ რამდენიმე წლით გადავადდებოდა.

ძალიან კარგად ვიცი როგორ უჭირს ხალხს, რომ ჩვენ გვყავს ძალიან ბევრი ოჯახი, რომელიც ყოველდღური ცხოვრების ურთულეს პირობებში ზრუნავს, რათა რამენაირად იშოვოს ლუკმა-პური საკუთარი ოჯახისათვის, საუთარი შვილებისათვის და გადაირჩინონ თავი. ეს ასეა, მაგრამ ისიც აბსოლუტურად ზუსტად ვიცი, რომ არა ჩვენი ეს პოლიტიკა, ამ ხალხისთვის ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის შესაძლებლობა კიდევ ბევრი წლით გადავადდებოდა. ამის უფლებას მე არასოდეს მივცემდი ჩემს საკუთარ თავს. ვფიქრობ, რომ გუნდიც ძალიან მოტივირებული იყო ამ მიზნით მოქმედებისთვის“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. 

გიორგი კვირიკაშვილმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა რამდენიმე წუთის წინ დატოვა. კვირიკაშვილის გადადგომასთან ერთად გადაყენებულად მიიჩნევა საქართველოს მთავრობა. შესაბამისად, მათ პარლამენტმა ნდობა ხელახლა უნდა გამოუცხადოს.

შეგახსენებთ, ბოლო პერიოდში საქართველოში რამდენიმე აქცია ჩატარდა, რომლის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა მთავრობის გადადგომა იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები