LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლელა მებურიშვილი: „ზედმეტად აქტიური დედა ვარ…“

589

ლელა მებურიშვილს წყნეთში ვესტუმრეთ, სადაც ოჯახთან ერთად ამჟამად ისვენებს, ალექსანდრესა და ლილიკოს სუფთა ჰაერზე ყოფნა რომ არ მოაკლდეთ. ლელას ეხმარებიან, მაგრამ მთელ თავისუფალ დროს შვილებთან ერთად ატარებს და მისთვის ყველაზე ძვირფასი სწორედ ეს დროა, მიუხედავად იმისა, რომ სერიალში მონაწილეობა მოენატრა და საქმე ძალიან უყვარს.

ორი შვილის დედობა განსხვავებული შეგრძნებაა?

ლელა მებურიშვილი:

ხშირად მომისმენია, როცა ამბობენ, პირველი შვილი რომ შემეძინა, დედობა ვერ გავაცნობიერეო. ჩემ შემთხვევაში პირველივე შვილზე გავაცნობიერე და ჩემი ცხოვრება ასბოლუტურად შეიცვალა. მეუბოდნენ, მერე ნახე, რა დაგემართებაო, მაგრამ მე პირველივე წამიდან „დამემართა“.

ორად ვიყოფი, როცა ალექსანდრესთან ვარ, ლილიკოსთან ყოფნა მინდა და პირიქით. მგონია, რომ ყოველი წუთი მათ გარეშე ამაოა. ყველა თავისუფალი დროის ჩემს შვილებთან გატარება მინდა. ადრე, როცა გვიან მიმთავრდებოდა გადაღება ან სპექტაკლი, სულ, ვცდილობდი, რაღაც მომეფიქრებინა, სადღაც წავსულიყავი, მეგობრები მენახა. ახლა სახლში მოვიჩქარი.

რაიმე წინადადებაზე თუ გითქვამს უარი, რომ შვილებთან მეტი დრო გაგეტარებინა?

ყოფილა, მაგრამ ეს არ იყო გადამწყვეტი წინადადება ჩემს კარიერაში. შესაძლოა, ბავშვები რომ არ მყოლოდა, მაინც მეთქვა უარი. მიჩვეული ვარ რამდენიმე საქმის ერთად კეთებას, სპექტაკლებსაც ვთამაშობ, მაქვს გადაღებები და ტელევიზიაშიც ვასწრებ ყოფნას. ერთმა რომელიმე საქმიანობამ რომ მთლიანად მოიცვას ყველაფერი, დიდი ხანია, არ მქონია. შესაძლოა, გამოჩნდეს ისეთი საქმე, რომელიც ყველაფერს გადაფარავს. ასეთი რამდენიმე წინადადება მქონდა, რომელზეც დავფიქრდი და უარი ვთქვი. ამ ახალ საქმეებს მთლიანად სჭირდებოდა ჩემი დრო და სხვა რაღაცებს ვერ მოავსწრებდი.

არ გწყდება გული?

არ მწყდება. ჩემი პროფესიაში როცა თანხმდები რაიმე პროექტს, ის შესაძლოა, ორი-სამი თვე გაგრძელდეს, მაგრამ მერე ჩერდება. ერთწლიან და მეტხნიან პროექტს, რომელიც ბავშვებთან ნაკლებ დროს გამატარებინებდა, ვერ დავთანხმდებოდი.

მეუღლე, ბაჩო საგანელიძე, თუ არის ჩართული შვილების აღზრდაში?

რა თქმა უნდა, მაქსიმალურად ცდილობს, რომ ჩაერთოს, იცოდეს ყველა დეტალი, რას აკეთებენ ბავშვები, რას აჭამენ და სვამენ, მაგრამ მე უფრო ვაქტიურობ. დღის განმავლობაში სულ საქმის კურსში ვარ, როდის დაიძინეს და რა ჭამეს. ბაჩოც ცდილობს, „სკაიპით“ ჩაერთოს. ცდილობს, დღის განმავლობაში სულ არ მოსწყდეს ბავშვებს და ჰქონდეს მათთან კომუნიკაცია.

ვფიქრობ, მე ზედმეტად აქტიური დედა ვარ. ჩემი მეგობრებიც მეუბნებიან, რომ ზედმეტი მომდის. როცა თავისუფალი დრო მაქვს, დამნაშავედ ვიგრძნობ თავს, რომ რაღაც სხვა გავაკეთო. ყველაზე დიდ სიამოვნებას ახლა ამით ვიღებ.

დიასახლისობ?

მირჩევნია, ბავშვებთან ვითამაშო, გავერთო, დავაძინო და ვასეირნო, ვიდრე სახლი ვაალგო და საჭმელი ვაკეთო, ჩემდა სამარცხვინოდ. ისე, მგონია, რომ ეს არ არის სამარცხვინო. როცა დრო არ გაქვს, სახლის საქმეებში დაკარგო და ბავშვებს მოაკლო, არასწორი მგონია.

ძალიან ბევრი ადამიანი მეხმარება, ძიძები, ჩემი მშობლები, ბაჩოს მშობლები. ყველაფერში აქტიურად არიან ჩათული.

საჭმლის გაკეთება იცი?

ყველაზე ნაკლებად მსიამოვნებს, ჯერჯერობით. ხანდახან, როცა ვაკეთებ, ამბობენ, რომ გემრიელი გამომდის. მე სიამოვნებას ვერ ვიღებ. ცხოვრება იმდენად მოკლეა, რომ უნდა გააკეთო ის, რაც გსიამოვნებს, თუ გაქვს ამის საშუალება. ჯერჯერობით მაძლევენ ამის საშუალებას (იღიმის). ზოგჯერ ყველაფრის გაკეთება შეიძლება, როცა საჭიროა. ბაჩოს ძალიან უხარია, როცა გემრიელი საჭმელი ხვდება, ზოგჯერ მაინც ვსაქმიანობ სამზარეულოში. მეუღლე ხომ უნდა გაახარო…

რომანტიკული შეხვედრებისთვის დრო გრჩებათ?

როცა ბავშვები არ გვყავდა, განსხვავებულად ვატარებდით დროს. შეყვარებულებივით დავდიოდით. ბევრად მეტი თავისუფალი დრო გვქონდა, მათ შორის, ერთმანეთისთვის. ყველაფერი შეიცვალა, მათ შორის, ესეც. გვინდა, შვილებთან ერთად ვიყოთ. შაბათ-კვირას მდომებია სადღაც წასვლა. ბაჩო აპროტესტებს ხოლმე, ისედაც ვერ ვნახულობ ბავშვებს და მაშინ ისინიც წავიყვანოთო. ზოგჯერ ბაჩო გამომყოლია გადაღებაზე და ამ დროს დაგვიტოვებია ბავშვები. თუ საქმეზე არ მივდივართ და დასასვენებლად ან დროის გასატარებლად მივეშურებით, ბავშვები აუცილებლად ჩვენთან ერთად არიან. ჩემს მეგობრებს სულ ვეუბნები, სანამ შვილები არ ჰყავთ, მაქსიმალურად გაერთონ, რადგან მერე მათ გარეშე უბრალოდ, აღარ მოუნდებათ არსად წასვლა.

როგორ მოახერხე, რომ ორივე შვილი შენ დაგემსგავსა? ბაჩო არ აპროტესტებს?

(იცინის) ბაჩო მიიჩნევს, რომ მას ჰგვანან. ბაჩოს მშობლები ამბობენ, რომ ჩვენი შვილები მას ჰგვანან, ჩემი მშობლები მე მამსგავსებენ… თავიდან ორივე ბაჩოს ჰგავდა, მაგრამ თანდათან მე მემსგავსებიან. როცა ალექსანდრე ცუდად იქცევა, ამბობენ, ლელას ჰგავსო (იცინის). ამას, რა თქმა უნდა, ხუმრობით ვამბობ. ალექსანდრე ძალიან მოწესრიგებულია, ამით, მგონია, რომ მე მგავს. ლილიკო ძალიან მშვიდია. კომფორტულად გრძნობს თავს, თუ რაღაც არ მოსწონს, უცნაური ხმით ტირის, შეიძლება ითქვას, კივის. დაბადებიდან ორივეს მშვიდად ეძინა ღამე. პატარა ბავშვი რომ გყავს და გამოუძინებელი ხარ, ეს არ ვიცი, რა არის. ზოგჯერ ისეთი გადაღეული ბავშვები არიან, რომ სამსახურში ისვენებენ მშობლები და მე ასე არ ვარ. მშვიდი შვილები მყავს და მომწონს მათთან ურთიერთობა.

როგორები უნდა იყვნენ, სად ისწავლონ, როგორი ცხოვრება ჰქონდეთ, ამაზე ფიქრობ?

მთავარია, თვითონ იყვნენ ბედნიერები. რასაც აირჩევენ, მე არასდროს შევეწინააღმდეგები. პირიქით, ხელს შევუწყობ. მაქსიმალურად ვეცდები, გამოვიცნო, რა სურთ. ბავშვს რომ უყურებ, ბედნიერებას უნდა ასხივებდეს. მშობელი უნდა იყოს ბედნიერი და მშვიდი, რომ შვილები გააბედნიეროს. ჩემი მიზანი ესაა, რომ მე ვიყო ისე, რომ ჩემი ოჯახი გავაბედნიერო.

ახლა ნირვანას მიაღწიე, ბედნიერად გრძნობ თავს?

უდიდეს ბედნიერებას მივაღწიე, ეს ყოფილა მართლა სასწაული, სანამ შვილები არ გეყოლება, ამას ვერ მიხვდები… სულ მიყვარდა ბავშვები, მაგრამ ეს სხვა შეგრძნებაა. ბოლო წერტილი ნამდვილად არაა, რადგან ბევრი გეგმა მაქვს.

კიდევ აპირებ შვილების ყოლას?

დიდი სიამოვნებით ვიყოლიებდი ძალიან ბევრ შვილს, დედობა ძალიან მომწონს, მაგრამ იმდენად ვნერვიულობ ყველა წვრილმანზე, მეტ შვილზე ფიქრი გამიჭირდება. ახლა ვფიქრობ, საკმარისია, მერე შეიძლება, მომინდეს კიდევ შვილის გაჩენა.

საქმიანობის კუთხით რა ხდება?

მაქვს შემოთავაზებები, თეატრიდან და ტელევიზიიდან, მაგრამ ჯერ ვერ ვილაპარაკებ. სიმართლე გითხრა, საშინლად მომენატრა სერიალში ან ფილმში მონაწილეობა. იმედია, საინტერესო შემოთავაზება გამოჩნდება. სერიალში მონაწილეობა ძალიან შრომატევადია. მე რომ „ჩემი ცოლის დაქალებში“ დავრჩენილიყავი, ალბათ, ლილიკო ჯერ არ მეყოლებოდა, რადგან ამდენი დრო არ მექნებოდა. ალბათ, ცუდად ჟღერს, მაგრამ მეორე ბავშვზე ვერ ვიფიქრებდი. ყველაფერი კარგად დაემთხვა, საბედნიეროდ. სულ ვიღლებოდი და ღამეებს ვათენებდი, მაგრამ დაღლილობის მიუხედავად, შინაგანად სულ მენატრება გადაღების პროცესი…

ფოტო: დათუნა აგასი

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g