მედეა ზირაქაშვილი: რა დრო უნდა გაატარონ პატარებმა ეკრანებთან და როდის არის საგანგაშო მეტყველების დაგვიანება

368

გადაცემას ”სტუმრად ექიმთან” ბავშვთა ფსიქიატრი, ნევროლოგი მედეა ზირაქაშვილი ესტუმრა, რომელმაც რადიოს ეთერში მშობლებისთვის საინტერესო ისეთ თემებზე ისაუბრა, როგორებიცაა: მეტყველება, ქცევა, გაჯეტები, მულტფილმები და სასკოლო მზაობა.

 ხშირად შფოთავენ მშობლები მულტფილმებთან დაკავშირებით, არსებობს არა ერთი რეკომენდაცია და აზრთა სხვადასხვაობა, რეალურად საშიშია მულტფილმების ყურება, თუ გარკვეული დოზით დასაშვებია?

რეკომენდაციების გაცემა ძალიან ადვილია, თუმცა მშობლების მხრიდან არც ისეთი ადვილია მათი შესრულება. ჩვენ, ექიმები ვალდებულები ვართ დავეყრდნოთ კვლევებზე დაფუძნებულ ინფორმაციას. ამერიკის პედიატრთა აკადემია არის ის ორგანიზაცია, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან რეკომენდაციებს იძლევა, მაგრამ თუკი 2009 წელს მათი შეხედულება ძალიან კრიტიკული იყო ბავშვების ეკრანთან მიმართებაში, დღეისათვის ისინი მეტ- ნაკლებად შერბილებულია.

თუკი მაშინ ამბობდნენ, რომ 2 წლამდე ასაკის ბავშვებში მულტფილმების ყურება საერთოდ არ შეიძლებოდა, შემდეგ კი საკმაოდ გვიან ასაკამდე ერთ საათზე მეტი დაშვებული არ იყო, დღეისათვის  არსებულ დროის ლიმიტირებას ბავშვის და მოზარდის ასაკი განსაზღვრავს. მაგალითად, 2 წლამდე ისევ არ შეიძლება მულტიპლიკაციური ფილმების  ყურება, 24-დან 36 თვემდე ასაკის ბავშვებში ნახევარი საათის განმავლობაშია დასაშვები, სამი წლის შემდეგ ,წინა სასკოლო ასაკამდე კი ერთ საათამდეა ეკრანთან ურთიერთობა შესაძლებელი. თინეიჯერულ ასაკში ეს დრო  მაქსიმუმ 4 საათამდეც დასაშვებია გაიზარდოს.

ძალიან მნიშვნელოვანია გავიაზროთ კვლევებზე დაფუძნებული მტკიცებულებები, თუმცა, გამოვიდეთ ბავშვის ინტერესებიდანაც. თუ ჩვენ შევზღუდავთ დროს, დადებით და შემეცნებით  ინფორმაციას მივაწოდებთ ბავშვს, შევძლებთ მულტფილმების და ტელევიზორის გავლენით გამოწვეული მავნე რისკების თავიდან აცილებას.

2013 წელს აშშ-ში ჩატარდა კვლევა, სადაც სამი ჯგუფი მონაწილეობდა, ერთ ჯგუფს მიეწოდებოდა ინფორმაცია გაცხრილვის გარეშე, თავისი ძალადობრივი ფაქტებით, მეორე ჯგუფს შეეზღუდა დრო, მესამეს კი ძალადობრივი ინფორმაციის მიწოდება. 6თვის შემდეგ ქცევის გადაფასების შედეგად, საუკეთესო შედეგი ჰქონდა ჯგუფს, რომელსაც შეეზღუდა ძალადობრივი ხასიათის ინფორმაცია და არ ჰქონდა შეზღუდვა დროში. თუ ჩვენ მოვახდენთ ინფორმაციის გაცხრილვას და დროის ლიმიტირებას, ვფიქრობ მულტფილმებიც კი იქონიებენ დადებით გავლენას მათ განვითარებაზე.

ყველა ანიმაციურ მულტფილმს ვერ ჩავეძიებით, თუმცა, ყველაზე პოპულარულებზე მინდა გკითხოთ, მაგალითადმაშა და დათვირამდენად დასაშვებია?

ლიმიტირება ყველა შემთხვევაში უნდა დავაწესოთ, კვლევები არ არის სელექტიურად გარკვეული მულტფილმების მიმართ. ამერიკის პედიატრთა აკადემიას დასახელებული აქვს სამი ყველაზე მნიშვნელოვანი უარყოფითი ეფექტი მულტფილმებთან დაკავშირებით, პირველი ეხება ფიზიკურ ჯანმრთელობას: მაგ.ბავშვები მათი ყურებისას  ბევრ ტკბილეულს მიირთმევენ, რაც  შედეგად იწვევს გაცხიმოვნებას, ასევე შეიძლება გამოიწვიოს ხერხემლის გამრუდება, ჭარბი ვიზუალური ეფექტების შედეგად, პროვოცირება გამოიწვიოს ფოტოსტიმულაციური ეპილეფსიის.ასევე იქონიოს გავლენა ბავშვების ქცევასა და ემოციურ მდგომარეობაზე: გახდეს აგრესიული, ოპოზიციური, დაუმორჩილებელი . მაგალითად ”მაშა და დათვის“ მსგავსი მულტფილმები, სადაც ერთი პერსონაჟი ყოველთვის დაზარალებული, მეორე კი მეტ-ნაკლებად მოძალადეა, აჩენს აზრს ბავშვებში, რომ მჩაგვრელი უფრო ძლიერია და ასე უნდა მოექცეს მის გარშემომყოფებს..და ბოლოს ხშირად ბავშვები მულტფილმის  პერსონაჟის როლს ირგებენ და შესაძლოა მათთან გაიგივებით სერიოზული საფრთხე შეუქმნან საკუთარ სიცოცხლეს( გადმოხტეს სიმაღლიდან, გამოიყენოს ბასრი ნივთები)…ჩემი აზრით, მშობელმა ბავშვთან ერთად უნდა უყუროს მულტფილმს, თითოეული ქმედება სწორად აუხსნას მათ და მართოს ქცევები, რომელსაც ბავშვი გადმოიღებს მულტფილებისგან, ამ შემთხვევაში არ მგონია, რომ  აგრესორები გავზარდოთ.

ბავშვები სვამენ ძალიან ბევრ შეკითხვას, ძალიან რთულია ყველა კითხვაზე გასცე პასუხი. და მაინც უნდა ვუპასუხოთ მათ შეკითხვებს?

არის განვითარების ერთ-ერთი ეტაპი, როდესაც ისინი ძალიან ბევრ შეკითხვას სვამენ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია მათი შემეცნებისთვის.

მშობელმა ნებისმიერ შეკითხვას უნდა გასცეს პასუხი, არასოდეს არ უნდა უპასუხოს შეკითხვას შეკითხვით, ამან შესაძლოა კიდევ უფრო მეტი გაუგებრობა გამოიწვიოს მათში.

თუკი დედას, რომელიც ავტორიტეტია, არ აქვს პასუხი შეკითხვაზე, ეს ნიშნავს, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ მშობლის ავტორიტეტულობასთან დაკავშირებით ბავშვს კითხვები გაუჩნდება. ნებისმიერ დასმულ შეკითხვას აქვს ასაკის შესაბამისი პასუხი, თუკი მშობელი პატარა ასაკის ბავშვის მიერ დასმულ შეკითხვას გასცემს მეცნიერულ პასუხს, ის უბრალოდ ვერ გაიგებს. მნიშვნელობა აქვს პასუხის შინაარსს, შეკითხვაზე პასუხი უნდა იყოს მოკლე და უნდა შეიცავდეს იმ სიტყვებს, რომელიც ბავშვისთვის გასაგებია.

დღეს არანაკლებ მნიშვნელოვანია მეტყველების თემა, მშობლები ხშირად უჩივიან იმას, რომ ბავშვები გვიან იწყებენ საუბარს. რეალურად როდის უნდა დაიწყოს მშობელმა ამ თემაზე ნერვიულობა და როდის უნდა დაიწყოს ბავშვმა საუბარი?

ადრეულ ასაკში მომართვიანობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ მეტყველების დაგვიანებაა. ენა და მეტყველება იმიჯნება ერთმანეთისგან. ერთია მეტყველების დარღვევა, როდესაც ბავშვს შეიძლება ჰქონდეს მაგ.სისინა, შიშინა ბგერების წარმოთქმის პრობლემა და მეორეა ენის განვითარების სირთულეები.

ენისა და მეტყველების შეფერხებას ძალიან ბევრი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს,იყოს მაგ.1) აუტიზმის  სპექტრის აშლილობა, ასევე 2) განვითარების ეტაპების დაყოვნება, რომელიც შეიძლება მომავალში გონებრივი ჩამორჩენილობის წინაპირობა გახდეს, 3) თვითონ ენის დარღვევები: მნიშვნელოვანია გაიმიჯნოს, ბავშვს რამდენად ესმის მისკენ მიმართული მეტყველება, რამდენად ასრულებს ინსტრუქციებს.  თუ არ ასრულებს, სმენის დაქვეითებაა ამის მიზეზი, ქცევის დარღვევა თუ რეცეფტული ენის დარღვევა(ბავშვს არ ესმის იმ ინფორმაციის შინაარსი,რომელსაც გარშემომყოფებისგან იღებს),ექსპრესული ენის დარღვევა, როდესაც ბავშვი ადეკვატურად აღიქვამს შეკითხვებს, დირექტივებს, მაგრამ აქვს ლექსიკის სიმწირე და ვერ გამოხატავს სიტყვიერად  თავის აზრებს. შესაძლოა იყოს გენეტიკური წინასწარგანწყობა შედარებით გვიან დაწყებული მეტყველების,რომელიც თავისით გვარდება ასაკის მატებასთან ერთად, თუმცა ეს  სპეციალისტმა უნდა დაადგინოს,როცა ყველა სხვა მიზეზს გამორიცხავს.

მშობლები ხშირად ჩივია, რომ მათი შვილები ვერ ლაპარაკობენ, მაგრამ ყველაფერსაგებინებენ”, რას ნიშნავს ეს ტერმინი და რა ასაკამდეა ეს დაშვებული?

”ყველაფერს მაგებინებს” – ნიშნავს იმას, რომ არ არის ექსპრესიული მეტყველება, არ არის სიტყვებით გაშუალებული ვერბალური კომუნიკაცია, მაგრამ მეტყველების დეფიციტის შევსება ხდება მიმიკა-ჟესტებით და ბავშვს პრაქტიკულად ამეტყველება არც კი სჭირდება,რადგან ისედაც მარტივად ახერხებს გარშემომყოფებთან ურთიერთობას.

ბავშვი ორი წლის ასაკში უნდა ამბობდეს 50- მდე სიტყვას, 33 თვიდან უნდა იყოს 2 სიტყვიანი ფრაზები, 36 თვიდან კი ბავშვის მეტყველება ისეთივე უნდა იყოს, როგორიც ჩვენი.არ არის მისი ვერბალური უნარები მსგავსად განვითარებული?- შესაბამისად უნდა მივმართოთ სპეციალიტს.

ხშირად ამბობენ მშობლები იმასაც, რომ ბაღში ბავშვი ალაპარაკდება, რამდენად შესაბამება ეს სიმართლეს?

ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ენის განვითარების შეფერხების მიზეზს. თუ აქ არის მძიმე რეცეპტული მეტყველების დარღვევა, არის აუტისტური სპექტრის აშლილობა ან  განვითარების ეტაპების დაყოვნება, მხოლოდ ბავშვის ბაღში მიყვანა პრობლემას ვერ მოხსნის. თუ აქ არის მსუბუქი ექსპრესული მეტყველების შეფერხება, ან პედაგოგიური ხელმიშვებულობა, როდესაც ბავშვს აკლია  ყურადღება/კომუნიკაცია  მშობლების/აღმზრდელების მხრიდან,ვაძლევთ რეკომენდაციას, რომ ბავშვის ჩართვა ასაკობრივ სოციუმში ( ბაღში) საკმარისია პრობლემის მოსაგვარებლად.

თქვენ მუშაობთ მენტალური განვითარების ცენტრში, გაქვთ ფილიალი ასევე ბათუმშიც, რა პროცედურას გადის მშობელი თქვენთან მოსვლის შემდეგ?

პირველად ხდება  ექიმთან ვიზიტი, როდესაც ვადგენთ რა მიმართულებით უნდა წავიდეთ: რა დიაგნოზებს შორის უნდა გავავლოთ დიფერენციალური დიაგნოსტიკა. ექიმთან ვიზიტის შემდეგ ხდება პრობლემების შეფასება და იმ მულტიდისციპლინარული გუნდის შერჩევა, რომელიც უნდა ჩაერთოს დიაგნოსტიკის პროცესში. მულტიდისციპლინარულ გუნდში  ჩართულია: ფსიქიატრი, ნევროლოგი,ქცევითი თერაპევტი, კლინიკური ფსიქოლოგი, ხელოვნებითი თერაპევტი, ფიზიკური თერაპევტი, ენისა  და მეტყველების სპეციალიტი. ხდება რამდენიმე დღიანი დიაგნოსტიკური შეფასება და პაციენტი მისამართდება ამა თუ იმ ტიპის თერაპიაზე.

ვისაუბროთ ბავშვის ქცევაზე, რას ნიშნავს ცუდი ქცევა და როგორი ბავშვი ითვლება აგრესიულად?

ქცევა არასოდეს არ არის მიზეზი. ქცევა ყოველთვის არის შედეგი გარემოზე, ან იმ ადამიანებზე, ვინც არიან მის გარშემო. უნდა გავითვალისწინოთ ბავშვის ასაკი. თუკი ორი წლის ასაკში ბავშვი მაღაზიაში ცდილობს მიიღოს სასურველი ნივთი იატაკზე გაწოლით ან ტირილით, ეს რა თქმა უნდა საგანგაშო არ არის. ბავშვის ქცევის ფორმირებაზე დიდი გავლენა აქვს ფსიქოლოგიურ ტიპაჟს, გარემოს და მიდგომას. თუკი ბავშვმა იცის, რომ სასურველს ყოველთვის მიიღებს მანიპულაციური გზებით, რატომაც არა.

თუკი ბავშვი იზრდება ისეთ გარემოში, სადაც მშობელმა იცის მანიპულაციური ქცევის მართვა და სთავაზობს სასურველის მიღების ალტერნატიულ გზებს, რა თქმა უნდა ბავშვს არ სჭირდება მიმართოს გამომწვევ ქცევებს და დაბალანსებულია მისი ქცევა.ბავშვის ქცევის ფორმირებას მშობელი ახდენს. უნდა ვიცოდეთ, რა დროს დავაიგნოროთ და რა დროს დავაჯილდოვოთ, მხოლოდ ასე შევძლებთ მისი ქცევის აქტიურ მენეჯმენტს.

ერთია ასაკობრივი მანიპულაციური ქცევები და მეორეა კონკრეტული დიაგნოზი: ქცევის დარღვევა, რომელიც თავისი შინაარსით გაცილებით მძიმეა და მოიცავს ისეთ ელემენტებს, როგორიც არის აგრესია ადამიანებისა და ცხოველების მიმართ.ფიზიკური სისასტიკე, ქურდობა,სხვისი  საკუთრების განადგურება/დაზიანება, წესების დარღვევა,ამ დიაგნოზით ბავშვების და მოზარდების ქცევები სცდება ტიპური განვითარებისათვის დამახასიათებელ სიცელქეს, მავნეობას და სიჯიუტეს და საჭიროებს სპეციალისტების ჩარევას.შეიძლება მედიკამენტების ჩართვაც კი გახდეს საჭირო.

 

მარტივია იგნორი როდესაც სახლში ვართ, მაგრამ რთულია თუ კი ბავშვი მანიპულირებს სუპერმარკეტში, სადაც მას ხალხი უყურებს, ვიცით, რომ ყვირილი და ცემა დაუშვებელია

ყვირილი და ცემა დაუშვებელია იმიტომ, რომ არ ”მუშაობს” და არც არის ასეთი გზები ადეკვატური პრობლემის მოსაგვარებლად. იმიტომ იქცევა ბავშვი ასე გარეთ, რომ მან ძალიან კარგად იცის – დედა იმ ხერხებს ვერ გამოიყენებს, რასაც სახლში. სამწუხაროდ, საზოგადოება ჯერჯერობით არ არის მომწიფებული, რომ იატაკზე გაწოლილ ბავშვს გვერდი აუაროს და დედას შენიშვნა არ მისცენ. მშობელი იძულებულია დააკმაყოფილოს ბავშვის მოთხოვნილება, იმისთვის, რომ აირიდოს გარშემო მყოფი ადამიანების მხრიდან შენიშვნები.

 ბავშვები ხშირად აკოპირებენ თანატოლების ქცევებს, აფუჭებენ, ამტვრევენ, ართმევენ

გარემო ძალიან დიდ ზეგავლენას ახდენს ბავშვის ქცევაზე. ცხოვრება იმდენად ბევრი ძალადობრივი ელემენტისგან შედგება, რომ ბავშვის განვითარებაში მუდმივად პრევენციული ღონისძიებების მიმღები ვერ ვიქნებით. ვფიქრობ, ბავშვებმა უნდა გაიარონ გარკვეული ეტაპები და თავად მოახდინონ დიფერენცირება, თუმცა უნდა ვიდგეთ მათ გვერდით და საჭიროების შემთხვევაში თუ ვერ გაუმკლავდებიან სირთულეებს დავეხმაროთ მათ.

ძალიან მოდურია წინასასკოლო მოსამზადებელი კლასები, ვინ უნდა განსაზღვროს მზად არის თუ არა ბავშვი სკოლისთვის?

ბევრი მშობელი გვაკითხავს და აინტერესებს, რამდენად არის მზად მისი შვილი სკოლისთვის? საჭიროა ბევრი სფეროს მზაობა: ბავშვის მზაობა მოშორდეს მშობელს, მშობლის მზაობა გაუშვას ბავშვი სკოლაში და სკოლის მზაობა მიიღოს ბავშვი. საკოლო მზაობა არის ბავშვსა გა გარემოს შორის ისეთი ინტერაქცია, რომელიც ხელს უწყობს ბავშვის შესაძლებლობის მაქსიმალურ გამოვლენას მისთვის მინიმალური სტრესისა და ზიანის მიყენების გარეშე პირობებში. ვფიქრობ, უნდა მოხდეს მულტიდისციპლინარული  გუნდის მიერ ბავშვის შეფასება და მხოლოდ ამის შემდეგ განისაზღვროს, რამდენად არის მზად ბავშვი სკოლისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები