LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეისი გრეის კონცერტით ბათუმის ჯაზფესტივალი დაიხურა

127

ბათუმის “ბლექ სი” ჯაზფესტივალი წელს მეათედ გაიმართა. საიუბილეო წელიწადთან დაკავშირებით მას საკმაოდ მასშტაბური სახე ჰქონდა და ათი დღის განმავლობაში გაგრძელდა. მუსიკის და ზღვის ჰანგების შერწყმის ამ სასიამოვნო ტრადიციამ წელს ბათუმში უამრავი ადამიანი გააერთიანა. “ჩექ ინ ჯორჯიას” ფარგლებში გამართულ ღონისძიებას მთლიანობაში 32 000 მსმენელი დაესწრო. 7 სრულიად სხვადასხვა ტიპის კონცერტზე მაყურებელმა სიამოვნების ტალღებზე ისეირნა.

მუსიკალური ფესტივალის ბოლო აკორდი ამერიკელმა რიტმ ენდ ბლუზის, სოულისა და ჯაზის შემსრულებელმა, 48 წლის მეისი გრეიმ აიღო.

მის კონცერტს ქართველი მსმენელი განსაკუთრებულად ელოდებოდა და ეს მაყურებლით სრულად გავსებულ ჩოგბურთის კორტებსაც დაეტყო.

მეისი გრეი ბენდთან ერთად ბათუმში კონცერტამდე ერთი დღით ადრე ჩამოფრინდა. საგულისხმოა, რომ ეს მუსიკოსის მეორე კონცერტი იყო “ბლექ სი” ჯაზფესტივალის ფარგლებში და ვინც მის წინა გამოსვლას დაესწრო, ყველას უნდოდა მისი განმეორებით ნახვა და მოსმენა.

გრეის 6 სტუდიური ალბომი აქვს ჩაწერილი, მათ შორისაა სადებიუტო “On How Life Is”, რომლის მთავარი ჰიტიც გახლავთ “I Try”, რამაც მომღერალს წარმატება საერთაშორისო არენაზე მოუტანა, ამერიკის შეერთებულ შტატებში ალბომი სამგზის, ხოლო დიდ ბრიტანეთსა და კანადაში – ოთხგზის პლატინის მფლობელი გახდა. ზემოხსენებული კომპოზიცია 1999 წლის ერთ-ერთ მთავარ ჰიტად იქცა და ორი ფილმის საუნდთრექი გახდა. ამავე ალბომში შევიდა “Still”, არანაკლებ წარმატებული და სასიამოვნოდ მოსასმენი კომპოზიცია.

ჩანაწერებში მეისი გრეის ხმა საკმაოდ სპეციფიკურად და ორიგინალურად ჟღერს და ცოცხლადაც სასიამოვნო მოსასმენია. მუსიკის კრიტიკოსები ამბობენ, რომ შემსრულებელზე გავლენა ცნობილმა ჯაზმომღერალმა, ბილი ჰოლიდეიმ მოახდინა…

ბათუმურმა კონცერტმა, მაყურებლის დიდი მოლოდინის ფონზე, ძალიან კარგად ჩაიარა. მეისი გრეიმ, ყველა სხვა ჰიტთან ერთად, Radiohead-ის “Creep” შეასრულა, საკუთარი ვერსიით, რითაც მსმენელის აღფრთოვანება დაიმსახურა. ბისზე გამოსულმა მომღერალმა კი 5 სიმღერა აჩუქა მსმენელს. მოგვიანებით, “თეიქ ფაივში”, ავთერფართიზე შეკრებილ მაყურებელს დიდი სიურპრიზი ელოდა… მეისიმ დიჯეის სეტზე უარი თქვა და სცენაზე ბენდს წევრებთან ერთად თავად დადგა, შეასრულა არაერთი ცნობილი სიმღერის ქავერი ბობ მარლის თუ ემი უაინჰაუსის შემოქმედებიდან…

მეისი გრეიმ ჯაზფესტივალის დასკვნითი კონცერტი ჩაატარა და დღეს დილას ბათუმს დაემშვიდობა, ჩვენ კი წინ უკვე თბილისის ჯაზფესტივალი გველოდება, რომელიც ტრადიციულად, შემოდგომაზე გაიმართება.

ნინო მურღულია

[fbvideo link=”https://www.facebook.com/tbcbank/videos/10153778813421188/” width=”600″ height=”400″ onlyvideo=”1″]

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები