LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მერაბ სეფაშვილი ოჯახურ ინტერიერში – „ბაბუობა ძალიან მაგარი გრძნობაა…“

4182

მერაბ სეფაშვილს შვილის, ნიკას სახლში ვესტუმრეთ, სადაც მისი ორივე შვილი, რძალი და შვილიშვილები დაგვხვდნენ. ასევე მისი დიდი ხნის მეგობარი, კაკული გურიელაშვილი მეუღლესთან ერთად. დიდი მხიარულების ფონზე ბატონ მერაბთან ინტერვიუ ჩავწერეთ და ფოტოებიც გადავიღეთ.

როგორი ხართ შინ, განსხვავებული თუ ისეთი, როგორსაც ეკრანიდან ვიცნობთ?

მერაბ სეფაშვილი:

ძალიან მაგარი გრძნობაა ბაბუობა. ცოტა განსხვავებულია, მაგრამ მშობლიური, ის შენი შვილის შვილია და საოცარ განცდაში ხარ. სულ მოგონებებში ხარ, ადარებ, როგორები იყვნენ შენი შვილები და როგორები არიან შვილიშვილები. საინტერესოა ცხოვრება, მაშინაც, როცა ასაკში შედიხარ. გამოცდილებას გადახედავ, პრიორიტეტული შვილები და შვილიშვილებია. ყველაფერში თან გსდევს, ნებისმიერ საქმეში, ეს გრძნობა.

როგორი მამა ხართ?

teq-2ვერ ვიტყვი, რომ მკაცრი მშობელი ვარ. შვილს არ უნდა სცემო და არ უნდა გალახო, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ არასწორად იქცევა ის, ვინც სიმკაცრეს იჩენს. მე ყოველთვის ვცდილობდი, სწორი და რბილი მიდგომა ამერჩია. შვილებს, რა თქმა უნდა, გავუბრაზებივარ, როგორც ყველა მამა. როცა პატარები იყვნენ, უფრო მეტად მაბრაზებდნენ. ახლა ჩემს უფროსს ოჯახი ჰყავს, მაგრამ მაინც სულ ვფიქრობ მასზე. შვილები რომ იზრდებიან, პრობლემები არ მცირდება… მაინც ნერვიულობ მათზე.

ადამიანში რა თვისებებიც არის, ბავშვობიდან მოჰყვება და შესაძლოა, მცირე კორექტირება შეიტანო, მაგრამ მთავარს ევრ შეცვლი. მადლობა ღმერთს, რომ კარგი ბიჭები მყავს. ორივე მგავს ხასიათით, ჩემი ხასიათის სხვადასხვა ვერსიაა ორივეში და რასაკვირველია, ჩემს მეუღლესაც ჰგვანან. მგონია, რომ ბევრი კარგი რამ აქვთ ჩემგან აღებული, თუ ხმამაღალი ნათქვამი არ გამომივა (იღიმის).

თქვენს პოპულარობას თქვენი ოჯახი თუ შეუწუხებია?

ამ კითხვაზე ბევრი მხრიდან შეიძლება პასუხის გაცემა. არის მომენტები, ცოტა ადრეულ სტადიაში, როცა პოპულარობა სირთულეს უკავშირდება, ცოლ-ქმრის ურთიერთობას ვგულისხმობ. პოპულარული ადამიანის ცხოვრების წესი ძალიან რთულია, ამდენად ჩემი და ჩემი მეუღლის ურთიერთობაშიც ყოფილა დაძაბულობები…

რაც შეეხება პოპულარობას, მე ვერ ვიტყვი, რომ ის ცუდია. როცა შემსრულებელი რაღაცას აკეთებს, ხალხისგანაც უნდა იღებდეს ემოციას. ამით შენ ივსები და გეძლევა დამატებითი სურვილი, კიდევ გააკეთო რამე. მთელ მსოფლიოში ასეა, განსაკუთრებით შოუბიზნესში.

საინტერესოა, რამდენად აქტიური ხართ ოჯახურ ცხოვრებაში, რაიმეს შეკეთება შეგიძლიათ?


teqstoo(იცინის) არ მიყვარს და არც მეხერხება. ამაზე, სიმართლე გითხრათ, არასდროს ვფიქრობ. რომ მომინდომებია და გამჭირვებია, გამიკეთებია, მაგრამ ხელმარჯვე ოსტატი ვერ ვარ. ყველაფერი არ შეიძლება იცოდეს ადამიანმა. არც ბაზარში დავდივარ. მეუღლეს ამ მხრივ ვერ ვეხმარები და ვერ ვეხმარებოდი, მას უწევდა ოჯახური საქმეების კეთება.

ერთი 30 წელია, არ მქონია იმის ფუფუნება, რომ ოჯახში დიდხანს ვიყო. ცუდია იმით, რომ დასვენების დრო ნაკლებად მაქვს, კარგია – რადგან არ ფიქრობ იმაზე, თავი გტკივა თუ წელი. ეს ყველაფერი ასაკს კი მოაქვს, მაგრამ როცა აქტიურად მუშაობ, სხვა რამეებზე ხარ კონცენტრირებული. ეს არის ჩემი ცხოვრება და ჩემთვის ასეა საინტერესო. ზოგს უყვარს დასვენება, მე კი ზაფხულობითაც არ ვისვენებ.

თქვენს შვილებს თქვენი დეფიციტი არასდროს ჰქონიათ და არ უსაყვედურიათ, რომ მნიშვნელოვან მომენტებში მათთან არ ყოფილხართ?

არასდროს უსაყვედურიათ. პირიქით, ყოველთვის სტიმულს მაძლევდნენ, რომ ახალი რაღაცები მეკეთებინა. ხშირად ყოფილა ასეთი მომენტები, რომ მათთან ერთად უნდა ვყოფილიყავი და ვერ მივსულვარ, როგორი შინაგანი განცდა აქვთ, ვერ გეტყვით. მე მქონია განცდა, რომ რაღაც დავაკელი. ეს განცდა მუდმივია და არასდროს ქრება. ეს, ვფიქრობ, ყველა მშობელს ახასიათებს. როგორ შეიძლება, იყო კმაყოფილი ამ ცხოვრებაში? ასე რომ, ალბათ, დამიკლია.

სიუპრიზები გიყვართ?

მიყვარს, მე რომ ვუკეთებ სიურპრიზებს და მე რომ მიკეთებენ, ესეც. არ მიყვარს ამის აფიშირება, მაგრამ შვილებისთვის მანქანები მიჩუქებია და სხვა რამითაც დამისაჩუქრებია. კარგი გავაკეთე თუ ცუდი, ეს აღარ ვიცი (იცინის).

teq-3სინანულის გრძნობა ხომ არ გაქვთ ცხოვრებასთან დაკავშირებით?

რა თქმა უნდა, ბევრის რამის გაკეთება შეიძლებოდა უკეთესად. მე რომ სხვა ქვეყანაში მეცხოვრა, უფრო მეტს გავაკეთებდი. ხაზს არ ვუსვამ იმას, რომ მატერიალურად კარგი იქნებოდა, ყოველ დღე სიამოვნებით მექნებოდა კონცერტები და არ დავიღლებოდი. ჩემთვის ეს ძალიან სასიამოვნო პროცესია. ალბათ, ეს არის ის, რაც ნაკლებად გვაბერებს. თუ ამას აკეთებ, ყველაზე მნიშვნელოვანი ხდება. ამის საშუალება საქართველოში არ გვაქვს.

შემოქმედებითად რა „გაწუხებთ“ ახლა?

დიახ, ახლა ვეძებ… ინსტრუმენტთან დაჯდომას არ ვგულისხმობ, სწორ იდეას ვეძებ. ზოგს დამხმარე ჰყავს, ზოგი თავად მუშაობს ამაზე. ბევრის აზრი მაინტერესებს, მაგრამ თავად მიყვარს მოძებნა და ასე ვთქვათ, კაუჭის „გამოდება“. ჯერ ის იდეა ვერ მოვეძებნე, რაც დამაკმაყოფილებდა.

ნინო მურღულია

ფოტო: დათუნა აგასი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები