LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეტროპოლიტენის თანამშრომლები ხელფასის გაზრდას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, გაფიცვით იმუქრებიან

77

დამოუკიდებელი პროფკავშირი „ერთობა 2013“ მეტროპოლიტენის მუშაკთა ხელფასების გაზრდის მოთხოვნაზე პასუხს 1 მაისამდე დაელოდება. ამის შესახებ ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.

პროფკავშირი „ერთობა 2013“-ის თავმჯდომარე, „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ ხაზის მემანქანე, რატი კაპანაძე ამბობს, რომ
აღნიშნული გადაწყვეტილება გუშინ თბილისის მერიაში გამართულ შეხვედრაზე მიიღეს.

„მედიაციის ფარგლებში გუშინ თბილისის მერიაში სამხრივი შეხვედრა გაიმართა. კერძოდ, შეხვედრაში მერიის, „თბილისის სატრანსპორტო კომპანიისა“ და დარგობრივი პროფკავშირის „ერთობა 2013“–ის წევრები მონაწილეობდნენ. შეხვედრაზე დავაყენეთ ამჟამად არსებული საშუალო ხელფასის 1038 ლარის 1500 ლარამდე გაზრდის საკითხი. მათ გვითხრეს, რომ ამ ეტაპზე დედაქალაქის ბიუჯეტით ჩვენი ხელფასის მატება ვერ მოხერხდება. შეხვედრა 3 საათი გაგრძელდა და ძალიან მძიმე შეხვედრა იყო. დასასრულს გადმოიდგა ნაბიჯი, რომელზეც ახლა ვერ ვისაუბრებ. გაჩნდა იმედი, რომ სამშაბათისთვის ჩვენს მოთხოვნაზე ექნებათ კონკრეტული პასუხი. ამიტომ ჩვენ კიდევ მივეცით დრო, რათა მედიაციის ფარგლებში გაიმართოს ერთი შეხვედრა და გავიგოთ საბოლოო პასუხი. იმედი მაქვს, გარკვეულ თანხებს გამოძებნიან და არ მიიყვანენ მეტროს გაჩერებამდე. იმედს მაძლევს ისიც, რომ თბილისის მერია ჩაერთო პროცესში და რაღაც კონკრეტულს შემოგვთავაზებს. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ უკან არ დავიხევთ და წავალთ ბოლომდე. სხვა გზა არ გვექნება“, – განაცხადა კაპანაძემ.

მისივე თქმით, ხელფასის გაზრდაზე უარის მიღების შემთხვევაში, მეტროპოლიტენის თანამშრომლები, რომლებიც მათი პროფკავშირის წევრები არიან, გაიფიცებიან.

„ჩვენ მოლოდინის რეჟიმში ვართ. სამშაბათს შეხვედრის შემდეგ გადაწყდება, როგორ განვითარდება მოვლენები. თუ შემხვედრი ნაბიჯები არ იქნება გადადგმული, ჩვენ გადავალთ გაფიცვაზე. სამი დღით ადრე დავასახელებთ იმ კონკრეტულ დღეს, როდესაც მეტროპოლიტენი გაჩერდება. მხოლოდ და მხოლოდ მემანქანეებზე არ არის საუბარი. პროფკავშირი „ერთობა 2013“ მემანქანეების გარდა მეტროს სხვა სამსახურებსაც აერთიანებს. კერძოდ, მოძრაობის სამსახური, დეპო–ნაძალადევი, დეპო–გლდანი, გვირაბის სამსახური და ასე შემდეგ. ამდენად, არა მარტო მემანქანეების გაფიცვა მოხდება. ხელფასების საკითხი მხოლოდ მემანქანეების პრობლემა არ არის, არამედ მეტროპოლიტენში დასაქმებული სხვა პროფესიის ადამიანების პრობლემაცაა“, – აღნიშნა დამოუკიდებელი პროფკავშირის თავმჯდომარემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები