LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მინიმუმ ორი ბობოლა: თბილისში იტალია და შოტლანდია ჩამოვლენ

67

„მსოფლიო რაგბის“ გადაწყვეტილებით, 2020 წლიდან მეორე დონის სარაგბო ქვეყნებს პირველი დონის გუნდებთან თამაშების რაოდენობა გაეზრდებათ.

ამ გადაწყვეტილებას წინ უძღვოდა ხანგრძლივი სამუშაო პროცესი, რომელშიც „მსოფლიო რაგბთან“ერთად მეორე დონის სარაგბო ქვეყნების წარმომადგენლები იყვნენ ჩართული. საქართველოს ინტერესებს საქართველოს რაგბის კავშირი და მისი წარმომადგენელი „რაგბი ევროპასა“ და „მსოფლიო რაგბში“ გიორგი ნიჟარაძე იცავდნენ.

„მინდა ყველას მივულოცო ეს ისტორიული გადაწყვეტილება. 2020 წლიდან პირველი დონის გუნდებთან უფრო მეტი თამაშის ჩატარების და მათი თბილისში ხილვის საშუალება გვექნება. სიახლე არ ეხება მხოლოდ საქართველოს და ამ სიკეთით მეორე დონის ყველა ნაკრები ისარგებლებს.

ამ ეტაპზე მოხდა შეთანხმება პრინციპზე და უშუალოდ რომელი გუნდი როდის გვეწვევა, ეს იაპონიის მსოფლიო თასის მსვლელობისას გაირკვევა. შემიძლია დაზუსტებით გითხრათ, რომ საქართველოში აუცილებლად ჩამოვლენ იტალია, შოტლანდია და ექვსი ერის სხვა ქვეყნების ნაკრებები“ – განაცხადა გიორგი ნიჟარაძემ.

ცნობილია, რომ ზაფხულის ტესტ-მატჩების ჩატარების პერიოდმა ივნისიდან ივლისში გადაიწია და სწორედ ზაფხულში ეწვევიან ჩვენს ქვეყანას ექვსი ერის წარმომადგენლები. ამავე პერიოდში ბორჯღალოსნებს ექნებათ ტურნე ოკეანეთში, სამხრეთ ნახევარსფეროში, ან ამერიკაში.

„ეს არის ისტორიული გადაწყვეტილება და როგორც საქართველოში, ასევე რუმინეთში, ექვსი ერის წარმომადგენლები ყოველ წელს აუცილებლად ჩამოვლენ. გარდა ამისა, ივლისში გვექნება ტურნეები ოკეანეთში და ამერიკის კონტინენტზე, ასევე სამხრეთ ნახევარსფეროში, სადაც შესაძლოა ახალი ზელანდიის, ავსტრალიის, სამხრეთ აფრიკის და არგენტინის ნაკრებს ვეთამაშოთ“.

2014 წლიდან დამკვიდრებული ტრადიციის თანახმად, ყოველი წლის ნოემბერში ექვსი ერის წარმომადგენლებთან მინიმუმ თითო გასვლით შეხვედრას ვატარებთ და ეს ტრადიცია მომავალშიც შენარჩუნდება. ამრიგად, 2020 წლიდან ბორჯღალოსნებს წლის განმავლობაში მინიმუმ ორი თამაში ექნებათ ექვსი ერის გუნდებთან (ერთი შინ და ერთი სტუმრად) და გვექნება შანსი, რომ კიდევ ერთი მატჩი ჩავატაროთ პირველი დონის რომელიმე ნაკრებთან. გარდა ამისა, ივლისისა და ნოემბერის ტესტებზე კვლავ შევხდებით სამოას, ფიჯის, ტონგას, იაპონიის, აშშ-სა და კანადის ნაკრებებს.

 

ამ მნიშვნელოვან ცვლილებას ბორჯღალოსნების მთავარი მწვრთნელი მილტონ ჰეიგი გამოეხმაურა და მას მეორე ეშელონის გუნდებისთვის წინგადადგმული ნაბიჯი უწოდა:

„ეს წინ გადადგმული ნაბიჯია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მეორე ეშელონის ნებისმიერი სარაგბო ქვეყნისთვის. ახალი კალენდრის საკითხს საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში განიხილავდნენ და ბედნიერი ვარ, რომ გადაწყვეტილება საბოლოოდ იქნა მიღებული და ის უკვე 2020 წლიდან შევა ძალაში.

ამას საქართველოს და სხვა მეორე ეშელონის ქვეყნების თვალით რომ შევხედოთ – წარმოიდგინეთ, რომ ახლა 16 წლის მორაგბე ხართ და მიხვდებით რამდენ პერსპექტივას მოგიტანთ ეს ახალი კალენდარი სულ რაღაც 4 წელიწადში.

ახალი კალენდრის უმთავრესი დადებითი მხარე ისაა, რომ ჩვენ გვექნება პატივი ვუმასპინძლოთ ისეთ ნაკრებებს, როგორიცაა შოტლანდია, უელსი, ინგლისი, ირლანდია და თუნდაც ოლ ბლექსი. თუ გვინდა, რომ ყოველი შემდგომი მსოფლიო თასი უფრო კონკურენტუნარიანი იყოს, ამ ნაბიჯის გადადგმა აუცილებელი იყო”.

 
„მსოფლიო რაგბი“ იმედოვნებს, რომ ამ ცვლილებით მზარდი სარაგბო ქვეყნების ინტეგრირება გაადვილდება. ზაფხულის ტესტების ივნისიდან ივლისის პირველ სამ კვირაში გადატანის მიზანია, რომ „ზე რაგბის“ სეზონი შესვენების გარეშე ჩატარდეს და სამხრეთ ნახევარსფეროს ნაკრებებს მოსამზადებლად მეტი დრო დარჩეს. ეს ცვლილება ბორჯღალოსნებსაც წაადგებათ, რადგან ივნისში საფრანგეთში სეზონი ჯერ კიდევ მიმდინარეობს, ან ახალი დასრულებულია და მწვრთნელები პრაქტიკულად ვერასდროს ახერხებდნენ უძლიერესი შემადგენლობის შეკრებას, 2020 წლიდან კი, ამის შესაძლებლობა იქნება და შესაბამისად, ექვსი ერის წარმომადგენლებსაც უძლიერესი მოთამაშეებით დავხდებით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები