LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მივმართავ რუსეთს, შეასრულეთ ნაკისრი და ხელმოწერილი საერთაშორისო ვალდებულებები – მამუკა ბახტაძე

83

მივმართავ რუსეთის ფედერაციას, შეასრულეთ ნაკისრი და ხელმოწერილი საერთაშორისო ვალდებულებები და გაიყვანეთ თქვენი ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან, – ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გაეროს ტრიბუნიდან გააკეთა.

გენერალური ასამბლეის 73-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველო ცდილობს, აქტიურად გამოიყენოს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატი.

“თუმცა, ჩვენი მცდელობა მოლაპარაკების მაგიდასთან დღემდე რუსეთის მხრიდან დაუსაბუთებელ და ყოვლად მიუღებელ წინააღმდეგობებს აწყდება. მინდა, კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გაეროს ძალისხმევა ჟენევის მოლაპარაკებების პროცესში, რომელსაც ეუთოსა და ევროკავშირთან ერთად დისკუსიების თანათავმჯდომარის ფუნქცია აკისრია. დღეს, 21-ე საუკუნეში, როდესაც ადამიანები, ერები და კულტურები ისწრაფვიან მეტი ინტეგრაციისა და განვითარებისკენ, ყოვლად დაუშვებელია ხელოვნური ბარიერების შექმნა და მავთულხლართების გაბმა. ჩვენ გვინდა ურთიერთობების ჩიხიდან გამოყვანა, მაგრამ მხოლოდ სახელწიფო სუვერენეტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების პატივისცემის საფუძველზე”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მამუკა ბახტაძის განცხადებით, უმძიმესი და საგანგაშოა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში შექმნილი ვითარება,  ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული სიტუაცია კი არის უმწვავესი ხარისხის ჰუმანიტარული კატასტროფა.

პრემიერმა აღნიშნა, რომ მიმდინარეობს ამ რეგიონების მზარდი მილიტარიზაცია, სულ უფრო მწვავე სახეს იღებს დეპოპულაცია, მოსახლეობის რაოდენობის მკვეთრი შემცირება. “ჰუმანიტარული, სოციალურ-ეკონომიკური და ადამიანის უფლებების კუთხით შექმნილი უმძიმესი პირობების გამო ოკუპაციამდელ პერიოდთან შედარებით, 4-ჯერ, 5-ჯერ არის შემცირებული მოსახლეობის რაოდენობა ოკუპირებულ რეგიონებში. მავთულხლართები და სხვა ხელოვნური ბარიერები ერთმანეთს აშორებს ოჯახებს და არღვევს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს.

საოკუპაციო ხაზებთან მცხოვრებ მოსახლეობას სალოცავებისა და წინაპართა საფლავების მონახულების საშუალებაც კი არ ეძლევა. ჩვენს მოქალაქეებს უკრძალავენ, მშობლიურ ენაზე მისცენ განათლება საკუთარ შვილებს. გრძელდება გატაცების, არაადამიანური და სასტიკი მოპყრობის, წამებისა და მკვლელობის ფაქტები. ამის მსხვერპლი ბოლო ხანს გახდნენ ჩვენი მოქალაქეები არჩილ ტატუნაშვილი, გიგა ოთხოზორია, 18 წლის დავით ბაშარული. სწორედ ამ და სხვა სასტიკი დანაშაულებების საფუძველზე შეიქმნა „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“, რომელშიც ჩაიწერა ამ დანაშაულებების ჩამდენი პირების გვარები. ამ სიის ფიგურანტებს საერთაშორისო სამართლით უნდა მოეთხოვოთ პასუხი”, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები