LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოხუცთა სახლები გადავსებულია –  მიტოვებული სიბერე თუ პირადი სივრცე ხანდაზმულისთვის

ცნობილი ტელეწამყვანის, დავით სოკოლოვის, ხანდაზმულთა პანსიონატში ცხოვრების ამბავმა  საზოგადოებაში ხმაური გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ პანსიონატში ცხოვრების დადებით ასპექტებზეც კეთდებოდა აქცენტი (მაგალითად, ხანდაზმულისთვის პირადი სივრცე, მეგობრები, აქტივობები  და ა.შ.),  ცნობილი ტელეწამყვანის ისტორიამ უმრავლესობაში მაინც სიბრალული  გამოიწვია .

ხანდაზმულთა პანსიონატები , ე.წ. „მოხუცთა თავშესაფრები“,  ევროპის სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, საქართველოში დიდი პოპულარობით არ სარგებლობს. სტერეოტიპი,  რომ მსგავს დაწესებულებაში მხოლოდ მიტოვებული, მარტოდ დარჩენილი მოხუცები ხვდებიან, იმდენად მყარია,  რომ იქ მოხვედრილი ხანდაზმულები საზოგადოებაში ავტომატურად სიბრალულს იწვევენ. სტერეოტიპიდან გამომდინარე, პანსიონატში ხანდაზმულის მიყვანა სირცხვილად მიჩნიათ ოჯახის წევრებსაც.

საქართველოში ხანში შესული ადამიანებისთვის სახელმწიფო ბალანსზე არსებული თბილისისა და ქუთაისის პანსიონატი და 12 სათემო, ე.წ.კერძო სახლი ფუნქციონირებს. სოციალურად დაუცველი ხანდაზმულის  პანსიონატში  ცხოვრებას სახელმწიფო აფინანსებს. იმ  შემთხვევაში, თუ ხანდაზმულს სოციალურად დაუცველის სტატუსისთვის ქულა არ ჰყოფნის, მას თანადაფინანსებითაც შეუძლია   პანსიონატში ცხოვრება. დაწესებულებაში ჩარიცხვა რიგითობის პრინციპით ხდება. 

თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატის დირექტორის, დარეჯან თომაძის, ინფორმაციით, ბოლო პერიოდში  ფასიან სერვისზე  ჩარიცხვის მოთხოვნა მზარდია . ოჯახები მზად არიან,  სრულად დააფინანსონ პანსიონატში ხანდაზმულის განთავსება.

„დღის  განმავლობაში შემოსული  10 ზარიდან 7 არის თხოვნა, ოჯახის  დაფინანსებით ჩავრიცხოთ მოხუცი დაწესებულებაში. განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში იზრდება მოთხოვნა, როცა შვილები, შვილიშვილები ქალაქიდან გადიან და მწოლიარე ხანდაზმულის მარტო დატოვებას ვერ ახერხებენ. ოჯახები მზად არიან, თუნდაც დროებით დატოვონ მოხუცი და გადაიხადონ სრულად თანხა.  ვინაიდან პანსიონატი სახელმწიფო დაქვემდებარებაშია,  ამ ეტაპზე  ფასიანი სერვისის მიწოდება არ ხდება,  თუმცა, ბაზრის მოთხოვნა ამ მიმართულებით მზარდია. პანსიონატს აქვს შესაბამისი ფასიანი სერვისის დანერგვის რესურსი, საცხოვრებელი ფართიც   და სამომავლოდ გადაწყვეტილებას სახელმწიფო მიიღებს,“ – ამბობს “ფორტუნასთან“ დარეჯან თომაძე.

მოხუცთა კერძო პანსიონატები, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ბენეფიციარების გარდა,  მომსახურების  ფასიან სერვისსაც სთავაზობენ ხანდაზმულთა ოჯახის წევრებს. ფასიანი პანსიონატებში ხანდაზმულის ერთ თვიანი ცხოვრება საშუალოდ 500-700 ლარამდე მერყეობს (ფასს მოხუცის ჯანმრთელობის მდგომარეობა განსაზღვრავს) ყოველთვიურ გადასახადში სამჯერადი კვება, ხანდაზმულის მოვლა და პირველადი სამედიცინო მომსახურება შედის. ხანდაზმულის ჰიგიენური მოვლის ნივთებსა  და მედიკამენტებს  ოჯახის წევრები ყიდულობენ.

მიუხედავად ე.წ. „მოხუცთა თავშესაფრების“არაპოპულარულობისა, თბილისის ხანდაზმულთა სახლში ადგილები მთლიანად შევსებულია და მიღება შეჩერებულია. ადგილების სიმცირის გამო, ბენეფიციარების მიღება პრობლემურია ფასიან დაწესებულებებშიც.

 

 

თამუნა გოგუაძე 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები