LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მომღერალი, რომლის დიაპაზონსაც ლიმიტი არ აქვს: როგორ ჩაიარა ანიტა რაჭველიშვილის ორიგინალურმა კონცერტმა (ვიდეო)

82

“მუსიკა გვაერთიანებს” – ამ სახელწოდებით ცნობილი ქართველი მეცო-სოპრანოს ანიტა რაჭველიშვილის კონცერტი ბათუმში გაიმართა. ახალ პროექტში მომღერალი მსმენელის წინაშე იტალიურ როკ ჯგუფთან ერთად წარსდგა. საღამო, რომელსაც ნიკოლოზ რაჭველი დირიჟორობდა, თავდაპირველად კლასიკური მუსიკით გაიხსნა, კონცერტის მეორე ნაწილში კი ანიტა რაჭველიშვილი მსმენელის წინაშე იტალიურ როკ ჯგუფთან ,,პროფუჟენთან“ ერთად (რომელიც ქართველმა და იტალიურმა მუსიკოსებმა ერთობლივად შექმნეს), სრულიად განსხვავებულ სტილში ამღერდა. როგორც ნიკოლოზ რაჭველი აღნიშნავს, ,,ასე შეიქმნა იტალიურ-ქართულ საძირკველზე აშენებული როკ მუსიკა“.

მიუხედავად იმისა, რომ უამინდობის გამო კონცერტი პიაცას ნაცვლად, ბათუმის მუსიკისა და ხელოვნების ცენტრში ჩატარდა, ანიტა რაჭველიშვილი კონცერტის მსვლელობით კმაყოფილი იყო და მსმენელს დასწრებისთვის მადლობა გადაუხადა.

,,მიუხედავად ამინდისა და დარბაზის ცვლილების, ძალიან ლამაზი საღამო იყო, ძალიან ბედნიერები ვართ ყველა, რომ ასეთი ახალი სტილის და მიმდინარეობის გაცნობის საშუალება მოგვეცა ქართველი მსმენელისთვის“, – ამბობს მეცო-სოპრანო.

კლასიკური მუსიკა და აღმოსავლური და დასავლური მოტივების სინთეზით გაჯერებული როკ-მუსიკა, ჯგუფი „პროფუჟენის“ დამფუძნებლის თქმით, უცხოელი მსმენელისთვის საინტერესო ექსპერიმენტია, რომელმაც ანიტა რაჭველიშვილის კონცერტზეც ასეთივე წარმატებით გაამართლა.

„ის არის დივა, ჩვენი ნამდვილი სიამაყე, მომღერალი რომლის დიაპაზონსაც ლიმიტი არ აქვს!“ – კონცერტის დასრულებისას კომენტარი სუხიშვილების სოლისტმა და პრიმა მოცეკვავე თეა დარჩიამ გააკეთა.

„ხელოვნების ზეიმი“ – ასე შეაფასეს ცნობილი ქართველი საოპერო მომღერლის კონცერტი, რომელიც გუშინ, 23 აგვისტოს შეცვლილი ლოკაციით, თუმცა დაგეგმილი, ორიგინალური მუსიკალური რეპერტუარით ჩატარდა.

 

https://www.facebook.com/9rhymeofficial/videos/1406105262820626/

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები