LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოსახლეობის უკმაყოფილება პოლიციის მიმართ იზრდება – IRI-ის კვლევა

86

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევების ცენტრის მიერ გამოქვეყნებული ახალი კვლევა აჩვენებს, რომ მოსახლეობის უკმაყოფილება ცენტრალური ინსტიტუტების მუშაობის, მათ შორის პოლიციის მიმართ, იზრდება. თუმცა, ამასთანავე კვლევა წარმოაჩენს უფრო პოზიტიურ დამოკიდებულებას ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუტების მუშაობის მიმართ. ამის შესახებ IRI-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

IRI-ს ცნობით, ბოლო კვლევის მიხედვით, პოლიციის მიმართ საზოგადოების ნდობა შეადგენს 50 პროცენტს, როდესაც 2013 წლის მაისის კვლევაში ეს მონაცემი 88 პროცენტი იყო. ამავე პერიოდის შედარებითი ანალიზით, საზოგადოების ნდობა დაეცა სხვა ინსტიტუტების მიმართაც, მათ შორის მინისტრთა კაბინეტის (შემცირდა 45 პროცენტით), პარლამენტის (შემცირდა 47 პროცენტით), პროკურატურისა (შემცირდა 24 პროცენტით) და სასამართლოს (შემცირდა 30 პროცენტით) მიმართ.

IRI-ს ინფორმაციით, ამის საპირწონედ, ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირების მიმართ ნდობა, 2016 წლის მარტის კვლევასთან შედარებით, 27 პროცენტიდან დღეს უკვე 43 პროცენტამდე გაიზარდა. ორი რეგიონი, სადაც მათ მიმართ ნდობა ყველაზე მაღალ ნიშნულს აღწევს, სამცხე-ჯავახეთი (60 პროცენტი) და აჭარა (59 პროცენტი), ასევე, დასახელდა ყველაზე გამჭვირვალე და ღია რეგიონებად.

ორგანიზაციის ინფორმაციით, კვლევა, ასევე, აჩვენებს, რომ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა აგრძელებს მკვეთრად პროდასავლური საგარეო პოლიტიკის მხარდაჭერას. მთლიანობაში, გამოკითხულთა 77 პროცენტი მიიჩნევს, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკა უნდა იყოს „მხოლოდ პროდასავლური და ევროკავშირისკენ მიმართული (27 პროცენტი) ან პროდასავლური, მაგრამ ამასთანავე რუსეთთან​ ურთიერთობის შენარჩუნებაზე ორიენტირებული (50 პროცენტი)“.

კვლევა ჩაატარა ბალტიის კვლევების/გელაპის ორგანიზაციამ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის დავალებით. მონაცემთა შეგროვება მოხდა 2018 წლის 10-22 აპრილის შუალედში და გამოიკითხა საარჩევნო უფლების მქონდე 1 500 საქართველოს მოქალაქე. რესპონდენტთა​ გამოპასუხების პროცენტია 71, ხოლო ცდომილების ზღვარია +/- 2.5 პროცენტი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები