LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთაში განახლებადი ენერგორესურსების ეფექტური გამოყენების შესაძლებლობებზე იმსჯელეს

67

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ლიტვის ბიომასის ასოციაციისა და შპს „ახალი ტექნოლოგიების ცენტრის“ ორგანიზებით, ერთობლივი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, თემაზე: „განახლებადი ენერგორესურსების ეფექტური გამოყენების შესაძლებლობები საქართველოს მთიან რეგიონებში“.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ გახსნა. შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი სხვადასხვა უწყებებისა და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად.

შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო ლიტვა-საქართველოს ბიომასის ასოციაციებისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ერთობლივი ინიციატივა, საქართველოში საუბნე გამათბობელი სისტემების შესაძლებლობების დემონსტრირების შესახებ.

პროექტი 2017 წლის ზაფხულში დაიწყო. დღეის მდგომარეობით ჩატარებულია წინასაპროექტო მოკვლევა, მიმდინარეობს საპილოტე პროექტის მიზანშეწონილობის შესწავლა. საპილოტე პროექტი „ბორჯომში განახლებადი წყაროების ჰიბრიდული ენერგოცენტრალების ჩართულობით საუბნო გამათბობელი სისტემის ორგანიზება“ სახელმწიფო-კერძო თანამშრომლობის (PPP) პრინციპებით განხორციელდება.

ლიტვური კომპანია „ენერსტენას“ და შპს „ახალი ტექნოლოგიების“ ცენტრის მიერ განხორციელდა კონცეპტუალური პროექტირება და მიზანშეწონილობის ანალიზი. მიმდინარეობს ტექნიკური პროექტირება, რომელიც დასრულების სტადიაშია. პროექტის საორიენტაციო ბიუჯეტი 12 მილიონი ევროა. უწყების ცნობით, შეხვედრაზე განიხილულ იქნა მიზანშეწონილობის ანალიზის შუალედური შედეგები, გაანალიზდა ბარიერები და ხელშემწყობი პირობები, გაიმართა დისკუსია პროექტის კომერციული მიზანშეწონილობის მიღწევის მიზნით.

პროექტის პარტნიორები არიან სამცხე-ჯავახეთის მხარე, ახალციხის მუნიციპალიტეტი, ბორჯომის მუნიციპალიტეტი, შპს „პარკ ჰოტელი“, მცხეთა-მთიანეთის მხარე, დუშეთის მუნიციპალიტეტი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები