LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მზის პანელები, წყლის ტრანსპორტი და ელექტრომანქანები – ინდოეთში ევროპული ქალაქი შენდება

297

ამარავატი – ეს ინდოეთის ახალი ქალაქია, რომელიც შესაძლოა, მდგრადი განვითარების ცენტრად იქცეს.

სამხრეთ-აღმოსავლეთ ინდოეთში, 217 კვადრატულ კილომეტრზე, მდინარე კრიშნას გასწვრივ, სასოფლო სამეურნეო სავარგულები ურბანულ უტოპიად გარდაიქმნება.

როდესაც ქალაქის მშენებლობა დასრულდება, ამარავატი არა მხოლოდ ანდჰრა პრადეშის დედაქალაქი იქნება, არამედ დეველოპერები ფიქრობენ, რომ ის იქნება ყველაზე მდგრადი განვითარებადი ქალაქი მსოფლიოში.

ბრიტანული არქიტექტურული ფირმა ფოსტერი და პარტნიორები, რომელიც პროექტის ხელმძღვანელობს, აცხადებს, რომ ქალაქის ცენტრში იქნება 5 კილომეტრის სიგრძის და ერთი კილომეტრი სიგანის ცენტრალური პარკი.

ქალაქის შენობების სახურავებზე მზის პანელები დამონტაჟდება, სატრანსპორტო სისტემაში კი წყლის ტრანსპორტი და ელექტროავტობუსები იქნებიან ჩართულები. სარწყავ სისტემაში რეციკლირებული წყალი გამოიყენება, ხელოვნურად შექმნილი ჩრდილი კი ხელს შეუწყობს ქვეითების გადაადგილებას.

პროექტის სავარაუდო ღირებულება, 6.5 მილიარდი დოლარია.

 

ურბანული ოაზისი

ანდჰრა პრადეში დედაქალაქის გარეშეა დარჩენილი. სწორედ ამის გამო გადაწყვიტეს ახალი ქალაქის აშენება, რომელსაც ახლომდებარე, უძველესი დასახლების სახელი შეურჩიეს.

ქალაქის ასაშენებლად, 2015 დაიწყო პროექტი, რომლის ფარგლებში, ფერმერები სხვა მიწებზე გადაასახლეს. მათ მიწების სანაცვლოდ, ელექტროენერგიით, წყლით და გამართული საკანალიზაციო სისტემით აღჭურვილი ფერმები გადასცეს. მათ ასევე შესთავაზეს, უფასო ჯანდაცვა და განათლება. ამის მიუხედავად, იყვნენ ფერმერები, რომლებიც 2017 წლამდე მიწების დათმობაზე უარს ამბობდნენ.

თუმცა, ახლა დაახლოებით 28 000 ფერმერი, უკვე ახალ ადგილზე აგრძელებს საქმიანობას.

ამარავატის არსებული ინფრასტრუქტურა განახლდება, ხოლო ქალაქის გზაზე სოფლები გაშენდება.

ვინ იცხოვრებს ამარავატში?

ეს ერთერთი ყველაზე სწრაფი და მწვანე პროექტია, რაც კი მსოფლიოში ბოლო დროს განხორციელებულა. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავიდა, 2018 წელს პროექტი დასრულდება, ინფრასტრუქტურა კი სრულად 2019 წელს მოეწყობა.

მთავრობის შენობა, რომლის მშენებლობაც 2021 წელს დასრულდება

 

ორი წლის განმავლობაში ქალაქში უკვე 30 000 ადამიანი გადავიდა. მათ შორის, 12 000 სამთავრობო თანამშრომელი, რომლებიც დროებით ადმინისტრაციულ შენობაში არიან.

2017 წელს ახალ ქალაქში ორი უნივერსიტეტი გაიხსნა, რომელშიც 4 000 სტუდენტი სწავლობს, კიდევ ხუთზე მუშაობა მიმდინარეობს.

ბანკები, სკოლები, საავადმყოფოები, სასტუმროები ცენტრალურ ბიზნეს ქუჩაზე შენდება, სადაც მთლიანობაში 430 000 სამუშაო ადგილი შეიქმნება.

როდესაც მშენებლობა დასრულდება, იგეგმება, რომ ქალაქში მთელი მსოფლიოდან ტალანტები მიიზიდონ.

საცხოვრებელი სახლები დამატებით, 5000 დაბალშემოსავლიანი ოჯახისთვის და 4000 საჯარო მოხელისა და მათი ოჯახებისთვის შენდება. ქალაქში ასევე 1200 კომერციული საცხოვრებელიც იქნება.

ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ქალაქის მოსახლეობა 35 წლის განმავლობაში 3.5 მილიონს მიაღწევს.

ქალაქის 60% სიმწვანეს და წყალს ეთმობა. თუმცა, რთულია მისი მდგრადობის შეფასება, სანამ ქალაქის მშენებლობა არ დასრულდება.

ამარავატში შესაძლოა, ინდოეთის ქალაქებისთვის დამახასიათებელი ნიშან-თვისებებიც გაჩნდეს, მაგალითად ქუჩის მოვაჭრეები, ან თუნდაც, ბავშვები, რომლებიც გადარჩენისთვის ნარჩენებს აგროვებენ.

თუმცა, პროექტის ავტორები დარწმუნებულები არიან, რომ ამარავატი ინდოეთში ურბანული ცხოვრების დახვეწის გარანტიაა.

 

cnn-ის მიხედვით მოამზადა

თამთა უთურგაშვილმა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები