LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნანკა კალატოზიშვილი: „ძალიან ცოტა დააკლდათ ვიღაცებს, რომ „ნაცმოძრაობის“ ლიდერად არ შემრაცხეს!..“ (ვიდეო)

310

ნანკა კალატოზიშვილი მორიგ ვიდეომიმართვას ავრცელებს და პასუხობს იმ ბრალდებებს, რომლებიც მისი თქმით, გაისმა მას შემდეგ, რაც „მზარეულების“ მონაწილეთა სახელით „ჯიდიესს“ მიმართა, დროულად გადაუხადონ სერიალში მონაწილეობისთვის განკუთვნილი ჰონორარები.

ნანკა კალატოზიშვილი:

„ჩემი გუშინდელი პოსტის შემდეგ ძალიან საინტერესო მოსაზრებები წავიკითხე, რაც მართალი გითხრათ, არ გამკვირვებია, რადგან ყველა თავისი გაქანებიდან ფიქრობს, ან თუ არ ფიქრობს, შესაძლოა, სპეციალურადაც დაწერა ეს ყველაფერი. ძალიან ცოტა დააკლდათ ვიღაცებს, რომ „ნაცმოძრაობის“ ლიდერად არ შემრაცხეს. მინდა, გაგიწბილოთ იმედები. საერთოდ, ახლოს ნუ გამაკარებთ პოლიტიკას და პოლიტიკოსებს, არც ერთი პარტიის მიმდევარი არ ვყოფილვარ და სავარაუდოდ, არც ვიქნები, იმიტომ რომ არ მიყვარს პოლიტიკოსები და პოლიტიკა.

გარდა იმისა, რომ „ჯიდიესის“ სავარაუდოდ დროებით, მორიგ დირექტორს წავუყენე პრეტენზია სრულიად სერიალისა და სტაფის სახელით ( ეს რომ მხოლოდ ჩემი პრობლემა ყოფილიყო, დამიჯერეთ, ამდენ ვიდეოს ვერ იხილავდით), ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვერცი „ჯიდიესს“, ბიძინა ივანიშვილს და „ოცნებას“, რაც მთავარია. არ ვიცი, როგორ უნდა აზროვნებდეთ, რომ აქეთკენ წახვიდეთ, გთხოვთ, ვიღაც-ვიღაცებმა ცოტა ფართოდ იფიქრეთ.  „ჯიდიესის“ გულშემატკივარი ვიყავი მისი გახსნის დღიდან. სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილმა არ იცის ყველაფერი იმის შესახებ, რა ხდება მის ტელევიზიაში და როგორ ექცევიან მის თანამშრომლებს, თუ განვსჯით იმით, რამდენი დირექტორი შეიცვალა ამ ტელევიზიამ, ეს ალბათ, ასეა.

წარმატება მინდა ვუსურვო ამ ტელევიზიას, ყველა იმ ადამიანს, ვინც იქ და არა მარტო იქ მუშაობს. ძალიან გთხოვთ, ნუ აძლევთ ამას პოლიტიკურ ელფერს, რადგან ეს არის დამკვეთისა და შემსრულებლის უთანხმოება“ – აღნიშნავს ვიდეომიმართვაში მსახიობი.

ამავე თემაზე სოციალურ ქსელში წერს მსახიობი გიორგი მახარაძე: „თიკო გობეჯიშვილი… გეუბნებათ რამეს ეს სახელი და გვარი? მე გეტყვით ცოტა ხანში ბევრს და არა მარტო მე, თუ უკვე არ გაიგეთ“.

რადიო „ფორტუნა“ „ჯიდიესსაც“ დაუკავშირდა საქმის დეტალებში გასარკვევად.

თათა ძმანაშვილი, „ჯიდიესის“, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური:

გაკვირვებულები ვართ ამ ვიდეომიმართვით, მსახიობები არ ფლობენ ზუსტ ინფორმაციას. „ჯიდიესსა“ და „მზარეულებს“ შორის დგას კომპანია „სტენლი“, რომელმაც არ შეასრულა დაკისრებული მოვალეობები. ჩვენ თავად გვაქვს კითხვები ამ კომპანიის მიმართ. მსახიობებს ხელშეკრულებები აქვთ გაფორმებული არა „ჯიდიესთან“, არამედ „სტენლისთან“. სწორედ ამ კომპანიას ვუკვეთთ და ისინი იღებენ სერიალს.

ჩვენ ვითვალისწინებთ მაყურებლის ინტერესს. მაყურებლები ელოდებოდნენ მეორე სეზონს, ამიტომ ვცდილობთ, მაქსიმალურად მალე მოვნახოთ საერთო ენა და მოლაპარაკებებს დადებით კონტექსტში ვაწარმოებთ. გვინდა, არც ერთი მხარის ინტერესი არ დაზარალდეს.

მსახიობებს არასწორად აქვთ ჩვენ მიმართ პრეტენზიები. შეცდომაში არიან შეყვანილები. ჩვენი მხრიდან არ არსებობს პრობლემა.

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები