LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკა ქავთარაძე თმის გადანერგვის კლინიკას სასამართლოში უჩივლებს – „ადამიანებს ბოროტად იყენებენ…“

1439

ნიკა ქავთარაძემ გადაწყვიტა, უჩივლოს იმ კლინიკას, რომელმაც მას სამი ოპერაცია უშედეგოდ გაუკეთა თმის გადასანერგად. ამის შესახებ ცნობილი სოციალური ქსელიდან გახდა, სადაც ნიკა ქავთარაძემ თავზე ნაიარევის ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა, რომ ის პლასტიკური ქირურგიის მსხვერპლი გახდა.

რადიო „ფორტუნას“ საიტი ნიკა ქავთარაძეს ინტერვიუსთვის დაუკავშირდა. მისი იურისტები საქმეზე უკვე მუშაობენ.

ნიკა ქავთარაძე:

მართალია, ვაპირებ ჩივილს. საქმე ისაა, რომ ეს პროცესი ჯერ კიდევ შვიდი წლის წინ დაიწყო, როცა პირველი ოპერაცია გამიკეთდა. მას შემდეგ კიდევ ორი ოპერაცია გადავიტანე. ნაიარევი, რომელიც ოპერაციის შემდეგ დარჩა, დიდი რაოდენობით თმის გადანერგვით გაამართლეს. პირველ ჯერზე თმა წინა, ქოჩორის ადგილას და უკან გადამინერგეს. არაფერი განსაკუთრებული შედეგი არ მქონდა, მაშინვე ვიფიქრე, რომ აზრი არ ჰქონდა კიდევ ოპერაციის გაკეთებას, მაგრამ დამარწმუნეს, რომ შედეგი ექნებოდა. მესამე ოპერაციის დროს ჩემი წვერიდან აიღეს თმა და გადამინერგეს, ვიტამინებსაც მიკეთებდნენ, მაგრამ უშედეგოდ. ყველაზე სასაცილო ის გახლავთ, რომ წინ, სადაც წვერის თმა გადამინერგეს, სხვანაირი, უფრო ხუჭუჭა თმა ამომდის.

ამ თემაზეც კი ხუმრობთ…

სხვა რა გზა მაქვს. ერთადერთი, რაც დამრჩა, ისაა, რომ საკუთარ თავს დავცინო (იღიმის).

ყველაზე ცუდი ისაა, რომ არც ერთ ეტაპზე ჩემი გასაჭირი კლინიკის წარმომადგენლებს გულთან ახლოს არ მიუტანიათ. ნერვიულობდნენ იმაზე, რომ მათ ბიზნესს შეექმნებოდა პრობლემა. შემომთავაზეს თავზე ტატუს გაკეთება, მაგრამ თავზე შავ ლაქას ნამდვილად ვერ დავიდებდი, ძალიან უცნაური იქნებოდა, რომ თავი გამეშავებინა.

კლინიკასთან კონტრაქტი მქონდა გაფორმებული. მათი სახე უნდა ვყოფილიყავი და ოპერაციას უფასოდ გამიკეთებდნენ. მთელი 7 წელი ვამბობდი, რომ ალბათ, ინდივიდუალური იყო და ამიტომ არ ამომდიოდა თმა. ჩემი სახე რეკლამისთვის არც გამოუყენებიათ, კონტრაქტი კონტრაქტად დარჩა. ფიზიკური პრობლემა შემექმნა. დაღი დამასვეს, რომლის გამოსწორებაც პლასტიკური ოპერაციითაც ძალიან რთული იქნება. მომადგა მორალური ზიანი.

საინტერესოა, რომ რაც „ფეისბუქზე“ დავწერე ამ პრობლემის შესახებ, რამდენიმე ადამიანი გამომეხმაურა იმავე პრობლემით. აქამდე არ უნდოდათ გამოჩენა, მაგრამ ჩემი პოსტის შემდეგ მათაც გადაწყვიტეს, მიმართონ შესაბამის უწყებებს. შეეცდებიან, სამართალი იპოვონ, ისევე, როგორც მე. იურისტები მუშაობენ ამ თემაზე და მალე სასამართლოში სარჩელს შევიტანთ.

ვერ გეტყვით, რა თანხის მოთხოვნას ვაპირებ, ამას იურისტები იტყვიან, მაგრამ აქ მთავარი თანხა არ არის. ამ კლინიკას იმხელა შემოსავალი აქვს, რომ თანხას როგორმე გადაიხდიან. მთავარი ისაა, რომ მათ სახელს ჩრდილი მიადგება. პანიკაში არიან და დამაბრალეს, თითქოს მათ კონკურენტ კლინიკას შევეკარი, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. ეს ნაიარევი და ეს პრობლემა რომ არ მქონოდა, ბედნიერი ვიქნებოდი…

თმის გადანერგვის ეს კლინიკა ბოროტად იყენებს ადამიანებს. მინდა, რომ ყველამ გაიგოს ეს ამბავი.

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები