LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოცნება სრულდება: ნაციონალური მოძრაობა დაინგრა

131

„პარტია კი არ დაიშალა, დაინგრა,“ – გიგი უგულავას ეს განცხადება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დაშლის ალბათობის კიდევ ერთი დადასტურება გახდა. პარტიის ერთ-ერთი ლიდერი აღნიშნავს, რომ იმის წარმოდგენა, რომ ახალი პარტია უნდა შეიქმნას, ძალიან რთულია, თუმცა არსებობს მეორე მხარეც.

„ჩემთვის იმის წარმოდგენა, რომ ახალი პარტია უნდა შეიქმნას და ჩვენმა თანამოაზრეებმა ახალი პარტია უნდა გავაკეთოთ, ძალიან რთულია, საზოგადოებას ეს უნდა ავუხსნათ. თუმცა როდესაც შეუძლებელია წინსვლა და იხშობა თავისუფლების სივრცე, მაშინ უნდა მიიღო გადაწყვეტილება სად დარჩები,“ – განაცხადა უგულავამ.

უგულავა-ბოკერიას ფრთის პარტიიდან წასვლას აანონსებს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმდჯომარე ნიკა მელია. მისი თქმით, აღნიშნულ ჯგუფს პარტიის დატოვების გადაწყვეტილება მიღებული აქვს, თუმცა ჯერჯერობით არ ასაჯაროვებს.

 

ნაციონალები სააკაშვილმა დაშალა?

ნიკა მელიამ „ფორტუნასთან“ „ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებული დაპირისპირების მიზეზებზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, გიგა ბოკერიას განაწყენება ფართომასშტაბიანი ყრილობის  ჩატარების გადაწყვეტილებამ გამოიწვია, რადგან ჩათვალა, რომ პარტიის მართვის სადავეები დაკარგა და სწორედ აქედან დაიწყო დაპირისპირებაც. მელიას ინფორმაციით, გიგა ბოკერიას სურდა 20 იანვარს „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა 2000 დელეგატით ჩატარებულიყო, თუმცა პარტიის უმრავლესობამ მიიჩნია, რომ ყრილობა ფართომასშტაბიანი უნდა ყოფილიყო და გადაწყვიტა, რომ ყრილობაში მონაწილეობა 7000 დელეგატს მიეღო.

ნიკა მელია თანაფრაქციელების ბიძინა ივანიშვილთან გარიგებაზეც საუბრობს. აღნიშნული მოსაზრება, მან პარლამენტში ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ სამუშაო ოთახში აკაკი ბობოხიძესთან და სერგო რატიანთან დაპირისპირების დროს გააჟღერა. საპასუხოდ პარტიის წევრმა აკაკი ბობოხიძემ აღნიშნა, რომ პარტიის დაშლით ბიძინა ივანიშვილის ოცნება სრულდება და დაშლის „მთავარ შემოქმედად“ მიხეილ სააკაშვილი დაასახელა.

 

ივანიშვილთან გარიგება არასერიოზულია

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ნიკა მელიას ბრალდებას უგულავა-ბოკერიას ჯგუფის ბიძინა ივანიშვილთან გარიგების შესახებ არასერიოზულს უწოდებს და აცხადებს, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაპირისპირების შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია ყოველთვის ჰქონდა, ახლა კი ეს სააშკარაოზე გამოვიდა.

 

ივანიშვილს არ უნდა აწყობდეს ნაციონალური მოძრაობის დაშლა

უგულავა-ბოკერიას ჯგუფის ბიძინა ივანიშვილთან გარიგებას იაფფასიან ვერსიად აფასებს ექსპერტი რამაზ საყვარელიძე. მისი თქმით, ნაციონალურ მოძრაობაში შიდა დემოკრატიის დეფიციტია და ბიძინა ივანიშვილს არ უნდა აწყობდეს „ნაციონალური მოძრაობის“ „მარტივ მამრავლებად დაშლა“.

„გარიგებაში დადანაშაულება არის პირველი, რასაც აკეთებს ხოლმე „ნაციონალური მოძრაობა“. ასე მოხდა „გირჩისა“ და გიორგი ვაშაძის შემთხვევაში, ამ დროს ეს ჯგუფები პარტიიდან წამოსვლის მთავარ მიზეზად შიდა დემოკრატიის არ არსებობას ასახელებდნენ. დღესაც ჩანს, რომ პარტიაში შიდა დემოკრატიის დეფიციტია. რაც შეეხება ივანიშვილის ფაქტორს, მე არ ვიცი ივანიშვილი რას ფიქრობს, მაგრამ წესით, ბიძინა ივანიშვილს არ უნდა აწყობდეს ნაციონალური მოძრაობის მარტივ მამრავლებად დაშლა. როგორც 2012 წლის, ასევე 2016 წლის არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“ ხმების დიდი ნაწილი მიიღო იმიტომ, რომ ნაციონალური მოძრაობა არ მობრუნებულიყო ხელისუფლებაში, ეს იყო ქართველი ხალხისთვის მიუღებელი. ახლა თუ ნაციონალური მოძრაობა აღარ იქნება ძლიერი პარტია, მისი საფრთხობელად წარმოჩენა „ქართულ ოცნებას“ ხმებს ვეღარ მოაპოვებინებს. ის სურათი, რაც ახლა „ნაციონალურ მოძრაობაში“ იქმნება, სამომავლოდ „ქართული ოცნებისთვის“ მომგებიანი ვერ იქნება,“ – აცხადებს რამაზ საყვარელიძე.

 

უსააკაშვილოდ… ანუ ქარიზმის გარეშე

ექსპერტის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობის“ გაყოფის საკითხი დიდი ხანია დგას და არსებული მოვლენები ლოგიკური გაგრძელებაა იმისა, რაც წარსულში ხდებოდა. როგორც იგი აღნიშნავს, პარტიიას თან ახლავს მიხეილ სააკაშვილის ქარიზმა და ამ ქარიზმის გარეშე უგულავა-ბოკერიას ჯგუფს ხალხის მხარდაჭერის მოპოვება გაუჭირდება.

„საერთოდ ყველა იმ პოლიტიკურ ძალას, სადაც ყალიბდება ე.წ. ქარიზმატული ლიდერი, სწორედ ის არის ხოლმე შემდგომშიც მთავარი ღერძი. დიდად მაღალი პიროვნული რეიტინგები უგულავასა და ბოკერიას არ ჰქონდათ, განსაკუთრებით ბოკერიას. ეს პოლიტიკური ფიგურები მედიასივრცეში არიან წინ წამოწეული. ჩვენთან მედია და მოსახლეობა შორს დგანან ერთმანეთისგან. მედიას არ აინტერესებს მოსახლეობა რეალურად რას ფიქრობს, ამის შედეგია ის, რომ იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს გიგი უგულავა და გიგა ბოკერია ძლიერი პოლიტიკური ფიგურები არიან,“ – აცხადებს „ფორტუნასთან“ რამაზ საყვარელიძე.

პარტიის დაყოფის შემთხვევაშიც ექსპერტი ქარიზმატული ლიდერის დეფიციტს უსვამს ხაზს და აღნიშნავს, რომ „გირჩის“ მაგალითმაც ნათლად აჩვენა, რომ პრაქტიკულად იგივე პლატფორმაზე მყოფმა პოლიტიკურმა პარტიებმა უსააკაშვილოდ ვერ მოხიბლეს ქართველი ამომრჩეველი.

 

გვანცა ბზიავა