„დორსმა“ 20 ივნისს „ოქროს ტალღის“ პრეწვეულებას უმასპინძლა. მოგეხსენებათ, 26 ივნისს, წლის სიმღერის დაჯილდოების კონკურსი დიდი საკონცერტო დარბაზის სცენაზე ნიკოლოზ რაჭველის, ეროვნული სიმფონიური ორკესტრის მუსიკალური გაფორმების, ქართველი ვარსკვლავების გამოსვლებისა და სპეციალური სტუმრის, ამერიკელი შემსრულებლის, ლიზა ფიშერის პერფორმანსით ჩაივლის, გამოვლინდებიან 14 ნომინაციაში გამარჯვებულები.
„ოქროს ტალღის“ პრეფართიზე ცნობილი სახეები შეიკრიბნენ, რომელთაგან ყველა თითო ან მეტი სიმღერით არის წარდგენილი მუსიკალური კონკურსზე. მოწვეული იყვნენ ღონისძიების სპონსორებიც. რასაკვირველია, საღამოს ასევე ესწრებოდნენ შოუბიზნესის სახეები, რომლებიც ხშირად თანამშრომლობენ ჰოლდინგის ოთხივე რადიოსადგურთან.
წვეულებამ საქსოფონის ჰანგებისა და ჰიტების ფონზე ჩიარა. მუსიკოსებმა საკუთარი დადებითი შეფასებები გამოთქვეს მასშტაბური მუსიკალური კონკურსის შესახებ, რომელსაც რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“ უკვე მეხუთე წელია ატარებს. აღსანიშნავია, რომ წლევანდელი ღონისძიება „ფორტუნას“ 20 წლის იუბილეს ეძღვნება.
თამარ ჩიგოგიძე, რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ გენერალური დირექტორი:
„ოქროს ტალღა“ უკვე მეხუთე წელია, ტარდება. ყოველ წელს უფრო მასშტაბური, საინტერესო და მრავალფეროვანია. მოგეხსენებათ, წელს დიდ საკონცერტო დარბაზში ტარდება, რაც ჩვენთვის დიდი პასუხისმგებლობაა, ასეთი მასშტაბური ღონისძიება არასდროს გაგვიმართავს. რა თქმა უნდა, ვნერვიულობთ და ვღელავთ, მაგრამ ჩვენს უკან დგას პროფესიონალების დიდი გუნდი, პირველ რიგში, რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ თანამშრომლების შემადგენლობით, მეორე მხრივ კი – თეონა ჯორბენაძე და ნიკოლოზ რაჭველი, რომლებიც ჩართულები არიან ღონისძიებაში, ასევე ჩვენი მეგობრები, საუკეთესო ქართველი შემსრულებლები.
ვიმედოვნებ, რომ მაყურებელი იქნება კმაყოფილი და ნასიამოვნები, ასევე შემსრულებლები, რომლებიც დაესწრებიან ღონისძიებას. გველოდება ბევრი სიურპრიზი და საინტერესო ჯილდო.
აღსანიშნავია, რომ წელს ჩვენს რადიოსადგურს – „ფორტუნა“ 20 წელი შეუსრულდა, 5 წლის წინ კი დაარსდა „ოქროს ტალღა“. ამიტომაც ტარდება განსხვავებული ფორმატით წლევანდელი „ოქროს ტალღა“, საზოგადოებასაც აქვს საშუალება, შეიძინოს ბილეთები და დაესწროს ღონისძიებას. გპირდებით, რომ ეს იქნება ძალიან მასშტაბური და საინტერესო სანახაობა .
ნიკა კაცია, „ოქროს ტალღის“ წამყვანი:
მესამე წელია, ეს ღონისძიება მიმყავს. ყოველ წელს ეს მუხტი იმატებს და არ ნელდება. უსმენ თუ არა რადიოს, ხარ თუ არა მელომანი, ფაქტია, რომ გყავს შენი ფავორიტი. ფავორიტები, ყოველ წელს, წელიწადში ერთხელ, თავს იყრიან ისეთ ცენტრალურ ღონისძიებაზე, რომელსაც ჰქვია „ოქროს ტალღა“. არის შესაძლებელი, ყველა ადამიანმა გაზომოს საკუთარი მონდომება, საკუთარი გულშემატკივრობა, ფავორიტის შესაძლებლობები და ნახოს, ვინ იყო კონკრეტულ წელს ფავორიტი. ეს არის უწყვეტი პროცესი, წლიდან წლამდე და არ გულისხმობს მხოლოდ ერთი ღონისძიების გამართვას. „ოქროს ტალღა“ არის ძალიან შინაარსიანი – მომღერლები ეძებენ ახალ კომპოზიტორებს, არანჟირებების ავტორებს და ა.შ.
ჩემთვის, როგორც წამყვანისთვის, არის მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ ჩვენ თვალწინ იქმნება ის, რისი ხილვაც და გაზიარებაც შეუძლია „ოქროს ტალღაზე“ საზოგადოებას. ასეთი მასშტაბური დაჯილდოების ცერემონია საქართველოში, ფაქტია, არ არსებობს. ის აღნიშნავს მეხუთე საიუბილეო წელს და ფაქტობრივად, არის უკონკურენტო.
დათო გომართელი, მომღერალი:
რას ამბობთ, როგორ არ არის საჭირო მუსიკალური დაჯილდოება?!. ერთი კი არა, რამდენიმე უნდა არსებობდეს. ლექსის ავტორი იქნება, კომპოზიტორი თუ სტუდიები, მათთვის სტიმულია. მივესალმები „ოქროს ტალღას“ და მერამდენეჯერ ვადიდებ და ვაქებ ჰოლდინგს, დიდ საქმეს აკეთებთ.
წელს მასშტაბები გაიზარდა, ტარდება ფილარმონიაში, ჩამოგყავთ ვარსკვლავი, იქნება დიდი ორკესტრი, რაც ძალიან კარგია. რაღაციდან უნდა დაიწყო, რომ სიმაღლეებს მიაღწიო. ჩემი აზრით, პოლიტიკურმა თუ სხვა სახის კრიზისებმა დიდი კვალი დაატყო არა მხოლოდ ეკონომიკას, არამედ კონკრეტულად ჩვენს სფეროს…
ქართული სიმღერა ახლა განსაკუთრებულად პოპულარულია…
ყოველთვის პოპულარული იყო… არ შეიძლება, პოპულარული გახდე შენს ქვეყანაში შენს ენაზე სიმღერის გარეშე? სად გაგიგიათ ეს?!.. ყველას მინდა ვუთხრა, ბენდებს, ვინც გადასულია უცხოური ქავერების შესრულებაზე, ვერ გახდებით პოპულარულები, ხალხი ვერ გაგიცნობთ, ვერავინ შეგიყვარებთ, ჟურნალისტები არ ჩაწერენ თქვენთან ინტერვიუებს, ტელევიზიები არ მიგიწვევენ. შექმენით ქართული და იქნებით წარმატებულები, თუკი კარგად მღერით, სხვანაირად ვერ გახდებით ხალხისთვის საყვარელი მუსიკოსები!.. ამას მოვუწოდებ ყველას, მომღერლებსა თუ ბენდებს, ვინც მხოლოდ უცხოურს ასრულებს. ქავერებს მე რომ ვმღეროდი, სად იყო მაშინ ამდენი, მაგრამ პოპულარული გავხდი ქართული სიმღერებით და ასევე უცხოური სიმღერების ჩემებური ვერსიებით.
გია ბაღაშვილი, მუსიკოსი:
პირველ რიგში, ვულოცავ ჩემს დიდი ხნის მეგობარს, რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ 20 წლის იუბილეს. მე ძალიან კარგად ვიცი, როგორი დიდი შრომა, პროფესიონალიზმი, გული და სულია წლების განმავლობაში ჩადებული ამ საქმეში. ეს მკაფიოდ აისახა თავად „ოქროს ტალღაზე“, მისი დაბადებიდან დღემდე. მასშტაბი იზრდება და პომპეზურობა, რომლითაც 26 ივნისს ხვდება „ფორტუნა“, სრულიად ლოგიკურია. ვუსურვებ წარმატებას. ეს არის სტიმული ამ სფეროს ადამიანებისთვის.
ლევან აბშილავა (ჯოჯო), მუსიკოსი:
„ნიუტონის“ და „ირიაოს“ სიმღერები არის წარდგენილი „ოქროს ტალღაზე“. ორივე ჯგუფში ვუკრავ და ეს კონკურსი მოტივაციისთვის სჭირდებათ მუსიკოსებს. სასიამოვნოა, მადლობა, რომ წარდგენილია, განსაკუთრებით, „ნიუტონი“. დიდი სიურპრიზი იყო ჩვენი სიმღერის წარდგენა და გვიხარია.
ჯგუფებს ხშირად საყვედურობენ, რომ მხოლოდ ქავერებს ასრულებენ. „ნიუტონმა“ კი თავისი რეპერტუარიც შესთავაზა საზოგადოებას…
ჩვენც ქავერებით ვართ ცნობილები, მაგრამ ახლა ჩვენს რეპერტუარსაც ვთავაზობთ მსმენელს. 22 სიმღერის გაკეთება გვინდა ჩვენი რეპერტუარიდან… ნელ-ნელა შემოგთავაზებთ. მაქსიმალურად შევეცდებით, რომ ფართო მსმენელამდე მივიტანოთ და რასაკვირველია, პირველ რიგში, რადიოჰოლდინგ „ფორტუნაში“ მოვიტანთ. გადავწყვიტეთ, იყოს ქართულენოვანი. მუსიკაშიც ბევრი ქართული ელემენტია, ოღონდ არაბუნებრივად არ შეგვიტანია. ეს ჩვენი გენეტიკაა, ქართული ენაც ძალიან მომწონს და უხდება სიმღერას. არასდროს ვეთანხმებოდი აზრს, რომ მუსიკას ქართული ტექსტი არ უხდება…
ეს „ირიაოს“ „ევროვიზიაზე“ წარდგენილ სიმღერაშიც კარგად გამოჩნდა, როცა უცხოელი მსმენელი აღნიშნავდა, როგორი ლამაზი ენაა ქართული…
სხვათა შორის, უდიდესი გამოხმაურება ჰქონდა კონკურსის კულუარებში. ყველა ამბობდა, როგორ მოეწონათ ქართული ენა, რაც ჩვენთვის სასიამოვნო კომპლიმენტი იყო… ყველას ძალიან მოეწონა სიმღერა, გვეკითხებოდნენ შინაარსს, ჩვენი გაგა აბაშიძე კი უთარგმნიდა (იღიმის). „ირიაო“ ბევრ ქვეყანაში ყოფილა გასტროლებზე და ხშირად მოგვისმენია, თქვენი ენა ჟღერს, როგორც მუსიკაო.
ვისურვებდი, რომ ტელევიზია და მედიასაშუალება უფრო მეტ დროს უთმობდეს ქართულ მუსიკას და მეტი მოტივაცია მისცენ ქართველ მუსიკოსებს, ავტორებსა და შემსრულებლებს. ამ მიზნისთვის კი „ოქროს ტალღა“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიებაა.
ნუცა შანშიაშვილი:
ძალიან მნიშვნელოვანი დაჯილდოებაა, რომელიც აუცილებლად უნდა არსებობდეს და ყოველ წელს კეთდებოდეს. მიხარია, რომ ჩემი სიმღერა არის ნომინირებული. ასევე მახარებს, რომ ასეთი მასშტაბური იქნება წლევანდელი „ოქროს ტალღა“. ყოჩაღ „ფორტუნას“, საუკეთესო რადიოს. ეს არის მსოფლიო დონის ღონისძიება. ძალიან იშვიათად ვიმყოფები ხოლმე საქართველოში და მიხარია, რომ პრეფართის ვესწრები (იღიმის).
ფოტო: დათუნა აგასი, თამუნა ტაბატაძე
გადაღების ადგილი: „დორსი“
ნინო მურღულია