LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი სუხიტაშვილი: „ძალიან მწყდება გული, რომ როდესაც ჩემი ალბომი გამოვიდა, მაშინ „ოქროს ტალღა“ არ არსებობდა…“

გიორგი სუხიტაშვილი წლის სიმღერის კონკურსზე „ოქროს ტალღა“ ოთხი სიმღერითაა ნომინირებული. შემოქმედებითად საკმაოდ აქტიური პერიოდი აქვს, რომელიც ახლაც გრძელდება. მალე საინტერესო ვოიაჟში მიდის, სამხრეთ აფრიკაში ქართული სიმღერისა და კულტურის პოპულარიზაციისთვის საელჩოს მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას, მანამდე კი მას კაფე „ორანჟერეაში“ შევხვდით ფოტოსესიისა და ინტერვიუსთვის.

გიორგი სუხიტაშვილი:

რადიოჰოლდინგ „ფორტუნასთან“, როგორც მსმენელს, მრავალწლიანი ურთიერთობა მაკაშირებს. მე ვცხოვრობდი კარალეთში, სადაც ორ რადიოს იჭერდა, „საქართველოს რადიოს“, სადაც ახლა ვმუშაობ და „ფორტუნას“, დღემდე მახსოვს ყველა ტიხარი, რაც გადიოდა, ასევე ხატია შამუგიას და გვანცა კილასონიას ხმები. ამას წინათ აღვნიშნე, რომ რადიო „ფორტუნას“ საინფორმაციოს ქუდი დღემდე არ შეცვლილა, განახლდა, მაგრამ მოტივი იგივეა, რასაც პატივს ვცემ.

ჩემი და ჰოლდინგის თანამშრომლობაც წლებს ითვლის. 2007 წლიდან, როცა ჯგუფ „ვივო“-ში ვმღეროდი, პირველი სიმღერა რეზო კაკულიასთან მოვიტანეთ.

როცა „ჯეოსტარში“ გავიმარჯვე, „ფორტუნას“ რჩეულიც გავხდი. რადიო „ფორტუნას“ ეთერში ჩემი სოლოალბომის სიმღერებიც გაჟღერდა.

მეექვსე წელია, „ოქროს ტალღა“ ტარდება. როდიდან მონაწილეობ კონკურსში?

ძალიან მწყდება გული, რომ ჩემი სოლოალბომიდან სიმღერები კონკურსზე ვერ მოხვდა, რადგან მაშინ არ არსებობდა. „მისმინე მე“ ეთნოჯაზისა და ფოლკის სტილში ჩაწერილი ალბომია, კარგი მუსიკოსების მიერაა შექმნილი, საკუთარ თავზე არაფერს ვიტყვი და ვფიქრობ, „ოქროს ტალღაზე“ ნომინაციას დაიმსახურებდა.

შარშან ველოდებოდი, რომ „ქართული სითბო“ მიიღებდა ჯილდოს, რადგან განსხვავებული ჟანრია. პოპმუსიკაში მოღვაწე მომღერლები ამ ტიპის მუსიკას ნაკლებად მიმართავენ, ასე ვთქვათ, კომერციული არ არის, მაგრამ მუსიკოსისთვის მნიშვნელოვანია, რადგან მას ღირებულება აქვს.

ბოლო სიმღერა, რომელიც ამჟამად სტუდიაშია, ვერ მოესწრო „ოქროს ტალღისთვის“, თუმცა წლევანდელ ნუსხაში მოხვდა ჩემი ოთხი სიმღერა, სამი ქართული კინომუსიკის პროექტიდან, სადაც ცოცხალი ჩანაწერებია შესული. ერთი კი ზაზა წურწუმიას კომპოზიცია გახლავთ, ეს სტუდიური ჩანაწერია. ველოდები, რომ გარკვეული წარმატება შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ ეს ჰიპოთეტური საუბარია. ვნახოთ, რა მოხდება 11 ივნისს. იმედია, დარბაზში ვიქნები, ამას იმიტომ ვამბობ, რომ ტურნეა დაგეგმილი და ჯერ თარიღები არ ვიცი…

გვითხარი ტურნეს შესახებ…

მეორე წელია, თბილისის ბიგ-ბენდი თანამშრომლობს „ქართულ ხმებთან“, ძველ თაობასთან. შარშანაც მოვიარეთ 12-13 ადგილი, სადაც კონცერტი ჩავატარეთ. წელსაც გაჩნდა თანამშრომლობის სურვილი და იდეა. ქართული სიმღერა განსაკუთრებით რეგიონებში მოენატრათ. ისევ ვაპირებთ ტურნეს დაწყებას, კალენდარი არ არის შედგენილი და იმედი მაქვს, რომ ერთ-ერთი კონცერტის დღე 11 ივნისს არ დაემთხვევა, რადგან ძალიან მინდა ღონისძიებაზე დასწრება.

„ოქროს ტალღა“ შენთვის რა არის?

ეს არის კონკურსი, რომელიც პროგრესირებს და მუდმივად გაუმჯობესებაზეა ორიენტირებული. ჩვენი ტიპისა და შესაძლებლობების მქონე ქვეყანაში ყველაფერი რესურსებზეა დამოკიდებული. არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ დიდ და განვითარებულ ქვეყნებს გავეჯიბროთ. ეს შარშანდელ დაჯილდოებაზე არ იგრძნობოდა, ძალიან მასშტაბური იყო. ძალიან მსუყე დაჯილდოება გახლდათ, თავისი მუსიკალური ნაწილით, რომელიც ძალიან კარგი იყო. ლიზა ფიშერს განსაკუთრებულად ველოდებოდი. წელსაც მაქვს მოლოდინი, რომ კარგი პროგრამა იქნება.

აშშ-ში იყავი სოფო ბათილაშვილსა და ზვიად ბოლქვაძესთან ერთად…

18 აპრილს დავბრუნდით. ორი კონცერტი გვქონდა. წესით, შემოდგომაზე უნდა იყოს ძვრები ამ მიმართულებით, რადგან გაჩნდა კვლავ კონცერტების გამართვის სურვილი.

როგორც ვიცი, სამხრეთ აფრიკაში მიემგზავრები…

უკვე დადასტურებულია და ბილეთი მაქვს, ივენთებიც დანიშნულია, ამიტომ შემიძლია უკვე საუბარი. პირველი ქართველი მომღერალი ვიქნები, არა მუსიკოსი, ამას ხაზს გავუსვა, ვინც სამხრეთ აფრიკაში ჩავა. საელჩოს დიდ მადლობას გადავუხდი, რადგან მათი სურვილია, წარმოჩინდეს ქართული კულტურა. ეს იქნება ჩვენი კულტურის პრეზენტაცია არა დიასპორის წარმომადგენლებისთვის. სხვათა შორის, აშშ-ში ყოფნისას, ნიუ იორკში, ერთ-ერთ უდიდეს მუზეუმში ჩვენი კუთხე სავალალო მდგომარეობაშია. თუკი ვამბობთ, რომ ტურისტული პოტენციალია ჩვენი უმთავრესი მიმართულება, ერთ-ერთ ცნობილ მუზეუმში არ უნდა იყოს ისეთი უსახური კუთხე, როგორიც იქ დამხვდა. ჩვენი კულტურის პოპულარიზაციას საზღვრებს გარეთ ძალიან სერიოზულად ვუყურებ და მეც ყოველთვის მხარში დავუდგები, როგორც შემიძლია. კულტურა და სპორტი არის ჩვენი სავიზიტო ბარათი მსოფლიოში.

შემოქმედებით თემას დავუბრუნდეთ. ახლა რაზე მუშაობ?

„ერთი კაცი „ვივოდან“ – ასეთი პროექტი მაქვს, სულ სამი სიმღერა მაქვს ჩაწერილი მის ფარგლებში და გვინდა, ერთ ალბომად გამოვცე. არ მიყვარს კონცეფციის არევა და ჭრელი ალბომის ჩაწერა. როცა მსმენელი ალბომს ჩართავს, იქ ერთი ხელწერა უნდა იგრძნობოდეს. პარალელურ რეჟიმში ქართული კინომუსიკის ალბომზე ვმუშაობ. ვფიქრობ ვიდეორგოლზე, გუშინ მქონდა მოლაპარაკება და როგორც კი უფრო მეტი დეტალი მეცოდინება, აუცილებლად გაგიმხელთ.

ფოტო: დათუნა აგასი

ლოკაცია: კაფე „ორანჟერეა“

ნინო მურღულია

„ოქროს ტალღის” მხარდამჭერია პროექტი „ჩექინ ჯორჯია” და ქალაქ თბილისის მერია. დაჯილდოების წარმდგენია „ლიდერ ფუდი“, მარკ მარტელის სპონსორი პე-ეს-პე -ს ფრანგული ბრენდები, მასპინძელი სასტუმრო „ვინდამ თბილისი”, ოფიციალური გადამყვანი „თურქიშ ეარლაინსი”, ღონისძიების უსაფრთხოებაზე ზრუნავს დაცვის სამსახური ომეგა ემბეერი. პარტნიორები: „თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი“, „ლუტეცია“, „მაგთი“. საინფორმაციო მხარდამჭერი „რუსთავი 2“.