LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ოჯახის წევრების სახით ძალიან მკაცრი მასწავლებლები მყავს, მაგრამ სახლში ერთმანეთს ვუგებთ. ნინო და გუგა სახლიდან ვერ მაგდებენ, მათთან ერთად ვცხოვრობ…“ – ბაია კუზანოვას წარმატებული პროფესიული გზა – როგორ უწყობენ ხელს მშობლები და როგორი ბებია-ბაბუა არიან გუგა კუზანოვი და ნინო ნადირაძე

2897
ბაია-კუზანოვა

ბაია კუზანოვა ცნობილი ოჯახის წარმომადგენელია, ექიმების დინასტიის და თავადაც ეს პროფესია აირჩია. მეტიც, პლასტიკური ქირურგობა გადაწყვიტა, როცა ოჯახში ბაბუა, მამა და ბიძა – სამივე სწორედ ამ მიმართულებით არის ცნობილი საზოგადოებისთვის. მათგან რჩევებს სიამოვნებით და დიდი ინტერესით ისმენს და საკუთარ პროფესიაში ყოველდღიურად სრულყოფილების მიღწევას ცდილობს.

რომ არა მშობლები, ამდენს ვერ შეძლებდა – ამას ჩვენთან საუბარში აღიარებს და ამბობს, რომ მათი დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია ვაჟის აღზრდისას – გუგა კუზანოვი და ნინო ნადირაძე საოცარი ბაბუა და ბებია არიან, ბაია შვილთან ერთად მშობლებთან ცხოვრობს და სულ აქვს მათი ხელშეწყობის იმედი.

ბაია fortuna.ge-სთან თავისი პროფესიული ცხოვრების, ცნობილი ოჯახისა და უსაყვარლესი ვაჟის შესახებ საუბრობს.

დავიწყოთ პროფესიული ამბებით. არავის გაუკვირდა თქვენი გადაწყვეტილება, რომ პლასტიკური ქირურგობა გადაწყვიტეთ, მაგრამ ასეთი ცნობილი ოჯახის წევრებს ზოგჯერ არ სურთ, ცნობილი მშობლების ჩრდილქვეშ ყოფნა…

ბავშვობიდანვე ვიცოდი, რომ აუცილებლად მოვირგებდი თეთრ ხალათს, უბრალოდ, ზუსტად არ ვიცოდი, რა განხრით წავიდოდი. სადღაც 18-19 წლის ასაკში მივხვდი, რომ მინდოდა მამისა და ბაბუის გზის არჩევა და გაგრძელება და გადავწყვიტე, მათ გზას გავყოლოდი.

რაც შეეხება ჩრდილში ყოფნას – არასდროს მქონია ის მომენტი და მდგომარეობა, ფიქრი, რომ დამჩრდილავენ. უბრალოდ, დინებას მივყევი. მგონია, რომ ჯერჯერობით ჩემს გვარს ვამართლებ.

როგორია რჩევები, რაც მიიღეთ თქვენი ოჯახის წევრებისგან, როცა საექიმო გზას შეუდექით?

29 წლის ვარ და რჩევებს დღემდე ვიღებ, რადგან სულ სწავლის პროცესში ვარ. ჩემი აზრით, საკმაოდ პატარა ვარ, წინ დიდი გზა მელოდება, ამიტომ ყველანაირ რჩევას, პატარას თუ დიდს, ვიღებ და ვითვალისწინებ, იმიტომ, რომ ჩემზე მეტი აქვთ ნანახი, ჩემზე დიდი გამოცდილება აქვთ და სწორედ ამიტომ მაძლევენ რჩევასა და შენიშვნასაც… უკეთ იციან, რას რა შეიძლება მოჰყვეს. მათ თითოეულ სიტყვასა და მინიშნებას უდიდეს ყურადღებას ვაქცევ. ჩათვალეთ, რომ ამით ვისწავლე ყველაფერი. ვიტყვი იმასაც, რომ ძალიან მკაცრები არიან ჩემი „მასწავლებლები“ (იცინის). სამივეზე ვსაუბრობ, მამაც, ბიძაც და ბაბუაც – არც ერთი არ მზოგავს. თავზე ხელს არ გადამისვამენ იმიტომ, რომ შვილი და შვილიშვილი ვარ, ან ძმისშვილი. პირიქით, შვილი და შვილიშვილი რომ ვარ, ასჯერ უფრო მეტი მოთხოვნა აქვთ. ძალიან მძიმეა მათთან ერთად მუშაობა, თან, ძალიან სასიამოვნო… რადგან სამივე ღმერთია თავის სფეროში…

როგორი უნდა იყოს ექიმი – რა მთავარი რჩევა მიიღეთ ცნობილი ბაბუისგან, ივა კუზანოვისგან?

ბაბუა მეუბნება, რომ პირველ რიგში, უნდა დარჩე ადამიანად – ყოველთვის დაუკვირდი პაციენტის ანამნეზს, რას გიყვება, ყველას ყველაფერი არ უნდა გაუკეთო, პირველ რიგში, უნდა აუხსნა, რატომ სჭირდება, ან არ სჭირდება ქირურგიული ჩარევაო.

ამ დრომდე ყველაზე რთული ოპერაცია რომელი იყო?

როგორ გითხრათ… მარტივი ოპერაცია არ არსებობს, ეს ტყუილია. შეიძლება, ოპერაცია მარტივი იყოს სარეაბილიტაციოდ, მაგრამ ყველა ოპერაცია რთულია, რადგან არც ერთი პაციენტი ერთმანეთს არ ჰგავს, ყველა შემთხვევა ინდივიდუალური და განსხვავებულია. ყველას უნდა მიუდგე ინდივიდუალურად. შეიძლება, ტექნიკურად რაღაც გიმარტივდებოდეს, რადგან ხელი გაქვს მიჩვეული, მაგრამ მე ყველა ოპერაციის წინ ნერვიულობას გავდივარ, თუმცა ვეჩვევი… იცი, რომ გენდობა პაციენტი და მაქსიმალურ შედეგს ითხოვს. ნერვიულობა მეორე პლანზე გადადის, როდესაც საოპერაციო სივრცეში შედიხარ და ხელში ინსტრუმენტს იკავებ… მხოლოდ ფიქრობ პაციენტსა და შედეგზე.

თავიდანვე, როგორც ვიცი, არ გინდოდათ პლასტიკური ქირურგია…

არა და ძალიან დიდი გზა გამოვიარე, რომ აქამდე მოვსულიყავი და ვფიქრობ, საუკეთესო გადაწყვეტილებაა, რაც ცხოვრებაში მიმიღია. 20-21 წლის ასაკში გადავწყვიტე, რომ ეს მიმართულება ამერჩია. რამდენიმეჯერ დავესწარი ოპერაციებს და მივხვდი, რომ ამ საოპერაციოში მეც მინდა ვიცხოვრო და დღე და ღამე აქ გავატარო…

ძალიან დიდ დროს ატარებთ კლინიკაში…

დილის რვა საათიდან ღამემდე სამსახურში ვარ, კლინიკაში. როცა უნდა დამირეკოთ, სულ სამსახურში ვარ. არის შედარებით მსუბუქი დღეები, როცა პატარა ოპერაციებია დაგეგმილი, თუმცა 80% გვიანობამდე მიწევს ყოფნა.

დედას, ნინო ნადირაძეს როგორ მოსწონს თქვენი ასეთი დატვირთული გრაფიკი?

არ ვიცი… არასდროს მიმიღია მისგან რაიმე შენიშვნა ან რჩევა, დედი, სახლში ადრე მოდიო. ერთადერთი, რასაც მთხოვს, გამოიძინე, სახეზე გამოუძინებლობა არ გიხდებაო. ასევე მირჩევს, რომ ვჭამო. ეს ორი რჩევა აქვს ძირითადად… არასდროს უთქვამს, სამსახურში რატომ ხარ ამდენი ხანი და წადი, სადმე გაისეირნე, დაისვენე და მოდუნდიო, ასეთი შეთავაზებები არ აქვს (იღიმის). პირიქით, ორივე მშობელია ასეთია – მუშაობა, მუშაობა და მუშაობა!..

ნინო როგორ გეხმარებათ შვილის აღზრდაში?

ერთს ვიტყვი – ნინო და გუგა რომ არ ყოფილიყვნენ, ამ პროფესიულ წარმატებას ვერ მივაღწევდი. ძალიან მეხმარებიან ბავშვის აღზრდაში, ყველაფერში უდიდესი როლი აქვთ. ჩემი მშობლები რომ არა, აქამდე ვერ მოვიდოდი. მშობლების ხელშეწყობა პირველია, როცა პროფესიულად ვითარდები…

თქვენ და თქვენი შვილი მშობლებთან ცხოვრობთ?

კი და ასე რომ ვთქვათ, სახლიდან ვერ მაგდებენ (იცინის). სამსახურში კი მძიმეები და რთულები არიან, მაგრამ სახლში ყველა ერთმანეთს ძალიან ვუგებთ, პრობლემა არ გვაქვს. ერთად დროის გატარება ძალიან გვიყვარს, საერთო ინტერესები გვაქვს. არასდროს შემქმნია დისკომფორტი მშობლებთან ცხოვრებით. მიუხედავად იმისა, რომ შემიძლია, მარტო ვიცხოვრო, არასდროს მდომებია და ჯერ აქამდე ვერ მივედი.

თქვენი პატარა ვის ჰგავს, როგორი ბიჭია?

ბატონი ალექსანდრე არის 5 წლის, სწავლობს ფრესქულში. არის ძალიან საყვარელი. ბებიისა და ბაბუის გატუტუცებული. მე საკმაოდ მკაცრი ვარ, რადგან დედები ამ როლს ვითავსებთ, ნინო და გუგა თვალებში შესციცინებენ, ოღონდ რაიმე მოინდომოს და რამეზე თქვას, მინდაო, ყველაფერს უსრულებენ. ნეტავ, ასეთი დედ-მამა ყოფილიყვნენ, ორივე მკაცრი მშობლები იყვნენ. ბებია და ბაბუა თაფლი და მურაბა არიან. დედაჩემს ჩემს ცხოვრებაში არ უთქვამს ჩემთვის, მიყვარხარო, არც მამისგან გამიგია ეს სიტყვა, ალექსანდრესთვის კი ამ სიტყვას არ იშურებენ (იღიმის). გადაყოლაც არის და გადაყოლაც. ეს რაღაც სხვა ფენომენია, ეს არის შენი ჭირიმე, შენ გენაცვალე, შენ რომ არ მყავდე… ალბათ, პირველი შვილიშვილის ფენომენიც განსაკუთრებულია.

ბებია-ბაბუის მიმართ როგორი დამოკიდებულება აქვს ალექსანდრეს?

გიჟდება ბებია-ბაბუაზე, რადგან ყველა მისი სურვილი სრულდება. სძინავს მათთან ერთად… ძირითადად, გუგასთან ერთად. ნინოც კი გააგდო ოთახიდან, ისე უყვარს გუგასთან ერთად ყოფნა. ფასი არ აქვს მშობლების ასეთ მხარდაჭერას, ისეთი ბედნიერებაა.

შვილთაშვილთან ბატონ ივას როგორი ურთიერთობა აქვს?

ფანტასტიკური ურთიერთობა აქვს, ხშირად რჩება მასთან პლეხანოვზე ან საგურამოში. დიდ ბებია-ბაბუას რომ დაინახავს, უხარია, ძალიან უყვარს მათთან ერთად ყოფნა, აქტიურად არიან ჩართულები მის აღზრდაში, ეს, ალბათ, სხვა სიამოვნებაა…

29 წლის ხართ, გყავთ შვილი, კარგი ოჯახი და გაქვთ თქვენი საქმე. რა დარჩა საოცნებო?

დიდად არაფერზე მიოცნებია არასდროს, უბრალოდ, მინდა, ვიყო ისეთი პროფესიონალი, როგორიც წარმოუდგენია მამას, ბაბუას და მსურს, ვიყო კარგი დედა…

ასეთი პოპულარული ოჯახის შვილობას არასდროს შეუწუხებიხართ?

ჩემს პროფესიას ცნობადობა სჭირდება, უხეშად რომ ვთქვათ. ოჯახის პოპულარობას პრობლემა არასდროს შეუქმნია. როცა სწორად ცხოვრობ და არაფერი გაქვს დასამალი, დაე, ყველამ ყველაფერი იცოდეს (იღიმის).

ფოტო: დათუნა აგასი

magti 5g