LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ორი კვირით დანიშნულ ადამიანებს რა კითხვა უნდა დავუსვათ?” – ოპოზიცია მინისტრობის ახალ კანდიდატებთან შეკითხვებს არ დასვამს

80

ოპოზიცია მინისტრობის ახალ კანდიდატებს, რომლებსაც პარლამენტში უსმენენ, შეკითხვებს არ დაუსვამს. პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის რომან გოცირიძის შეფასებით, დღევანდელი ვითარება არის დაცინვა.

„ძალიან არასერიოზულია, რომ დღეს მათ დავუსვათ შეკითხვები, ისინი არიან ფაქტობრივად ცრუმონაცვლეები, რუსულად подставной-ს ამბობენ. ორი კვირით დანიშნულ ადამიანებს რა კითხვა უნდა დავუსვათ, ეს ხომ დაცინვაა,” – აღნიშნა გოცირიძემ.

გაერთიანებულ კომიტეტებზე მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის კითხვების დასმას არ აპირებს, არც “ევროპული საქართველო”. მათი თქმით, კითხვები აქვთ, თუმცა მათი დაფიქსირების აზრს ვერ ხედავენ.

“ეს კითხვები უკავშირდება იმას, თუ როგორ უნდა იფუნქციონიროს მცირე მთავრობამ, რას ნიშნავს და რა დანახარჯები იქნება. როგორ შემცირდება ბიუროკრატიული ხარჯები და კონკრეტულად რა თანხები დაემატება ჯანდაცვასა და სოციალური პრობლემების მოგვარებას.

განათლებასთან დაკავშირებით ასევე კითხვებია მაგალითად, ქუთაისის უნივერსიტეტთან დაკავშირებით. ეს არის ძალიან დიდი პროექტი, რომელიც პრაქტიკულად ანაცვლებდა ქუთაისის საპარლამენტო სტატუსს. ჩემი ინფორმაცია განსხვავდება მინისტრის ინფორმაციისგან რომ ერთ წელიწადში შესაძლებელი იქნება ამ უნივერსიტეტის ამოქმედება. ძალიან მინდა ასე მოხდეს და შევთავაზე მომავალ მინისტრს რომ მასთან ერთად დავათვალიერო”- აღნიშნა გიგი წერეთელმა.

მისივე თქმით, უმცირესობის სხდომაზე მთავარი კითხვა იქნება, აქვს თუ არა ამ გუნდს კომპეტენცია გააკეთოს ის, რაც პროგრამაში აქვთ.

სერგო რატიანის კი, მინისტრთა ამ შემადგენლობისთვის სამომავლო გეგმებზე კითხვების დასმის აზრს ვერ ხედავს.

„კონკრეტულ მინოსტრებს შეიძლება ბევრი კითხვა დაუსვა და აკრიტიკო წარსულის შესახებ მაგრამ ეს არიან მინისტრები რომელსაც ვერაფერს კითხავ მომავლის შესახებ“, – განაცხადა სერგო რატიანმა.

„ევროპული საქართველოს“ წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა პარლამენტში, რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მამუკა ბახტაძეც პასუხისმგებელია იმ წარუმატებელ ეკონომიკურ პოლიტიკაზე, რომელმაც ქვეყანაში გაჭირვება და სიღარიბე მოიტანა.

მთავრობის წევრობის კანდიდატებს  პარლამენტის გაერთიანებულ კომიტეტებზე, ფრაქციებში, უმცირესობასა და უმრავლესობაში უსმენენ. ხვალ კი, ქუთაისში გაიმართება პარლამენტის რიგგარეშე სხდომა, სადაც პარლამენტი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე იმსჯელებს.

„ნატოს სამიტის წინ ის ვითარება, რომელიც შეიქმნა, როცა ჩვენ ფაქტობრივად აღარ გვყავს საგარეო საქმეთა მინისტრი და კომიკურ მდგომარეობაში ვიყენებთ თავს, როცა რამდენიმე კვირით ვამტკიცებთ მინისტრს, ეს ავნებს თუ არა ჩვენი ქვეყნის ინტერესებს ამ მნიშვნელოვანო ფორუმის მომზადების თვალსაზირისით? ასევე, მაინტერესებს მაშინ, როცა ჩვენ ყოველდღიურად ვდგავართ გამოწვევების წინაშე, ყოველ კვირას ხდება თავდასხმა ჩვენს მოქალაქეებზე, გატაცება ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე რეგიონებიდან, ასეთი რყევა საგარეო პოლიტიკურ გუნდში როგორ აისახება ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლეზე და უსაფრთხოებაზე?“ – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

საქართველოს პარლამენტს ნდობის მისაღებად მთავრობის შემადგენლობა ოფიციალურად გუშინ წარედგინა. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა, მთავრობის შემადგენლობა სტრუქტურული ცვლილებების შემდეგ შეიცვლება. მისივე თქმით, სტრუქტურული რეფორმების ფარგლებში სამინისტროების რაოდენობა 14-დან 11-მდე შემცირდება.

პოპულალურები