LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოთო ფოლადაშვილი: „ყველამ კარგად იცის, რომ მანდილოსნები ზომაზე მეტად მიყვარს…“

327

ოთო ფოლადაშვილი და ჯულიანა ბარ-გნარი მალე ევროპის ჩემპიონატზე მიემგზავრებიან, როგორც საუკეთესო ქართველი წყვილი სამეჯლისო ცეკვებში. ოთოს გამგზავრების წინ შევხვდით და საქმესა და პირადზე ვესაუბრეთ.

სათვალე რატომ გიკეთია?

ოთო ფოლადაშვილი:

თვალთ მაკლია, მინუსი მაქვს.

დიდი ხანია, გიკეთია?

რამდენიმე წელიწადია, მინუს 2 მაქვს ამჟამად. მანქანაზე რადგან ვზივარ, თითქმის სულ სულ მიკეთია. შორს ვერ ვხედავ და ხალხი მიეჩვია ჩემგან იგნორს (იცინის).

ვიცი, რომ მიემგზავრები კონკურსზე.

18 თებერვალს მივფრინავთ დანიაში, კოპენჰაგენში, სადაც ტარდება ევროპის ჩემპიონატი ათ ცეკვაში, 5 ლათინურსა და 5 – ევროპულში. მე და ჯულიანა, როგორც საქართველოს პირველი წყვილი ამ ათ ცეკვაში, მივემგზავრებით ამ კონკურსზე.

ძალიან ხშირად საუბრობენ იმ ინტრიგებზე, რომლებიც საქართველოში ჩატარებულ კონკურსებს უკავშირდება. ვიღაც ვიღაცას გამარჯვებას არ ულოცავს და ა.შ.

მე დიდად არ მაინტერესებს ეს ინტრიგები და არც ვერევი.

ვიცი, რომ შენ და ჯულიანამ ახლახან გუნდურ ჩემპიონატში გაიმარჯვეთ.

დეკემბერში გაიმართა საქართველო თასი, გუნდურ შეჯიბრებაში. გუნდში იყვნენ როგორც გოგონები, სოლოებით, ასევე წყვილებით დასრულებული, პატარების და დიდების კატეგორიაში. ამ უკანასკნელ კატეგორიაში მე და ჯულიანამ გაიმარჯვა.

ოთო, ბოლო პერიოდია ახალი ამპლუა გაქვს, ტელეწამყვანის. პირველ გადაცემას რომ უყურებ და ბოლოს, ამჩნევ განსხვავებას?

აღარ ვუყურებ პირველ გადაცემას (იცინის). წითელი იქსი აქვს დასმული. ახალ გადაცემებს კი ვაკვირდები. მინდა, რომ კარგად მოვირგო ეს ამპლუა. საბოლოო ჯამში, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ უფრო უკეთ გამომივიდეს, ვიდრე მაყურებელი ელის ჩემგან.

თაყვანისმცემლები შენს წამყვანობას როგორ აფასებენ?

არის ხალხის კატეგორია, რომელიც „მარაოდან“ მიცნობს და გამორჩეულად ვუყვარვარ. რამდენჯერმე მე და ნიკა ხაჩიძეს წაგვიყვანია ღონისძიება. მოსულან და ხშირად უთქვამთ, რომ უყურებენ ჩემს გადაცემას და ელოდებიან ყოველ ხუთშაბათს, რისი მოსმენაც ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა.

პირადზე გადავინაცვლოთ. რატომ დადის ოთო ფოლადაშვილი მარტო?

არ დადის (იღიმის). სერიოზული არაფერი ხდება და ალბათ, ამიტომ ამბობენ, საჯაროდ არაფერი მაქვს გამოტანილი. თუკი რაიმე მოხდება, გაგაგებინებთ, თუმცა მარტო არასდროს ვარ და არსებობს ადამიანი, ვინც სულ ჩემ გვერდით არის, უბრალოდ, არასერიოზულ ეტაპზე ვართ.

როგორი გოგონები მოგწონს, ქერა, შავი?..

მთავარია, გამორჩეული იყოს. მნიშვნელობა არ აქვს, ქერა იქნება, წუთირi თუ შავგვრემანი. ბავშვობაში რომ გეკითხა, აუცილებლად გიპასუხებდი, რომ მომწონდა ქერა, სლავური გარეგნობის ქალები. ამჟამად უკვე ვხვდები, რომ თმის ფერს მნიშვნელობა არ აქვს. მომწონებია ყველანაირი ქალი. მთავარია, იყოს ინტელექტით გამორჩეული. ეს მნიშვნელოვანია. არაამქვეყნიური მზერა არასდროს მომწონებია და არც ახლა მომეწონა, რაღაცნაირად რომ იყურებიან ხოლმე. არ ვთვლი, რომ უნარების ტესტებს უნდა ხსნიდეს და განტოლებებს, მაგრამ სალაპარაკო თემა უნდა მქონდეს, საერთო ენის გამონახვა არ უნდა გამჭირდეს, თუკი ნოლია, მასთან სალაპარაკოს ვერ გამოვნახავ. ეს ყველაფერი ვიზუალთან ერთად უნდა იყოს, მარტო ინტელექტი არ შველის…

შენ რით მოსწონხარ გოგონებს, შენი აზრით?

(იღიმის) არ ვიცი. ალბათ, მოსწონთ იუმორი, განწყობა, ზოგს – პროფესიონალიზმით, პოზიტივით, ვიზუალით, ვის როგორ, ვის – როგორ.

სამეჯლისო ცეკვებს ვინც ასრულებს, ჩაცმულობისა და მოძრაობების გამო, ხშირად უსვამენ სტერეოტიპულ კითხვას სექსუალური ორიენტაციის შესახებ.

ჩემთვის ეს კითხვა არასდროს დაუსვამთ, ვინც მიცნობს და არ მიცნობს, ყველაზე კარგად იციან, რომ ზომაზე მეტად მიყვარს მანდილოსნები. მოტკეცილი შარვლები არასდროს მცმია, მაგრამ ზოგადად ჩაცმულობა პროფესიიდან გამომდინარეობს. ეს პროფესიონალიზმია, რასაც შენი საქმე მოითხოვს, ის უნდა მოირგო და გააკეთო. ყველა პროფესიას თავისი მოდა აქვს, ამას ჩვენ არ ვწერთ და არ ვიგონებთ. ჩემი საქმით ვამაყობ, ეს სპორტია.

ნინო მურღულია

oto foladashviili

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები