ინფლუენსერი ნათია თოფჩიძე, რომელმაც კონტენტი აჭარის პოპულარიზაციით შექმნა და დიდი პოპულარობაც მოიპოვა სოციალურ ქსელებში, მილანის მოდის კვირეულს სტუმრობდა, სადაც ქართველი დიზაინერის, ნინი ჯულაყიძის ჩვენებაზე, მილანის მოდის დღეებზე გამოვიდა.

ნათია პირველად ნინის ჩვენებაზე პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში გამოვიდა და ერთ-ერთი კოსტიუმი მოირგო. ამჯერადაც, იმავე დიზაინერთან თანამშრომლობა გადაწყვიტა და მისი ჩვენების ერთ-ერთი მოდელი კვლავ გახდა.

ნათია ნინისთან კოლაბორაციის და მილანის მოდის კვირეულის ფარგლებში გამართული ჩვენების შესახებ fortuna.ge-ს უყვება:
„ქართველი დიზაინერი, ნინი ჯულაყიძე ქმნის მხოლოდ ხელით ნაქსოვ ულამაზეს ტანისამოსს. მისი ულამაზეს ლუქებს უკვე წლებია წარვადგენ. დავიწყეთ ჯორჯიან ფეშენ ვიკით, შემდგომ ვიყავით პარიზის მოდის კვირეულზე და ახლაც, უჩემოდ არ გაემგზავრა მილანის მოდის კვირეულზე…

ნინიც და მეც მივიჩნევთ, რომ სამოდელო პარამეტრები 90-60-90-ზე არაფერ შუაშია, მთავარია, ვის აცვია ეს სამოსი, რამდენად თავდაჯერებული ხარ და როგორ წარადგენ იმას, რაც გაცვია… მე ჩემს საქმეში ვარ საუკეთესო, როგორც პიარმენეჯერი, ნინი – თავის საქმეში, ამიტომ საუკეთესო კოლაბორაცია გამოგვდის ერთად…

ამჯერად მილანის მოდის კვირეულის ფარგლებში, Milan Fashion Days ტარდებოდა ულამაზეს სასახლეში – Villa Borromeo.
ასეთ სანახაობას ვერ მოვაკლებდი ჩემს შვილს, ის 21 წლისაა და ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივარი, ენერგიის წყარო, ძალა და სიამაყეა… მხოლოდ მილანით არ შემოვიფარგლეთ, რამდენიმე დღე დავრჩით კომოზე, ვენეციაში და ასევე რომში…

წინ კიდევ უამრავი სიახლეა, რომელსაც საიდუმლოდ დავტოვებ… და საერთოდ, მინდა, ყველა ქალბატონს ვუთხრა, რომ 40 წელი მხოლოდ დასაწყისია (იღიმის).
