LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარლამენტს აქვს ამბიცია, რომ გახდეს მაქსიმალურად ღია და გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული ორგანო – ირაკლი კობახიძე

84

“ჩვენ ვართ ლიდერი რეგიონში განვითარების თვალსაზრისით და ეს იმის დამსახურებაა, რომ მაქსიმალურად ვართ დაფუძნებული დემოკრატიის და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებზე,” – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ღია მმართველობის პარტნიორობის გლობალური სამიტის პლენარული სესიის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

“პარლამენტს აქვს ამბიცია, რომ გახდეს მაქსიმალურად ღია და გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული ორგანო, ეს პირდაპირ არის დაკავშირებული ჩვენს ზოგად ამბიციასთან, რომ გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული სისტემა და შევქმნათ ისეთი სისტემა, რომელიც ეფუძვნება სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებს. ამ სულისკვეთებით ჩვენ შევძელით ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევა გასული წლების განმავლობაში. თვისობრივად გავაძლიერეთ დემოკრატიული სისტემა და დავამკვიდრეთ სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპები ჩვენს ქვეყანაში. ჩვენს ქვეყანაში წინსვლა არის ფუნდამენტური და მისი მიღწევა შეუძლებელი იყო შესაბამისი პოლიტიკური ნების გარეშე. ამ ყველაფერში გადამწყვეტი არის პოლიტიკური ნება. ჩვენ კი ეს ნება გვქონდა, რომ განგვეხორციელებინა ასეთი მნიშვნელოვანი ცვლილებები ჩვენი დემოკრატიის გასაძლიერებლად და სამართლებრივი სახელმწიფოს დასამკვიდრებლად. ამას ეფუძნებოდა პარლამენტის სურვილი, რომ მაქსიმალურად გაგვეხსნა პროცესები საზოგადოებისთვის,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოს პარლამენტს დასამალი არაფერი აქვს და ნებისმიერი საჯარო ინფორმაცია საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომია.

“ჩვენ შევძელით მნიშვნელოვანი განვითარების მიღწევა. ეკონომიკური განვითარების კუთხით ჩვენ გვაქვს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი რეგიონში და ეს ყველაფერი მოვახერხეთ იმასთან ერთად, რომ უზრუნველყოფილია დემოკრატიის მაღალი სტანდარტი, ადამიანის უფლებების დაცვის მაღალი სტადარტი. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვჯერა და გვწამს, რომ არათუ კონფლიქტში არ არის ერთმანეთთან დემოკრატია, ღიაობა, საჯაროობა და განვითარება, არამედ პირიქით, ღიაობა, დემოკრატია და გამჭვირვალობა არის საუკეთესო წინაპირობა იმისთვის, რომ განვითარდეს ჩვენი ქვეყანა. ამ სულისკვეთებით მოქმედებს საქართველოს პარლამენტი, რომელსაც ძალიან ამბიციური გუნდი ჰყავს,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, სწორედ ამ გუნდის ძალისხმევით, პარლამენტში მნიშვნელოვანი ცვლილებები გატარდა.